„საქართველო აგრძელებს ოცნებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიების დაბრუნებაზე, თუმცა არავინ გაიმეორებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასოწარკვეთილ ქმედებებს," - ამის შესახებ ცხინვალის ინფორმაციისა და პრესის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა მარია კოტევამ განაცხადა და დაამატა, რომ "ომი არ იქნება".
ამ განცხადებით კოტაევამ ცხინვალში გამეფებულ პანიკას უპასუხა. რუსულმა და ცხინვალის პროპაგანდამ იმხელა შიში დათესა, რომ უკვე მათ ავტორებსაც პრობლემებს უქმნის. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში აქა-იქ ქალებისა და ბავშვების ევაკუაციის აუცილებლობაზეც ალაპარაკდნენ.
"არავითარი ომი აღარ იქნება - საქართველო აღარ გადმოვა სამხრეთ ოსეთთან შეტევაზე. ჩვენი საზღვრები დაცულია რუსეთის ფედერაციასთან სერიოზული შეთანხმებების საფუძველზე, რომლის თანახმად, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია განიხილება, როგორც აგრესია რუსული სამხედროების მიმართ, რომლებიც აქ არიან განლაგებულები", - ამბობს კოტაევა.
მისი თქმით, ჩორჩანას მოვლენებით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საზოგადოების ყურადღება შიდა პრობლემებიდან "გარე საკითხებზე" გადაიტანოს.
"საქართველოში პოლიტიკურ ელიტებს შორის არის დაპირისპირება. როგორც კი მათ ექმნებათ შინაგანი პრობლემები, ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობის ყურადღება მიიპყროს გარე საკითხებზე," - დასძინა მან.
კოტაევა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც გადასწვდა და თქვა, რომ მისი ბაბუა, არც მეტი არც ნაკლები, ოსების გენოციდში მონაწილეობდა.
"მას შინაგანი სურვილი აქვს, დაიბრუნოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. მას შემდეგ, რაც მისი ბაბუა მენშევიკურ მთავრობაში იყო და პირადი წვლილი შეიტანა ოსთა გენოციდში. ამავდროულად იგი ცდილობს რუსეთთან კავშირების დამყარებას," - თქვა კოტაევამ.
შეგახსენებთ, რომ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, 29 აგვისტოს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება შეინიშნებოდა, სუსის განცხადებით, ეს ქმედება მიზანმიმართული პროვოკაციაა, ამის შემდეგ ქართულმა მხარემ უსაფრთხოების თვალსაზრისით გამყოფ ზოლთან ბლოკპოსტის შენება დაიწყო, ამან ოსური მხარის გაღიზიანება გამოიწვია,მათ საგუშაგოს დაშლის ბრძანებაც კი გასცეს და ქართულ მხარეს 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მისცეს დრო, თუმცა ქართული მხარე აღნიშნავს, რომ ბლოკპოსტის დაშლა არც კი განიხილება.