
რა გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ ჩორჩანაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან; შეცვალა თუ არა საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპანტებთან სასაუბრო ენა და პოლიტიკა; იყო თუ არა ეს საქართველოს მხრიდან ნიადაგის მოსინჯვის მცდელობა და როგორ შეიძლება საბოლოოდ ჩორჩანასთან მოვლენები განვითარდეს?
თავიდან იყო ულტიმატუმის ენა და დე-ფაქტო ოსეთის ხელისუფლების მიერ დანიშნული დრო იმისთვის, რომ ქართველი პოლიციელებისთვის საოკუპაციო ხაზთან განთავსებული საგუშაგოს აღება მომხდარიყო. შემდეგ კი ქართული მხარის პრინციპული პასუხი და განაცხადი, რომ ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არ განიხილება და ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა - რატომ გაღიზიანდა დე-ფაქტო ხელისუფლება საგუშაგოს მშენებლობით და ასევე, რატომ არ მოხდა ამ ბლოკპოსტის მშენებლობასთან დაკავშირებით მათი გაფრთხილება, რადგანაც როგორც წესი მსგავს საკითხებს „ოცნების“ მთავრობა საოკუპაციო ძალებთან შეთანხმებით აგვარებდა.
ანალიტიკსები „რეზონანსთან“ აცხადებეენ, რომ ჩორჩანაში განვითარებულმა მოვლენებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ გვაჩვენა. პირველ რიგში ის, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ პირველად რუსებთან და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად განათავსა საპოლიციო ბლოკპოსტი, რასაც მათი მხრიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მსგავსი ტაქტიკა „ოცნებამ“ პირველად გამოიყენა და ოკუპანტები ფაქტის წინაშე დააყენა.
მათი აზრით, მსგავსი ქმედება ხელს დე ფაქტო ხელისუფლებასაც აძლევს, რადგანაც ამის შემდეგ შეთანხმების გარეშე მათაც შეეძლებათ, რომ მსგავსი საგუშაგოები გააკეთონ. ხოლო თუ კი ამაზე ქართული მხარე აჟიოტაჟს ატეხს, ისინი ჩორჩანაში მომხდარ ფაქტს ყოველთვის სათავისოდ გამოიყენებენ. ექსპერტები ამბობენ,რომ სავარაუდოდ, ასეთი ნაბიჯის გადადგმა ან შემთხვევით მოხდა, ან კიდევ მიზანმიმართული პლიტიკაა, რომელსაც ვიღაცა ქულების დასაწერად იყენებს.
მათი ვარაუდით, რადგანაც მოლაპარაკებაში მხოლოდ ძალოვანი სტუქტურები იყვნენ ჩართულები, კვალი გიორგი გახარიამდე მიდის. ისინი ვარაუდობენ, რომ ერგნეთის მოლაპარაკებებს ის ხელმძღვანელობდა.
ანალიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ, რომ მსგავსი რამ აღარ გაიმეორონ, რადგანაც ეს ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევს და ესკალაციის საფრთხეს ქმნის. ყველანაირი გეგმის გარეშე ასეთი ქმდება, მხოლოდ რისკებს ზრდის.
ხაშურის რაიონში, სოფელ ჩორჩანას მახლობლად კი სიტუაცია ასე ვითარდებოდა: აგებული ხის კონსტრუქციის დასაშლელად 29 აგვისტოს, ერგნეთის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ხელისუფლებას ვადა 30 აგვისტოს დილის 6 საათამდე მისცეს.
30 აგვისტოს ჩორჩანას მახლობლად მდებარე ოკუპირებულ სოფელ წნელისში საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად გაიმართა ტექნიკური შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომდევნო კვირაში ამ თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ამ შემთხვევაში შეხვედრის ადგილი კვლავ ერგნეთი იქნება. ადგილზე რჩება საგუშაგო.
ყოფილი მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ეს მხოლოდ ერთჯერადი დაძაბულობა იყო და ის არ მოელის, რომ სიტუაცია კიდევ გართულდება. ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ფაქტის წინაშე პირველად დააყენა და შეთანხმების გარეშე ბლოკპოსტი ააგო, რასაც მყისიერი რეაქცია მოჰვა და ამ აჟიოტაჟის ატეხვაში დე-ფაქტო ხელისუფლება ხელსაც მოითბობს.
ზაქრეიშვილი ამბობს, რომ ერგნეთის შეხვედრაზე ყოველთვის ხდება მხარეების მიერ შეთანხმება იმაზე, სად რა ბლოკპოსტის განლაგება მოხდება. მისი თქმით, საოკუპაციო ხაზთან მსგავსი საგუშაგოები არის, თუმცა ამზე ხმაური არასდროს ატეხილია, რადგანაც ეს წინასწარ შეთანხმებული იყო. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ამ ხელისუფლებამ მართველების პერიოდში პირველად შექმნა პრეცედენტი,რომ „ნაციოანლების“ ხელისუფლების მსგავსად მოქცეულიყო.
მისი აზრით, ეს უნდა იყოს ან გამიზნული პოლიტიკური ქმედება და შესაძლოა ამას „ოცნება“ „გავრილოვის ღამის შემდეგ გახარიას პრემიერად დანიშვნისთვის გამოიყენებს; ან კიდევ ეს მხოლოდ ვიღაცის შეცდომა, რომელმაც კონკრეტული შედეგები ვერ განსაზღვრა. ამის თქმის საბაბს კი ზაქარეიშვლს ის ფაქტი აძლევს, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ამ მოლაპარაკებიდან საერთოდ ამოგდებული იყო და მასში მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები იყვნენ ჩართული.
„პირველად ვიხილეთ „ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან საოკუპაციო ხაზთან ფაქტის დაყენების პოლიტიკა. ჩორჩანაში განვითარებული მოვლენები სააკაშვილის ხელწერას ჰგავს. აკეთებდა იმას, რასაც და როგორც უნდოდა. რამაც შემდეგ 2008 წლსი ომის ესკალაციამდე მიგვიყვანა. ამ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, მსგავსი პოლიტიკა არ აქვს და ამას სისტემური სახე არასდროს ჰქონია.
„ესაა პირველი შემთხევვა, როდესაც ერგნეთის მოლაპარაკების დროს ჩორჩანაში პოლიციის ბლოკპოსტის აშენება დე-ფაქტო ხელისუფლებასთან არ შეთანხმდა. სამწუხაროდ ასეთი ფაქტის წინაშე დაყენების პოლიტიკას რუსეთი ყოველთვის სათავისოდ იყენებს და ამიტომ ეს ხელისუფლება მუდმივად ფრთხილობდა.
„არ ვიცი ეს რა არის და უნდა ველოდოთ თუ არა ამ ხელისუფლებისგან საოკუპაციო ძალებთან ურთიერთობის შეცვლას, მაგრამ მგონია, რომ ამას შიდა პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. თუ გახარია პრემიერი გახდება, მაშინ მან ეს საკუთარი ქულების დასაწერად გამოიყენა და საზოგადეობას აჩვენებს, რომ რუსეთთან და ოკუპაციის საკითხთან მიმართებაში ის პრინციპულია“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, თუ კი ოპოზიცია „გავრილოვის ღამეზე“ საუბრობს, „ოცნება“ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს. ამ ყველაფერის ეჭვის საფუძველს კი ზაქარეიშვილს ის აძლევს, რომ ერგნეთში მოლაპარაკებებზე ციხელაშვილი არ იყო და ყველაფერს გახარია ხელმძღვანელობდა. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ თუ მთავრობის მეთაური გახარია გახდება, მისი ეჭვები კიდევ უფრო გამყარდება.
საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ჩორჩანას მოვლენებიდან ერთი დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი - ქართულმა მხარემ შეცვალა, ან აპირებს, რომ ბორდერიზაციასთან დაკავშირებული პოლიტიკა შეცვალოს. კაკაჩიას თქმით, ადრე რეაქციას მხოლოდ მომხდარ ფაქტზე ვაკეთებდით, ახლა კი ფაქტის წინაშე საოკუპაციო ძალები თავადვე დავაყენეთ.
ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ახლა „ოცნებამ“ დასწრების პოლიტიკის გატარება დაიწყო - სანამ დე-ფაქტო ხელისუფლება იზამს, ჩვენ ვქნათ. კაკაჩია ფიქრობს, რომ ხელისუფლება ახალი პოლიტიკით საოკუპაციო ხაზთან პოლიციური ძალების გაძლიერებას აპირებს და ამით ცდილობს, რომ პრევენციული ღონისძიებებს მიმართოს.
„როგორც ჩანს, ქართული მხარის გათვლა ახლა ის არის, რომ აღარც რუსეთს და აღარც საქართველოს სიტუაციის ესკალაცია არ აწყობს და ჩვენი ხელისუფლების მხრიდან მცდელობაა, რომ მთლად უმოქმედოდ და მხოლოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის იმედად არ ვიყოთ. ვხედავთ, რომ მხოლოდ საერთაშორისო მისიებზე დაყრდნობით აღარაფერი გამოდის და სავარაუდოდ, ბორდერიზაციის შესაჩერებლად „ოცნების“ ხელისუფლებამ პოლიციური ძალების გაძლიერებით გარკვეულ პრევენციას მიმართა.
„ხოლო ეს ყველაფერი რას გამოწვევს, ამას მომავალი აჩვენებს. დავინახავთ რუსეთის რეაქციიდან. რა პასუხს მივიღებთ იქიდან, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ. ფაქტია ეს ახალი შტრიხია, რომელიც „ოცნებამ“ საოკუპაციო რეჟიმთან სალაპარაკოდ შემოიტანა“,-აცახდებს კაკაჩია „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, ამ ბორდერიაზიასთან დაკავშირებით აუცილებელია, რომ ხელისუფლებას გაწერილი და ჩამოყალიბებული გეგმა ჰქონდეს. სადაც გარკვეული სცენარები შემუშავებული იქნება. რაც შეეხება ვინ არის ამ ახალი პოლიტიკის წარმოების ინიციატორი, კაკაჩია ამბობს, რომ ზუსტად ამაზე საუბარი რთულია, თუმცა ასპარეზზე ისევ გიორგი გახარია ჩანს, რომელზეც არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ამ პოლიტიკის გატარების მომხრე უნდა იყოს.