ელზა პაპოშვილი
29.08.2019

 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის აღმოჩნდა ადამიანი, რომელმაც 2014 წელს ბათუმის კლუბში 22 წლის პოლიციელი მოკლა. საზოგადოების და მოკლული პოლიციელის ახლობლების აღშფოთება რამაზ დევაძის გათავისუფლებამ გამოიწვია.

რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ინფორმაცია რამაზ დევაძის ციხიდან გათავისუფლების შესახებ მისმა ადვოკატმა გაავრცელა.

უცნობია, რა კრიტერიუმებით მოხდა რამაზ დევაძის გათავისუფლება და ვინ ურჩია პრეზიდენტს მისი შეწყალება. ოპოზიცია და თავად მმართველი გუნდის დეპუტატებიც აცხადებენ, რომ მათთვის ეს გაუგებარია. მითუმეტეს, როდესაც შეწყალებულთა კანდიდატებს შორის ისეთი ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც შედარებით მსუბუქ დანაშაულზე იხდიდნენ სასჯელს. ოპოზიციაში და მათ შორის არასამთავრობო წრეებშიც „რეზონანსთან" ეჭვს გამოთქვამენ, რომ რამაზ დევაძე შეწყალებულთა შორის გავლენიანი ადამიანების მეშვეობით აღმოჩნდა. მისი სახელი ე.წ. კანინიერ ქურდთან ლავასოღლისთან ასოცირდება, რომელიც თურქეთში იხდის სასჯელს.

საუბარი კი 2014 წლის 27 დეკემბერს ბათუმში, ღამის კლუბ „ლეგასში" 22 წლის პოლიციელის მკვლელობაზეა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამაზ დევაძე დაკავებული იქნა საქართველო-თურქეთის საზღვრის გადალახვისას ე.წ. ნეტრალურ ზონაში, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

ჯერ კიდევ მაშინ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე აცხადებდა, რომ 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელი თვეების განმავლობაში სარგებლობდა მაღალჩინოსნების მფარველობით, და წარმოადგენდა კანონიერი ქურდის მინდია გორაძის (ლავას-ოღლის) დანაშაულებრივ სინდიკატს.

თავად მინდია გორაძე (ლავას-ოღლი) საქართველოში 2006 წელს გასამართლებული იყო ბანდიტიზმის მუხლით, 2012 წელს დატოვა საქართველო და 2013 წელს ოდესაში მოხდა მისი „ქურდად" კურთხევა.

დევაძის მიერ მოკლულ პოლიციელს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მაშინ „რეზონანსთან" საუბრისას პოლიციელის ნათესავები აცხადებდნენ, რომ თარაშ მუკბანიანი არ იყო კონფლიქტული ადამიანი. მას დედა ახალი გარდაცვლილი ჰავდა და ამბავს მძიმედ განიცდიდა. პოლიციელი ერთ-ერთ ეკლესიაში სტიქაროსნადაც მოღვაწეობდა და მას საკმაოდ გაწონასწორებულ პიროვნებად ასახელებდნენ. სროლის შედეგად მაშინ 4 ადამიანი დაიჭრა. მათ შორის 2 თურქეთის მოქალაქე იყო.

პროკურატურა მაშინ აცხადებდა, რომ კლუბში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, როცა ამ საქმისთვის კიდევ ერთი მსჯავრდებული ბესიკ მამულაძე კლუბში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქე ფირუზა ა.-ს და უზბეკეთის მოქალაქე ილაჰიმ მ.-ს აიძულებდა სექსუალურ მომსახურებას. ამ დროს მათთან მივიდა პოლიციელი თარაშ მუკბანიანი და სთხოვა თავი დაენებებინა ქალებისთვის. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბესიკ მამულაძე ამან გააღიზიანა და დაიწყო გინება. ამ დროს საქმეში ჩაერია მასთან ერთად მყოფი მოჭიდავე რამაზ დევაძე და ორივე 5-6 წუთის განმავლობაში სცემდა აწ უკვე გარდაცვლილს. შემდეგ კი რამაზ დევაძემ მას წაართვა პოლიციელზე რიცხული ტაბელური იარაღი და ერთჯერადად გაისროლა. თარაშ მუკბანიანს ტყვია მოხვდა თავის არეში და ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურისგან განსხვავებით მკვლელობის სხვა ვერსიაზე რამაზ დევაძის დაცვის მხარე საუბრობდა. დევაძის ვერსია კი ასეთი იყო, რომ ძალიან ნასვამმა პოლიცილმა, რომელიც გოგოსთან ერთად ცეკვავდა, მათ გვერდზე გავლისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ჩხუბი ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. სწორედ ამ დროს თარაშ მუკბანიანი იარაღს იღებს და მათი მისამართით სროლას აპირებს. რამაზ დევაძემ კი ის ზურგიდან შებოჭა და საფეხურებით პირველ სართუზე ჩაყვანას ცდილობდა, ამ დროს კი პოლიციელს იარაღიანი ხელი ისევ თავისუფალი ჰქონდა და ტყვია გაუვარდა. ამის გამყარებას კი დევაძის ადვოკატი კლუბიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერებით ცდილბდა.

რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულს - ბესიკ მამულაძეს. იგი სასამართლომ მხოლოდ ხულიგნობისთვის გაასამართლა და ასევე 2015 წელს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„ბათუმელების" მიერ 2015 წელს სასამართლოდან გამოთხოვილი სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, რამაზ დევაძემ და კიდევ ორმა პიროვნებამ ღამის კლუბის ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე - 2014 წლის 26 ივნისს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კიდევ ერთ პოლიციელს და სხვა პირებს. ამ შემთხვევაში სხვებთან ერთად პოლიციის ინსპექტორი - ილია კუკალაძე დაზარალდა.

დევაძის ადვოკატის, პაატა შავაძის განცხადებით კი მისთვის სრულიად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებამ გამოიწვია. ამბობს, რომ პრეზიდენტმა კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს სამივე ინსტანციამ რამაზ დევაძე დამნაშავედ ცნო, ჩვენ არ ვეთანხმებოდით ამ გადაწყვეტილებას მაშინ და არც ახლა ვეთანხმებით. ძალიან გამკვირვებია აჟიოტაჟი, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა დევაძე, ის ხომ დამნაშავე იყოო - დიახ, პრეზიდენტი იწყალებს მსჯავრდებულებს, რომლებიც დამნაშავეები არიან. ეს არის ამ აქტის არსი. სინამდვილეში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იყო დამნაშავე განზრახ მკვლელობაში, მაგრამ რადგან გარდაცვლილი იყო პოლიციელი და სენსიტიური თემაა, ამიტომ მიუსაჯეს განზრახ მკვლელობისთვის. საქმე ეხებოდა გაუფრთხილებლობით მკვლელობას, ჩვენ ამას ვასაბუთებდით, მაგრამ არცერთმა ინსტანციამ არ გაითვალისწინა ჩვენი მოსაზრებები. დევაძეს არ სურდა მისი მოკვლა, ის მოკვდა გაუფრთხილებლობით", - განაცხადა ადვოკატმა.

ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით მისთვის გაუგებარია.

"შეწყალება იცით, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაა. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ხულორდავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×