თამთა ჩაჩანიძე
01.09.2019

 ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ქართულ მხარეს ახალ ბრალდებას უყენებს. მათი ცნობით, ქართველმა ძალოვნებმა დღეს ჩამოაგდეს მათი არასაბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი - გადამღები კვადროკოპტერი ჩამოაგდეს, რომელიც „სახელმწიფო საზღვრის“ ვიდეოკონტროლს ახორციელებდა.

ცხინვალის „კა-გე-ბეს“ ინფორმაციით, კვადროკოპტერი დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების იმ შერეული ჯგუფის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც „სოფელ უისტას (წნელისის) მცხოვრებთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჰუმანიტარულ ოპერაციას ატარებს“.

„დაახლოებით დილის 10 საათისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტ კობიდან, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, გახსნილი იქნა ცეცხლი ავტომატებიდან და ტყვიამფრქვევებიდან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიის მიმართულებით. შედეგად კვადროკოპტერი დაზიანდა და ჩამოვარდა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის მიდამოებში“, - ნათქვამია „ფეისბუკში“ დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ოსური მხარე აღნიშნავს, რომ მანამდე ანალოგიური ქართული უპილოტო საფრენი აპარატები დღისითაც და ღამითაც მუდმივად ახოერციელებდნენ დაზვერვით ფრენებს „საზღვრის“ გასწვრივ მდებარე იმ სამოქალაქო ობიექტების თავზე, რომლებსაც ცხინვალელი ძალოვნები იცავენ და აქვე მიანიშნებს, რომ ოსური მხრიდან მათთვის ცეცხლი არ გაუხსნიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×