სოფელ ჩორჩანაში 30 აგვისტოს ქართული მხარისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსეთის ოკუპაციური ძალების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა და შეხვედრის მონაწილე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების დეესკალაცისკენ.
რაც შეეხება საგუშაგოს, ბლოკპოსტის დაშლის საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე არ განხილულა. ქემოკლიძის ინფორმაციით, დაგეგმილია კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, რომელიც შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება.
თუმცა დე ფაქტო რეჟიმი საპირისპიროს ამტკიცებს. „სამხრეთ ოსეთის" პოზიცია კვლავ უცვლელი რჩება; ქართულმა მხარემ საგუშაგო უნდა აიღოს. ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. მისივე ცნობით, სოფელ წნელისში ოსური ბლოკსაგუშაგო განთავსდება.
„ტექნიკური შეხვედრა დასრულდა. საერთო პოზიციამდე ვერ მივედით. მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში გაგრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს დაევალა, განათავსოს პოსტი, რომ ამ სოფელში მოსახლეობამ დაცულად იგრძნოს თავი," - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
რაც შეეხება ულტიმატუმის ენით საუბარს, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენები მიიჩნევენ, რომ ეს უბრალოდ ჟურნალისტების არასწორი ინტერპრეტაცია იყო.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ „რეზონანსს" განუცხადა, რომ დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან დღემდე ისმოდა მუქარა, რომ ქართულ მხარეს საგუშაგო აეღო, თუმცა ულტიმატუმის ენით საუბარი არ გამოუვიდათ.
„ისედაც ძალიან ბევრი საგუშაგო აქვთ რუსებს აშენებული და მოწყობილი საოკუპაციო ხაზზე. ყველაფერთან ერთად, 37 საოკუპაციო სამხედრო ბაზა მდებარეობს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე და არ მიკვირს ასეთი შინაარსის განცხადება, რადგან დღეს მათ ულტიმატუმის ენა არ გაუვიდათ ჩვენ სახელმწიფოსთან. მათ გარკვეულწილად დაკარგეს სახე. მთელი დღე იმუქრებოდნენ, გუშინდელიდან მოყოლებული. ეს მუქარა გათვლილი იყო იმ შიშზე, რომელსაც წესით უნდა დაესადგურებინა ჩვენ სახელმწიფოში.
„პირდაპირი მუქარები იყო, რომ თუ ჩვენი მხარე არ დაშლიდა, დემონტაჟს არ გააკეთებდა ამ საგუშაგოსი, ისინი ძალით გვაიძულებდნენ ამის გაკეთებას. ეს იყო ძალიან სახიფათო თამაში, ცდილობდნენ დაშინებით ვეიძულებინეთ ეს გაგვეკეთებინა, თუმცა ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ასეთი პრინციპული პოზიცია დაიჭირა. იმედი მაქვს, რომ ამ პოზიციას ბოლომდე შევინარჩუნებთ.
„საგუშაგოს მოწყობის შესახებ მუქარა, ეს არის მცდელობა შეინარჩუნონ სახე, რადგან ამ მოკლე დაპირისპირებაში მათ აშკარად განიცადეს მარცხი. მოსალოდნელია სხვა სახის პროვოკაციები. შესაძლოა დაიწყონ აქტიურად ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ისინი მაქსიმალურად შეეცდეებიან პატარა რევანშიც კი მოაწყონ, თუმცა ჩორჩანას თემა დღეს დასრულებული არ არის. ამის განხილვა ერთი კვირით გადაიდო," - აღნიშნა მან.
ქაცარავა სიტუაციის უფრო მეტად დაძაბვას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე წნელისში განლაგებულია ჯავშანტექნიკა და მობილიზებულია სამხედრო ძალა.
„დღეს სიტუაცია დაძაბულია, თუმცა დაძაბულობა კვლავ არსებობს, რადგან იქ კიდევ რჩება საკმაოდ დიდი სამხედრო ძალა, მძიმე ჯავშანტექნიკა და მინიმუმ ასეული ჯარისკაცი, რომელიც წნელისის ტერიტორიაზეა განლაგებული. მოსალოდნელი იქნება მათი მხრიდან გარკვეული პროვოკაციები. შეიძლება ეს აისახოს ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებაში, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი კეთილგონიერებას გამოიჩენენ," - განაცხადა დავით ქაცარავამ.
ცნობისათვის, ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა საქართველოს ულტიმატუმი 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა.
ულტიმატუმის გამხმოვანებელი ეგორ კოჩიევი იყო, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართული ბლოკპოსტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა განთავსებული. დე ფაქტო რეჟიმი იმუქრებოდა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მოთხოვნას, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ყველა კანონიერ ზომას მიიიღებს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და საზღვრის დაცვისთვის". ქართული მხარე აცხადებდა, რომ საგუშაგოს დაშლის საკითხი არც განიხილება.