ია აბულაშვილი
30.08.2019

 "რუსთავი 2" ვეღარ იქნება ისეთი კრიტიკული ტელევიზია, როგორიც იყო. "იმედი" აშკარად შეიცვლის პროფილს, რადგან მმართველ დაჯგუფებას ეს ტელევიზია აღარ დასჭირდება, რომ გაანეიტრალოს "რუსთავი 2"-ის კრიტიკული გადაცემები. ანუ "იმედი" ხელისუფლებისგან შეკვეთებს აღარ მიიღებს.

"ვინც არ უნდა შეირჩეს ახალ მთავრობაში, პროფესიონალები, ნიჭიერები და გამოცდილები, ვერფერს ვერ გახდებიან, რადგან მართვის პატრონყმური სისტემა ისევ რჩება, რაც უაღრესად არაეფექტურია სახელმწიფო მართვის თვალსაზრისით" - აცხადებს ექსპერტი პეტრე მამრაძე, ვისაც "რეზონანსი" მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებეზე და მედიაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა.

პეტრე მამრაძე: ივანიშვილს არც პოლიტიკაში უყვარს ჩარევა და არც მართვაში, ეს საქმე ეზარება. მას უნდა, რომ მოძებნოს ისეთი ადამიანები, რომლებიც თავად გააკეთებენ ყველაფერს. გახსოვთ, როგორი აზრის იყო ღარიბაშვილზე, ამბობდა, რომ ყველაფერს ისე კარგად აკეთებს, მეც ვერ გავაკეთებდიო; კვირიკაშვილი გენიოსია, ბახტაძეზე ყველაფერი კარგად იქნებაო. მერე გადის დრო და უცებ რწმუნდება, რომ რაღაც არის ცუდად, გამოდის პასიური მდგომარეობიდან და "მიჯირყვნის" ხოლმე და "ბიჭების" შემადგენლობაც მეტნაკლებად იცვლება. ამიტომ, ამ სამთავრობო ცვლილებებს თან ველი და არც ველი, რადგან ვინც არ უნდა შეირჩეს ახალ მთავრობაში, პროფესიონალი, ნიჭიერი და გამოცდილი, მაინც ვერაფერს გახდება, რადგან ისევ რჩება პატრონყმური სისტემა, რაც უაღრესად არაფექტურია სახელმწიფო მართვის თვალსაზრისით.

"რეზონანსი": ოპოზიციაში აცხადებენ, ივანიშვილი საარჩევნოდ პოლიტიკურ და მედია სივრცეებს ასუფთავებს და კონკურენტებს იშორებსო...

პ.მ: მედიაში ტალღები დაიწყო, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ აღიარა საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება და "რუსთავი 2"-ს მფლობელი შეეცვალა. ამის შემდეგ "ტვ პირველის" დამფუძნებლის მამას იბარებენ პროკურატურაში; მართალია სხვა საქმეზე. კეზერაშვილიც აცხადებდა, რომ ქმნის ახალ ტელევიზიას. მოკლედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ტალღები და მმართველი დაჯგუფება ყველაფერს ეცდება, რომ გაანეიტრალოს ელექტრონული მედია და არ დაუშვას ისეთი გადაცემები, რომელიც ივანიშვილს გაღიზიანებს.

"რუსთავი 2" ვეღარ იქნება ისეთი კრიტიკული ტელევიზია, როგორიც იყო. "იმედი" აშკარად შეიცვლის პროფილს, რადგან მმართველ დაჯგუფებას ეს ტელევიზია აღარ დასჭირდება, რომ გაანეიტრალოს "რუსთავი 2"-ის კრიტიკული გადაცემები. ანუ "იმედი" ხელისუფლებისგან შეკვეთებს აღარ მიიღებს. რამდენი ხანი დარჩება "ტვ პირველი" ამ პოზიციაზე, არ ვიცი, რადგან როგორც მისი მფლობელი აცხადებს, გირაოს გადასახდელად ტელევიზიის ჩადება მოგვიწევსო. ვიდრე გიორაში დევს, მაუწყებლობას გააგრძელებენ. გაურკვეველია ასევე კეზერაშვილის ტელევიზიის პერსპექტივაც. რა შასნები აქვს, ან რა ფინანსებს ჩადებს, ვის შეარჩევს საქმის ორგანიზატორად. ჩვენ ისიც არ ვიცით, ეს ივანიშივლის ოპოზიციური ტელევიზია იქნება თუ იმიტაცია.

რაც შეეხება გვარამიას განცხადებებს ახალი ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით, აქაც ფინანსები იქნება მთავარი, ანუ რა ფულს ჩადებს გვარმია და მისი სპონსორები. შეძლებს თუ არა ტელვიზია გახსნისთანავე გადასახადების გადახდას, რომელსაც წლების მანძილზე არ იხდიდა. ეს პრივილეგია მას აღარ ექნება, რაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა. რაც შეეხება სარეკლამო ბაზარს, ანუ ვის ტელევიზიაში გარისკავენ ბიზნსემენები რეკლამის განთავსებას, "რუსთავი 2"-ს ყველაზე მეტი რეკლამა ჰქონდა, რადგან იცოდნენ, რომ ყველაზე ყურებადი იყო და უღირდათ რეკლამების განთავსება. თუ გვარმიას ტელევიზია ისევ ყურებადი იქნება, ექნებათ რეკლამები, რადგან ჯერ-ჯერობით ბიზნესმენებზე რეპრესიები რეკლამის განთავსების გამო ამ ხელისუფლების პირობებში არ ყოფილა. ასე რომ, რა პროცესები წავა ელექტრონულ მედიაში, პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ამ ცვლილებებით ხელისუფლება ვერაფერს მოიგებს, რადგან ადამიანების განწყობა დამოკიდებულია არა ტელვიზიებში გასულ ინფორმაციაზე, არამედ მის ყოფაზე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×