თამარ შუკვანი
30.08.2019

 სოფელ ჩორჩანაში ქართული მხარისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების შეხვედრა დასრულდა, რომელსაც რუსეთის ოკუპაციური ძალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა და შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების დეესკალაცისკენ. რაც შეეხება საგუშაგოს, ბლოკპოსტის დაშლის საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა. ქემოკლიძის ინფორმაციით, დაგეგმილია კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება.

„შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ გარემოში, რაც ცალსახად მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯია. შეხვედრაში მონაწილე ყველა წარმომადგენელი შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაცისაკენ. ეს მოწოდება, ფაქტობრივად, ყველა წარმომადგენელმა გაიზიარა. შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად უკვე სოფელ ერგნეთში, სადაც იმართება-ხოლმე ერგნეთის ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრები.

„აღნიშნულ ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმ პოზიციას, რომელიც შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის ძალიან კარგი და სწორი მიმართულებით, წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც, ფაქტობრივად, დღეიდანვე შევუდგებით.

„საგუშაგოს ლოკაციაზე არის სწორედ ის აზრთა სხვადასხვაობა, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას და დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენებს გააჩნია. ჩვენ გავუზიარეთ განსხვავებული პოზიციები ერთმანეთს. მიუხედავად ამ განსხვავებებისა, შევთანხმდით, რომ ვითარების დეესკალაცია და სიტუაციის განმუხტვა ყველას ინტერესშია, როგორც რუსეთის ფედერაციის, ისე დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც ამ პროცესებს მედიაციას უწევენ.

„რაც შეეხება ულტიმატუმს, ცხინვალიდან ჩვენმა კოლეგებმაც დააფიქსირეს, რომ მათი განზრახვა არასდროს ყოფილა ულტიმატუმის ენით საუბარი, რაც ცალსახად მნიშვნელოვანია და პოზიტიურად გადადგმული ნაბიჯია. საგუშაგოს ლოკაციასთან დაკავშირებით, ცენტრალურ მთავრობას და დე ფაქტო ხელისუფლებას დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციები აქვს, მაგრამ ამ მიუხედავდ ამ განსხვავებებისა, პრობლემას ვერ ვხედვათ თანამშრომლობა გაგრძელდეს კონსტრუქციულ ჭრილში.

„ბლოკპოსტის დაშლის საკითხი დღევანდელ ტექნიკურ შეხვედრაზე არ განხილულა. საგუშაგო მოცემულ მომენტში აბსოლუტურად რჩება თავის ადგილას. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა გაგვიზიარეს ის შფოთმა, რომელიც მათ გააჩნიათ და მათი გადმოცემით, ადგილობრივ მოსახლეობას აქვს. ვუთხარით, რომ მათი შფოთვა და წუხული, ჩვენი წუხილია, მაგრამ ამავდროულად კონსტრუქციულ ჭრილში ავუხსენით ის ფაქტობრივი მოცემულობები, რომელიც სრულიად მკაფიოდ ასახავს ამ საგუშაგოს პირდაპირ პროპორციულ მნიშვნელობას უსაფრთხო გარემოს ხელშეწყობის კუთხით და არა პირიქით.

„იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ბსოლიტურად ცხადია, არ აქვთ შეშფოთების მიზეზი. იგივეს გავუმეორებ იმ მოსახლეობას, რომელიც ოკუპირებულ წნელისის ტერიტორიაზე. საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები არიან ღირსეული ოფიცრები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას იცავენ და არა პირიქით," - განუცხადა კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×