„მთავარი არხი" მაუწყებლობას პირველ ეტაპზე ტელეკომპანია „იბერიას" შენობიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია ნიკა გვარამიამ ოფიციალურად დაადასტურა. ამ ფაქტს „იბერიას" ყოფილი თანამშრომლების მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, რომლებიც არხის დახურვის შემდეგ, უკვე ერთი წელია, „იბერიას" ხელმძღვანელობისგან კომპენსაციების მიღებას ელოდებიან.
„იბერიას" ყოფილი ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია, რომელსაც არხზე გადაცემა „პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად" მიჰყავდა, „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ტელეკომპანია ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის შიდა ურთიერთობის დეფიციტს განიცდიდა, რაც დღეს არსებული მდგომარეობის მიზეზს ხსნის:
„იბერიის" ინფრასტრუქტურა სამართლებრივად დღესაც არსებობს. მფლობელების გადასაწყვეტია, იქ ახალ არხს მისცემენ სივრცეს თუ რაიმე ერთობლივი პროექტს წამოიწყებენ. ზოგადად კარგია, რომ ახალი მედისაშუალება ჩნდება, მითუმეტეს, რომ „რუსთავი 2"-დან წამოსული ადამიანების ნაწილი არ დაიბნა და ცდილობს ახალი არხი შექმნას. ეს დადებითი პროცესია და ამასთან დაკავშირებით გულშემატკივრული პოზიცია მაქვს.
„იბერიაში" თანამშრომლებთან მიმართებაში შიდა კომუნიკაციის თემა ნამდვილად პრობლემური იყო. დაქირებულიც და დამქირავებელიც ასეთი ბევრი არ მინახავს, ამას პოზიტიური კუთხით ვამბობ. თუმცა ეს პროცესი ვერ აეწყო. მენეჯმენტი შეიძლება თავისებური სისუსტე იყოს. არ მიმაჩნია, რომ ჩემი ყოფილი თანამშრომლები ნეგატიურად გამოხატავდნენ თავიანთ ინტერესებს. ისინი საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობდნენ. ეს ის მტკივნეული პროცესია, რომელმაც თავი თანამშრომლებსაც გაახსენა. უცებ რომ აღმოაჩენ აღარ გაქვს სამსახური და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყო, ეს ადვილი გადასატანი არ არის. „იბერიაში" მე პირადად მქონდა საკმაოდ ნათელი სივრცე და ზოგადად, ჩემ ცხოვრებაში ნათელი პერიოდი იყო.
"საბოლოოდ გარკვეული ხიდჩატეხილობა გამოვიდა ადმინისტრაციასა და თანამშრომლების გარკვეულ ნაწილს შორის. თანამშრომლები ძალიან დიდი მონდომებითა და კვალიფიკაციით მუშაობდნენ, მაგრამ ასე ხდება, როდესაც კომუნიკაცია დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ვერ შედგება. ყველა კუთხით კარგად აწყობილი ორგანიზაცია იქნებოდა, ეს შიდა ურთიერთობების დეპიციტი რომ არ ყოფილიყო," - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.
ცნობისათვის, „მთავარი არხის" ტელეკომპანია „იბერიას" შენობაში განთავსების ფაქტს საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი თამარ ურუშაძე „ფეისბუქში" გამოეხმაურა. მან საკმაოდ კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ზაზა ოქუაშვილისგან და ნატო ჩხეიძისგან მოითხოვს გარკვეულ პასუხებს:
„ძალიან გაკვირვებული ვარ. არ მეგონა რომ ასეთი რეალობის წინ აღმოვჩნდებოდით. 1 წლის წინ ქუჩაში გამოყრილი ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური პერსონალი, ათობით შემოქმედებითი ჯგუფის წევრი, რომელსაც კარი მიუჯახუნეს ისე, რომ გისოსების მიღმა გვესაუბრებოდა დირექტორი და შენობაშიც აღარ უშვებდნენ წლების განმავლობაში მომუშავე თანამშრომლებს. ძალიან ცუდად მოექცნენ საკუთარ თანამშრომლებს, ძალიან ცუდად მოექცნენ თავისუფალ სიტყვას. ფეხქვეშ გათელეს ფაქტობრივად ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული ჩვენს პროფესიასთან.
„ჩემს კოლეგებს, რა თქმა უნდა, წარმატებებს ვუსურვებ და სხვანაირად არც შეიძლება იყოს, თუმცა ის, რაც დღეს მოხდა, ძალიან მაკვირვებს. ძალიან მაკვირვებს ისიც, რომ ეს ცერემონია, რომელიც ყველანაირი გაფრთხილების და ახსნა-განმარტების გარეშე ვნახეთ. მე ვითხოვ ზაზა ოქუაშვილისგან და ნატო ჩხეიძისგან პასუხს, რატომ მოხდა ეს, რა ხდება და მათი პოზიცია ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ძალიან შეურაცხყოფილები ვართ," - წერს ჟურნალისტი.
ურუშაძის ამ განცხადებას დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ ასე უპასუხა:
„რადგან ჟურნალისტი თამარ ურუშაძე მე მომმართავს და პასუხს ჩემგან ელის, ცხადია, კიდეც გავცემ პასუხს. ისე კი, ძალიან დასანანია, რომ ლამაზ სხეულში ყოველთვის ვერ ყოფილა ლამაზი სული...
„მივყვეთ მოვლენებს: ნიუსების ჟურნალისტებმა მიკროფონები დასდეს და ოპერატორებმა კამერები დააწყვეს 16 ოქტომბერს, გუშინ, 15 ოქტომბერს ბოლო 2 კვირის ხელფასის ჩარიცხვა 1 დღით რატომ დაგვიანდაო... და სანამ არ ჩაგვერიცხება, ვერც მოვალთო, არც ტრანსპორტის თანხა არ გვაქვსო, არც პატარის პამპერსის საყიდელი თანხა აღარ გვაქვს ოჯახში დასატოვებლად და არც მოხუცისთვის წამლის თანხაო და არც პურის საყიდელი თანხაო. 2 კვირიდან 2 კვირამდე ვცხოვრობთ და ვერც ერთ დღეს დაგვიანებას ვერ მოვითმენთო და... სუს-ის მიერ მიწოდებული მესიჯებით დაიწყეს აქციები პროფკავშირის დახმარებით და მათთან ერთად.
„ამას ჰქვია, ჟურნალისტ ურუშაძის შეფასებით, „იბერიას" მხრიდან კარის გამოჯახუნება. შეხვედრისას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პათეტიკურად მკითხა, ჩვენ რომ აქ ჯარისკაცებივით ვართ, ამას ვერ ხედავთო? ვხედავ, როგორ ვერ ვხედავ-მეთქი, ვუპასუხე, მაგრამ ჯარისკაცი რომ იარაღს დასდებს, იმას დეზერტირი ჰქვია, ასე გამიგია-მეთქი, დავამატე.
„პ.ს. როგორც ჩანს, მორალს, ისევე, როგორც ბევრ სხვა რამეს, სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ ახვადასხვა მორალის ადამიანები. პ.პ.ს. „იბერიას" ყველა თანამშრომელმა, უკლებლივ ყველამ, მათაც, სიუჟეტების მომზადების ნაცვლად, „იბერიას" წინააღმდეგ აქციებს რომ აწყობდნენ, მიიღეს მთელი ოქტომბრის ანაზღაურება," - წერს ნატო ჩხეიძე.