თამთა ჩაჩანიძე
30.08.2019

 „ქართული მხარე არ წყვეტს რევანშისტული განცხადებების გაკეთებას, რითაც კიდევ უფრო ძაბავს ისედაც რთულ სიტუაციას" - ამის შესახებ განცახდება „სამხრეთ ოსეთის" კა გე-ბემ გააკეთა, განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებში ჩნდება პუბლიკაციები, რომლებშიც მათივე თქმით, პროვოკაციული განცხადებები ჟღერდება.

„საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სეგმენტში შესაშური თანმიმდევრობით ჩნდება პუბლიკაციები, რომლებშიც ისმის მსგავსი განცხადებები. სრული პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მხარეს ეკისრება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისათვის სოფელ ჩორჩანასთან ვითარება სტაბილურია. ოკუპირებულ სოფელ წნელისთან დილიდან მხოლოდ რამდენიმე ე.წ. მესაზღვრე გამოჩნდა. ქართული პოლიციის საგუშაგოს მოწყობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა,საგუშაგოს მოწყობის სამუშაოები დილით დასრულდა.

აღნიშნულ ვითარებას უწყვეტად აკვირდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სოფელ ჩორჩანასთან იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მათი შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

ცხინვალის დე ფაქტო „საგარეო უწყებამ" საქართველოს ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა და 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მისცა დრო.

"სამხრეთ ოსეთი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ყველა შეიარაღებული ფორმირების დაუყოვნებლივ გაყვანას და უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციის განზრახ გამწვავების გამო ყველა შესაძლო შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას და მის დასავლელ კურატორებს დაეკისრებათ", - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს" განცხადებაში.

თვითგამოიცხადებული რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა სამინისტრო" შექმნილ სიტუაციაზე ქართული მხარის რეაგირებას პროვოკაციად აფასებს.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიმართ პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელსაც თან ახლავს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ყოფნის გაზრდა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს."-აცხადებს „საგარეო საქმეთა სამინისტრო"

დე ფაქტო „საგარეო უწყების" განცხადებას ქართული მხარე გამპოეხმაურა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ განაცხადა, რომ პრინციპულად არ შეასრულებენ რუსეთის უკანონო მოთხოვნებს, მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში არიან.

"რუსეთი აგრძელებს საოკუპაციო პოლიტიკას და ჩვენ პრინციპულად არ შევასრულებთ მათ უკანონო და უსამართლო მოთხოვნებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმის კურსშია მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, პარტნიორები. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის საქართველოს სახელმწიფო პოლიციის საგუშაგო, რომელიც იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს, მათ უსაფრთხოებას და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდეს ეს საკითხი. მოვუწოდებ ჩვენ ოპონენტებს, თავი შეიკავონ თავისი ვიწროპარტიული ინტერესების გატარებისგან, რადგან ესე ეხება ჩვენს სამშობლოს და აქ ყველანი ერთიანი უნდა ვიყოთ",- განაცხადა კილაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა, რომ სოფელი ჩორჩანა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა და ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არ განიხილება.

„ეს ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და ცალსახად ეს საკითხი (ბლოკპოსტის დაშლა) არც კი განიხილება."-განაცხადა დარსალიამ.

პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა მიმდინარე დაძაბულ ვითარებაზე გააკეთა განცხადება, მისი თქმით, ქართული მხარე ცდილობს პროვოკაციებს არ წამოეგოს.

„ქართული მხარე წინა უპასუხისმგებლო ხელისუფლებისგან განსხვავებით, ცდილობს იმას, რომ ტერიტორიული მთლიანობა შევინარჩუნოთ იმგვარად, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, რომელიც მოდის რუსეთის მხრიდან. ეს პროვოკაციები გააქტურდა, მას შემდეგ, რაც დაიწყო ფიქსირება მავთულხლართების და შემდგომ სხვა პროცესები. ჩვენ გვმართებს გონიერება, რომ არ წამოვეგოთ პროვოკაციებს. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები ჩორჩანა-წნელისის რაიონში 24 საათიან რეჟიმში რჩებიან, ამის შესახებ ნათქვამია მისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.მათი განცხადებით, უნებლიე ესკალაციის თავიდან ასაცილებლად აქტიურად გამოიყენება ცხელი ხაზი.

შეგახსენებთ, რომ 29 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა. მათი თქმით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

ასევე 29 აგვისტოს ერგნეთში, ქართული მხარისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაა გაიმართა, დღეს კი მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×