ელზა პაპოშვილი
30.08.2019

 შესაძლოა 1-ელ სექტემბერს საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს. პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე, მმართველი გუნდი უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბება. შიდა წყაროებიდან ცნობილი ხდება, რომ უმრავლესობის დეპუტატები სწორედ 1-ელი სექტემბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ელიან დაზუსტებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე. 

შესაბამისად,  საპარლამენტო კულუარებში აცხადებენ, რომ კვირას როსტომ მეფის სასახლეში, ბიძინა ივანიშვილთან აუდიენცია ჩაინიშნა. სადაც პარტიის თამჯდომარე გადაწყვეტილებას გააცნობს გუნდს, რომელიც ორშაბათს გაჟღერდება. „რეზონანსთან“ ამის შესახებ დაზუსტებით არცერთი დეპუტატი არ საუბრობს და ამბობენ,რომ გამორიცხული არაფერია. 

სექტემბერში მოქმედი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე  პარლამენტში საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით მივა თუ პარლამენტის დღის წესრიგში ახალი შემადგენლობის მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.

უმრავლესობის სხდომაზე შეთანხმდება პარლამენტის საშემოდგომო სხდომაზე გასატანი საკითხებიც. დეპუტატებისგან განსხვავებით, შიდა წყარობიდან   დაზუსტებით გამოდის ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვეტილება  უკვე მიიღო და პრემიერად გიორგი გახარიას ნიშნავს. ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება. რამდენად სწორია ეს ინფორმაცია უკვე საზოგადოებისთვის კვირას „ოცნების“ შეკრების შემდეგ გახდება ცნობილი. 

ოპოზიციაში გახარიას შესაძლო გაპრემიერებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ბიძინა იმ ადამიანებს დანიშნავს მინისტრებად, რომლებიც საარჩევნო ვითარებას ყველაზე კარგად მოერგებიან. ასეთი კი, რა თქმა უნდა, რომ გიორგი გახარიაა, რომელმაც ივანიშვილს 20 ივნისის მოვლენებით აჩვენა, რა შეუძლია. 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ყველა მოვლენა, რაც დღეს საქართველოში ხდება, დაკავშირებულია ძალაუფლების შენარჩუნებასთან. მისი აზრით, ახლა ივანიშვილი ყველა ნაბიჯს იმისთვის დაგამს, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს. 

„რაც ახლა  საქართველოში ხდება - დაჭერები, "რუსთავი 2"-ის გაჩერება, რეპრესიები, ხაზარაძე-ჯაფარიძის წინააღმდეგ ქმედებები, რომელსაც პოლიტიკური მიზნები გაუჩნდა, ისევე როგორც მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები, დაკავშირებულია ერთ რამესთან - ივანიშვილმა 2020 წლისთვის როგორმე კიდევ შეძლოს ძალაუფლების შენარჩუნება. ყველაფერი უნდა განვიხილოთ მომავალი არჩევნების კონტექსტში. ამ თვალსაზრისით დავინახავთ ახალ პაიკებს, რომლებიც საარჩევნო ვითარებას უკეთესად მოერგებიან," - განაცხადა გოცირიძემ. 

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც ფიქრობს, რომ პრემიერს შეცვლიან. 

„ვფიქრობ, ეს არის ყველაზე არასერიოზული პროცესი ქვეყანაში. რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, პრემიერის კანდიდატურაზე ვსაუბრობთ და მე მას საერთოდ სტაჟიორს ვეძახი. არის ასეთი თანამდებობები, სამინისტროებში სტუდენტებს  სტაჟიორად იღებენ, თუ ისწავლა და მოეწონათ, სამსახურში ტოვებენ. სამწუხაროდ, ჩვენმა პრემიერმა ეტყობა, ეს სტაჟიორის გამოცდა ვერ ჩააბარა და სამსახურში არ ტოვებენ. რა მნიშვნელობა აქვს, ვის მოიყვანენ ახალ სტაჟიორად“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისი აზრით, გავლენა არა თანამდებობით, არამედ ივანიშვილის წყალობაზე იგება.  დეპუტატი ამბობს, რომ არც გახარიას აღიქვამს ვინმე სერიოზულად და არც ბახტაძეს. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა და სამთავრობო ცვლილებები 20-21 ივნისის მოვლენებმა შეაფერხა და დროში გაწელა. მისი თქმით, გარკვეული დროა იმისთვის  საჭირო, რომ გახარიას გაპრემიერება უმტკივნეულოდ მოხდეს. 

თუ ხელისუფლებას აქვს რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მაშინ ახლა სამთავრობო ცვლილებებს აზრი აქვს. თუ არადა, მაშინ გაზაფხულზე უნდა მოხდეს, სადაც მინისტრთა კაბინეტი საზოგადოებას უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ გასაკეთებლ საქმეზე დაელაპარაკება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ კი „ოცნება“ უმრავლესობით კვლავ მოვა. 

„გახარიას ირგვლივ სიტუაცია რომ ჩაცხრეს და ის პრემიერი გახდეს, დრო სჭირდება. თუმცა სექტემბერი ან ოქტომბერი რამდენად საჭირო პერიოდია, ვერ გეტყვით. არ არის გამორიცხული, სექტემბრიდან პოლიტიკური მოვლენები ისევ გააქტიურდეს. ახლა მთავარია რა უნდა ბიძინა ივანიშვილს და რა აქვს მას 2020 წლისთვის ჩაფიქრებული. თუ მას სჭირდება შეუპოვარი და მკაცრი ხელი, რა თქმა უნდა, გახარიას პრემიერად ვიხილავთ. 

როგორც ვანო მერაბიშვილი სჭირდებოდა სააკაშვილს, ისევე სჭირდება ივანიშვილს გახარია. მისი გაპრემიერება ოპოზიციისთვის მწვავე ნიშანი იქნება იმის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით გაბრაზებულები თუ ქუჩაში გამოსვლას მოისურვებენ, იგივეს მიიღებენ, რაც 20 და 21 ივნისს მიიღეს. ამიტომ სამთავრობო ცვლილებებით უკვე გამოჩნდება რა გზას დაადგება ივანიშვილი“, - აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×