(რეზონანსი) „დღეს ვართ რეალობაში, როდესაც საქართველო ხუთმა-ექვსმა ჯგუფმა გადაინაწილა, ჩვენ კი ვუყურებთ ამ ჯგუფებს შორის გამართულ დავას იმის შესახებ, თუ ვის სად აქვს წილები, ვინ ვისი წილი სად წაიღო და ვინ ვის „კრიშავს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.
მისი თქმით, ხუთნახევარ მილიონ ადამიანს რაც ყოფნიდა და აცხოვრებდა ნორმალურად, დღეს სწორედ ამ ჯგუფების ხელშია და ამაზე არავინ პასუხისმგებლობას არ იღებს.
„არც კანონი მუშაობს ყველასთვის ერთნაირად. სანამ მამუკა ხაზარაძეს „კარგი ზურგი" ჰქონდა, წინა პრემიერის და მინისტრების სახით, მანამდე მისთვიაც შეიძლებოდა კანონების დარღვევა და არავინ პასუხს არ სთხოვდა. ახლა რა უნდა ვქნათ, დაველოდოთ საქართველოს ბანკს როდის აღარ ეყოლება ასეთი კარგი მფარველი? ისე, ლიბერთი ბანკთან მიმართებაშიც, რომელიც ჩვენს პენსიონერებს ატყავებს, ძალიან ბევრი კითხვაა.
მოკლედ, ბანკებს, ბანკირებს, ყველაფრის უფლება აქვთ - მოსახლეობის გატყავების, გაუბედურების , გაღატაკების... მთავარია პოლიტიკას არ შეეხონ. თუმცა ისიც ძალიან სასაცილოა, მამუკა ხაზარაძეში პატრიოტიზმმა მხოლოდ ახლა რომ გაიღვიძა.
ის მთელი მისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწეოდა და ჩვეულებრივი მევახშეობით იყო დაკავებული. და ის, რომ ბინებს ჩუქნის ვიღაცეებს, ვფიქრობ ეს ახლი ცინიზმია, რადგან ჩემთან ყოველდღიურად მოდის უამრავი ადამიანი, ვინც სწორედ მისი საქმიანობითაა დაზარალებული. თუნდაც იმ მიკროსაფინანსოებით და იმ მევახშური საქმიანობით, რასაც ზოგადად ბანკები ეწევიან ამდენი ხნის განმავლობაში", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.