თამთა ჩაჩანიძე
01.09.2019

 „იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრება დასრულდა. გასაუბრების დასრულებისთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა დიმიტრი გვრიტიშვილმა და სხვებმა განაცხადეს, რომ კენჭისყრა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლო კვირაში იქნებოდა, უკვე სექტემბერია და ყველასათვის ცნობილია, რომ კენჭისყრა ჯერჯეობით არ ჩატარებულა. პლუს ამას, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იმის შესახებ, თუ როდის ჩატარდება კენჭისყრა. სავარაუდოდ ეს იქნება სექტემბერში, მაგრამ როდის - არ ვიცი", - აცხადებს „რეზონანსთან" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტისათვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარსადგენ სიაზე საუბრისას.

„საზოგადოებას ხომ უნდა ვუთხრათ, რომ კენჭისყრა იგეგმებოდა აგვისტოს ბოლოს და არ ჩატარდა, ეს მაინც ხომ უნდა იცოდეს ვინმემ. ამის შესახებაც დუმს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების შემადგენლობა", - აცხადებს ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, მოსამართლეობის კანდიდატთა სია ხარვეზებით შედგა და ის სასამართლო სისტემას ვერ შეცვლის.

„რაც შეეხება სიას, 50 კაციდან სია 49 კანდიდატზე ჩამოვიდა, ვინაიდან ერთმა ბოლო მომენტში უარი თქვა. სია როგორ შედგა, ყველამ ვიცით - ამდენი ხარვეზებით და ამდენი პრობლემებით... ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ის სია, რომელსაც შეუძლია უზენაესი სასამართლო და სასამართლო სისტემა შეცვალოს. 4-5 ადამიანზე შეიძლება აქცენტის გაკეთება, რომლებზეც შესაძლოა ნდობა იყოს გამოცხადებული, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ამ კანდიდატებიდან 20 ადამიანი შეირჩევა.

„ცხადია, რომ საქართველოს პარლამენტს დიდი პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, რომ ან დაამტკიცოს ჩინჩალაძის მიერ შედგენილი სია, ან - არა. მოგეხსენებათ, რომ ირაკლი შენგელიამ ერთერთი გასაუბრების მიმდინარეობისას, როდესაც იგი მე დამიპისისპირდა, განაცხადა, რომ მე რომ საბჭოს წევრი ვარ, უნდა ვუმადლოდე მიხეილ ჩინჩალაძეს. ჩინჩალაძეს მართლა კი არ უნდა ვუმადლოდე, მაგრამ ამ კაცმა ამით თქვა ის, რომ ჩინჩალაძეს პარლამენტში რაღაც გავლენები აქვს და იუსტიციიის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის დროს მასთან რაღაცა დისკუსია ნამდვილად იყო წარმართული.

„ამიტომ ვამბობ, რომ ეს ხალხი საშიშია, მათ გავლენები აქვთ არა მარტო სასამართლო სისტემაზე, არამედ მთლიანად ხელისუფლების ყველა შტოზე.

„ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევაა, ამიტომაც იყო ღია გასაუბრება კარგი, რომ მთელმა ქვეყანამ, ვისაც სასამართლო სისტემა აინტერსებს, ძალიან კარგად დაინახა რამდენად დიდი გამოწვევებია, რამდენად ჩამყაყებულია სიტუაცია სასამართლო სისტემაში.

„ამ დროში, როცა ამდენი რეფორმები ტარდება, ამდენი ფული და ძალისმევა იხარჯება ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თვითონ ხელისუფლებაც ხომ რაღაცა რესუსრსს ხარჯავს თუნდაც იმიტომ, რომ კანონებს ცვლის და ფიქრობს რაღაცა ცვილებებზე, მინიმალურად, მაგრამ მაინც რაღაცეები ხომ კეთდება, დროს ხომ ხარჯავენ თუდაც სამუშაო შეხვედრებზე, ეს ყველაფერი არის ფუჭი. ადამიანები გამოდიან გასაუბრებაზე და სამართალში „ორჯერ ორი რომ ოთხია" - ასეთი დონის საკითხებზე არა ყველა, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში მოქმედი მოსამართლეები პასუხებს ვერ სცემენ. თან ამ ადამიანებს პრეტენზია აქვთ უზენაეს სასამართლოს სისტემაში განაგონ ადამიანების ბედი.

„გასაუბრებამ ძალიან დიდი შედეგი ის მოგვიტანა, რომ ყველამ დაინახა რა დონეა სასამართლოში, რომ არაღაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ადამიანები თავისუფლად ვერ ლაპარაკობენ იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე და იმ კლანებზე, რომლებიც სისტემაში არიან ლიდერშიფში", - აცხადებს ჯანეზაშვილი..

იგი ფიქრობს, რომ პარლამენტის უმრავლესობასა და სასამართლო ხელისუფლებას შორის შესაძლოა რაღაცა დონის მოლაპარაკებაც მიდიოდეს.

„ძალიან მიამიტი უნდა იყო ადამიანი, რომ გეგონოს, რომ ჩინჩალაძის ხალხი დასხდება, უბრალოდ სიას წარადგენენ და დაელოდებიან პარლამენტი დაამტკიცებს თუ არა. ალბათ წინასწარ მიდის რაღაცა დონის მოლაპარაკება პარლამენტის უმრავლესობასა და იმ ხალხს შორის, ვისაც რაღაცა გავლენები აქვთ გადაწყვეტილების მიღებაზე როგორც სასამართლო ხელისუფლებიდან, ისე პარლამენტიდან. ვფიქრობ, რომ ახლა მიდის მათ შორის კომუნიკაცია, თუმცა ამაზე ინფორმირებული არ ვარ.

„თვითონ ეს სია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ 20 ადამიანი შეირჩეს. ეს მართლა ფანტასტიკის სფეროა, რომ აქედან ადამიანები აარჩიო და წარადგინო საქართველოს პარლამენტში და მერე უკვე პარლამენტმა ეს დაამტკიცოს. ეს რესურსი ამ სიაში ნამდვილად არ არის და ისეთი კარგი კანონიც არ გვაქვს ჩვენ, რომ იმ კანონს შესაძლებლობა მიეცა იურისტებისთვის, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა მიეღოთ და კონკურენცია შეექმნათ.

„ამ კანონმა და ვერც სასამართლო სისტემამ და ვერც საბჭომ ეს ვერ შეძლეს. ამიტომაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მარტივ შეკითხვებზე პასუხებს ვერ სცემდა. მე რომ მკითხო, გაოგნებული იყვნენ დამკვირვებელიც და თვითონ საბჭოს წევრებიც.

„ჩემი აზრით, პარლამენტი არჩევანს მაქსიმუმ 10 ადამიანზე გააკეთებს იმიტომ, რომ იძულებულები არიან, რომ ეს გააკეთონ. ღია გასაუბრებამ წარმოაჩინა, რომ ამ სიაში არ არიან ისეთი ადამიანები, რომელთა არჩევაც პარლამენტს ამომრჩევლის რაიმე ნდობას მოუტანს.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია პრინციპი - დაბალანსებული სიაზე არჩევანის გაკეთება. ან უნდა იყოს სიაში ყველა კარგი, ან აზრი არ აქვს დაბალანსებული სიის გაკეთებას. 5 კარგი მოსამართლე და 5 მიქაუტაძე-ჩინჩალაძის ხალხი ამ ქვეყანას არანაირ შედეგს არ მოუტანს. თუ ამას ეცდებიან, რომ 5 კარგი და 5 ცუდი კანდიდატი შეარჩიონ , (ჯერჯერობით არ ვიცი ჯერ საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს და მერე პარლამენტი), ეს არის თვალებში ნაცრის შეყრა იმიტომ, რომ ეს არანაირ შედეგზე გათვლილი არ არის, ეს მხოლოდ იმიტომაა, რომ ხალხი გააჩუმონ და ემოციები ჩააცხრონ, სხვა მიზანი არ არის.

„პარლამენტში სიის წარდგენის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის და ეს ძალიან სერიოზული თემაა. მთელი ქვეყნისთვის და დემოკრატიისთვის ეს ერთერთი საკვანძო საკითხია და ამავე დროს ისტორიული მნიშვნელობის.

„საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თვითმარქვია გვრიტიშვილმა, რომელიც მართავს საბჭოს სხდომებს, გამოაცხადა, რომ აგვისტოს ბოლოს იქნებოდა კენჭისყრა. როცა საჯაროდ ასეთ ინფორმაციას ავრცელებ, როგორც მინიმუმ ვალდებული ხარ თქვა, რომ აგვისტოს ბოლოს არ ჩატარდება კენჭისყრა. საბჭოს ვებ-გვერდზე, რომ შეხვიდეთ ასეთ ინფორმაციას თქვენ ვერ ნახავთ. მე ვარ საბჭოს წევრი და ჩემთვისაც დღემდე უცნობია როდის ჩატარდება კენჭისყრა, არადა ინფორმაცია მეც უნდა მქონდეს", - განაცხადა ჯანეზაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×