ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შესაძლოა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შეცვალოს. გახარიას კი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს. ამასთანავე, პირველ სექტემბერს „ქართული ოცნება" უმრავლესობის ცფორმატში შეიკრიბება. შეხვედრა საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე იმართება.
შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა რა შეიძლება იყოს? შესაძლოა თუ არა საკითხი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს შეეხებოდეს?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ დრომდე გუნდის შიგნით სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა. ცვლილებებზე ჯერ გუნდი შეთანხმდება, რის შემდეგადაც მიღებული გადაწყვეტილება გაჟღერდება.
„საუბარი ძირითადად იქნება სასესიო მუშაობაზე, რომელიც სამშაბათს გაიხსნება. შევთანხმდებით მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. პოზიციების მიხედვით გადავწყვეტთ რა უნდა განვიხილოთ. ძირითადი განსახილველი თემა იქნება საარჩევნო კოდექსი და ასევე სხვა მიმდინარე საკითხები.
„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის ფორმატში საუბარი არ ყოფილა. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება არც იყოს.კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. როცა გუნდი შეთანხმდება ერთიანად, მერე იქნება გაჟღერებული," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
რაც შეეხება ბახტაძის გახარიათი შეცვლის საკითხს, ამაზე საუბარი ხუნდაძემ არ ისურვა: „ამ კითხვაზე ჯერ ვერ გაგცემთ პასუხს," - დასძინა მან.
დეპუტატ ნინო გოგუაძემაღნიშნა, რომ უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელებს.
ტელეკომპანია „პირველის" ეთერში დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა არ ყოფილა.
„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატები სწორედ პირველი სექტემბრისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ელიან დაზუსტებულ ინფორმაციას მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე.