მარი ჩიტაია
31.08.2019

 საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, ზრდის მთავარი კონტრიბუტორები მშენებლობის, მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებია. მიუხედავად იმისა, რომ ივლისში ტურიზმის სფეროში გარკვეული პრობლემა იყო, ამას ეკონომიკურ ზრდაზე დიდად არ უმოქმედია. სპეციალისტები მშპ-ზე სამშენებლო სექტორის გავლენას განსაკუთრებით გამოარჩევენ და განმარტავენ, რომ ამ მიმართულებით რეგულაციების შემოღებამ სფერო მნიშვნელოვნად წაახალისა, რაც საბოლოოდ ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი გახდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 6.1 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-ივლისის საშუალო ზრდა 5.1 პროცენტს გაუტოლდა.

,,2019 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა მშენებლობაში, დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში. კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებზე საუბრობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მაოდგილე ეკატერინე მიქაბაძე. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია საგარეო ვაჭრობის მონაცემების მკვეთრი გაუმჯობესება - 2019 წლის ივლისში ექსპორტი გაიზარდა 17.5%-ით, სავაჭრო დეფიციტი 83.5 მლნ. აშშ. დოლარით შემცირდა.

„მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ვაჭრობა, ოპერაციები უძრავი ქონებით და კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - ეს ის ძირითადი სექტორებია, სადაც მიმდინარე წლის ივლისში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა. გაუმჯობესდა ზრდის ხელშემწყობი სხვა ფაქტორებიც - ივლისში 7.8 პროცენტით გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი, რაც შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე" - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.

თუმცა ,,საქსტატის" მონაცემებით, ზემოთჩამოთვლილი სექტორებისგან განსხვავებით, ეკონომიკური აქტივობის კლება ფიქსირდება სამთომოპოვებით მრეწველობაში და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში.

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ ზრდაზე ლარის გაუფასურების ნეგატიური გავლენა არ იგრძნობა. პირიქით, როგორც აკადემიკოსი განმარტავს, ეს პროცესი ექსპორტისთვის მომგებიანიც აღმოჩნდა და საბოლოოდ მშპ-ს ზრდაზეც აისახა.

,,ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით, შარშანდელთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა. ეს არის დადებითი მომენტი, რა თქმა უნდა შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ეს საკმარისია. რაც ქვეყნისთვის საჭიროა, ორნიშნა ზრდა უნდა გვქონდეს, თუმცა ტენდენცია პოზიტიურია. ყურადღება უნდა მივაქციოთ ივლისში ტურიზმის სფეროში შექმნილ ვითარებას, რუსეთის პოლიტიკის გამო არსებული პრობელმა ეკონომიკურ ზრდაში გარკვეულწილად ასახულია. ამ მიმართულებით ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია და ამ პირობებშიც ინარჩუნნებს მშპ დადებით ტრენდს, რაც მნიშვნელოვანია", - ამბობს სილაგაძე და დასძენს, რომ მშენებლობის სფეროში არის გაუმჯობესება, რაზეც რეგულაციების შერბილებამ დიდი გავლენა მოახდინა.

,,მრეწველობის ზრდა მომპოვებით სფეროში ინვესტიციების მატებით არის განპირობებული. ვაჭრობის სექტორი საქართველოში ყოველთვის დინამიური იყო, მთავარია, ჩვენ ექსპორტის ზრდა შევძლოთ, ჯერჯერობით ეს მოხერხდა. უმუშევრობის დონე დაახლოებით შენარჩუნებულია, სინამდვილეში ინფლაციაც თარგეთირების ფარგლებშია. რა თქმა უნდა, ოფიციალურ ინფლაციას ვგულისხმობ, რომელიც რეალურად, ალბათ, გაცილებით მაღალია. ფაქტია, რომ ლარის დევალვაციის მასშტაბიც გაიზარდა, 2,90-ს გასცდა, რაც უკვე რეალური შემოსავლის შემცირებას ნიშნავს. კურსის გავლენაზე თუ ვსაუბრობთ, ამას ვერ გავექცევით. ერთი და იგივე პროდუქტი უკვე მეტი რაოდენობით საჭიროებს ლარს, რასაც ასევე უნდა ჰქონდეს ასახვა, მაგრამ ამ ფაქტორის ნეგატიური გავლენა არ იგრძნობა", - აღნიშნა ავთანდილ სილაგაძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

ექსპორტის ზრდაზე აკეთებს აქცენტს ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილიც, რომელიც არ მალავს, რომ 6,1%-იანი ეკონომიკური ზრდა მისთვის მოულოდნელი იყო.

,,ჩემს გაოცებას იწვევს ფაქტი, რომ ეკონომიკური ზრდა ბევრად კარგია, ვიდრე წინა წლებში. ლარის კურსის სტაბილურობა ვერ უზრუნველყო ეროვნულმა ბანკმა, ეკონომიკური პოლიტიკა მიდის არასწორად, თორემ ასე არ უნდა გაუფასურებულიყო ლარი, რასაც მოლოდინს ვაბრალებთ. მთავარი ფაქტორი, რამაც მშპ-ზე იქონია გავლენა, სავარაუდოდ, ექსპორტის ზრდაა, რომელიც იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12%-ით არის გაზრდილი. როგორც წესი, ლარის კურსის გაუფასურება ექსპორტის ზრდას უწყობს ხელს. თუმცა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს თუ გადავხედავთ, იქაც დადებითი ტენდენციაა. შეიძლება უახლოეს თვეებში ვითარება შეიცვალოს, მაგრამ არსებული ტენდენციის შესანარჩუნებლად სამომავლოდ დიდი ძალისხმევა გახდება საჭირო", - ამბობს ჯანიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×