საქართველო რამდენიმე დღის წინ შუა ხნის ქალის მიერ 3 წლის ბავშვის დაჭრის ფაქტმა შეძრა. ქალმა მშობლებთან ერთად მყოფ ბიჭუნას სახის არეში ბასრი დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა. მან ასევე, მისი ტყუპისცალი დის დაჭრაც სცადა, რასაც ხელი ბავშვების მშობლებმა შეუშალეს. ქალმა შემთხვევის ადგილი მშვიდად დატოვა და ის პოლიციამ სახლში დააკავა. მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ ქალს ფისიქიკური პრობლემები აქვს.
თუმცა აქვე გაჩნდა კითხვები, ასეთი მძიმე დაავადების ადამიანი ქუჩაში თავისუფლად როგორ დადიოდა და რატომ არ ხდებოდა მისი სპეციალურ დაწესებულებაში მკურნალობა. ამ კითხვებს კი ქვეყანაში არსებულ მთავარ პრობლემასთან მივყვართ, რადგანაც საქართველოში მსგავსი დაწესებულებების არსებობა ჯანდაცვის სისტემის სრული კრახია.
ფსიქიურად დაავადებული ადამიანის მიერ ჩადენილი ეს პირველი სასტიკი მკვლელობა არ არის. ამ სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო კარგად დასანახად გავიხსენოთ გახმაურებული დანაშაულები, სადაც შეურაცხადმა ადამიანებმა მხოლოდ იმიტომ ჩაიდინეს, რომ ან ოჯახი ვერ მიხვდა დროულად მათ დაავადებას, ან კიდევ საავადმყოფოში მათი შესაბამისი მკურნალობა არ მოხდა. როცა რუსთავში ფსიქიურად დავადებულმა ბიძამ 13 წლის ძმიშვილი დანით სახლში სასტიკად მოკლა, გულგრილობისთვის კი ფსიქიატრი დააკავეს, რომელმაც ავადმყოფის დიაგნოზირება ვერ მოახდინა და ის უკან სახლში გაგზავნა.
არცთუ დიდი ხნის წინ საქართველო ასევე 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის სადისტურმა მკვლელობამ შეძრა. ამ დანაშაულში ბრალდებულებსაც ფისქიკური პრობლემები აქვთ. რამდენიმე წლის წინ, წალენჯიხაში ქარდავების ოჯახში შვილმა მშობლები დახოცა და ცხედრები დაანაწევრა, ასევე ცნობილია, რომ დამნაშავე ფსიქიკურად დაავადებულია.
რაც შეეხება პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის ბედს, მას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო ექსპერტიზას ჩაუტარებს და დაადგენს, აქვს თუ არა ქალს ფსიქიკური აშლილობა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ ალექსი გაბუნიას განცხადებით, მისი ვარაუდით, თამარ საძაგლიშვილის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდება,რადგან მას ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც ექსპერტიზაც დაადგენს.
"როგორც მოგახსენეთ, დანიშნულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე სასმართლებრივი დევნა თამარ საძაგლიშვილის მიმართ შეწყდება. მას საერთოდ არ ახსოვს მომხდარი ფაქტის შესახებ. ამბობს, რომ პეკინის ქუჩაზე მაღაზიების დასათვალიერებლად იმყოფებოდა, ხოლო მის ხელში დანა როგორ აღმოჩნდა და რა მოხდა შემდეგ, არაფერი ახსოვს. ",- განაცხადა ალექსი გაბუნიამ.
თამარ საძაგლიშვილის დედის, მანანა ჩხიკვაძის განცხადებით, მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობდა კიდეც. მისი განცხადებით ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება, რომ ის ავად არის. დედის ინფორმაციით, ქალი მუდმივად მძიმე მედიკამენტებს იღებდა, თუმცა მსგავსი რამ არასდროს ჩაუდენია.
"ჩემს შვილს აქვს ფსიქიკური პრობლემები. ახლა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და, რა თქმა უნდა, დადასტურდება და ამაზე მერე იმსჯელებენ. იღებდა მედიკამენტებს, მკურნალობდა და ფსიქიატრიულში იწვა. ჩემი პოზიცია არანაირი არ არის, ვიდრე სასამართლო არ გამოიტანს გადაწყვეტილებას. აქამდე მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა, მაგრამ მკურნალობდა", - განაცხადა ბრალდებულის დედამ.
საქართველოში ფსიქიკური პრობლემების მქონეთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. ამის მიზეზად კი სპეციალისტები „რეზონანსთან“ სოციალურ სტიგმას ასახელებენ. ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი ნინო ჩხაიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საქართველოში მსგავსი პაციენტების მდგომარეობას პირველ რიგში მისივე ოჯახი ამძიმებს, რადგანაც ისინი მალავენ, რომ მათი შვილები ან ოჯახის წევრები ამ დაავადებით იტანჯებიან. ქვეყანაში გავრცელებული მ შეხედულების გამო, ხშირად დაგვიანებული მკურნალობის გამო, ასეთი პაციენტების მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება.
ფსიქიატრი ამბობს, რომ ყველა პაციენტს სხვადასხვაგვარად უნდა მივუდგეთ, მაგრამ ფაქტი ერთია, ყველა ასეთ ადამიანს თანადგომა და ყურადღება სჭირდება.
მისი თქმით, სრულიად ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი დანაშაულს არ ჩაიდენს, ის რაღაც ხარვეზების გამო მიდის დანაშაულამდე. ექიმი აცხადებს, რომ ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობას, განცდებს, ნევროზს კავშირი არა აქვს ნევროლოგიასთან. ასეთ დროს უმჯობესია ფსიქოთერაპევტს ან ფსიქიატრს მიმართონ, რომელსაც აქვს შესაბამისი სამედიცინო განათლება და შეფასების უნარი, თუ რა დარღვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე.
„საქართველოში პროფესიონალიზმის პრობლემა ნებისმიერ დარგშია და გამონაკლისი ვერ იქნება ფსიქიატრიაც. ჩვენს ქვეყანაში პრობლემა მუდმივად ამ სფეროს მწირი დაფინანსება იყო და არის. ჰიგიენური პირობები, საშინელი დამნაშავეც კი არ იხდიდა სასჯელს ისეთ პირობებში, როგორშიც იყვნენ ფსიქიკურად დაავადებული პაციენტები. დღეს გაცილებით კარგი სიტუაციაა.
გაუმჯობესებულია როგორც პირობები, ისე პერსონალის დამოკიდებულება პაციენტის მიმართ. იყო შემთხვევები, როცა აგრესიულად ექცეოდა მედპერსონალი პაციენტს, ან თავად პაციენტები სცემდნენ ერთმანეთს. ახლა არაუშავს, მაგრამ პრობლემები კვლავ რჩება და ოჯახების უმეტესობა ამ დაწესებულებაში ასეთ ავადმყოფებს არ ათავსებენ. ცდილობენ, რომ სახლში თავად უმკურნალონ, რასაც ასეთ სავალალო მდგომარეობამდე მივყვართ.
არსებობს შინ მოვლის ჯგუფიც, დადიან ოჯახებში და დახმარებას უწევენ პაციენტებს. ფსიქიატრების თქმით, თუ ფსიქიკურად დაავადებული განსაკუთრებულ საშიშროებას არ ქმნის, სტაციონარში არ უნდა მოხვდეს, რადგან საზოგადოებისგან არ უნდა გავრიყოთ. ეს მათი დაავადების კიდევ უფრო გამწვავებას იწვევს“,-აცხადებს ფსიქიატრი „რეზონანსთან“.