თამთა ჩაჩანიძე
01.09.2019

 „ვფიქრობ რომ მთავრობის ცვლილება სწორია იმიტომ, რომ არსებულ მთავრობას ლეგიტიმაცია და ნდობა დაკარგული აქვს არა მარტო ფართო საზოგადოებაში, არამედ თვითონ მმართველ პარტიაშიც კი", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა მოსალოდნელ შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა მოქმედი შს მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დაინიშნოს, ხოლო შს მინისტრად ისევ ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდეს.

„რამდენად შეძლებენ გახარია-ღარიბაშვილის წყვილი გაამართლონ და სწორად უპასუხონ იმ მოცემულობას, რომელიც საქართველოშია, შექმნილი ვერ გეტყვით, ეს ძალიან რთული სათქმელია. პრქტიკულად, გასული შვიდი წლის მანძილზე ვნახეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" დაებრუნებინა აქტიურ პოლიტიკაში, გაეძლიერებინა და ამით ლამის კონტრევოლუციის საფრთხეც კი შეექმნათ.

„არის ასეთი ვარაუდი, რომ შექმნილ ვითარებაში გახარია უფრ ადეკვატურია, ვიდრე მმართველი პარტიის სხვა ლიდერები. მაგრამ „ქართულ ოცნებას" ერთი პრობლემა აქვს, რაც შევარდნაძის დროინდელ მთავრობებს ჰქონდათ - ბიძინა ივანიშვილი არავის აძლევს სრულ მანდატს და ყველა ფიგურას (კვირიკაშვილი, ბახტაძე, ღარიბაშვილი) იყენებს გარკვეული მარიონეტების როლში, რამაც საბოლოო ჯამში შევარდნაძის სისტემა დაღუპა.

„ვფიქრობ, რომ ეს იქნება გახარიას მთავრი პრობლემაც. თვითონ გახარია შესაძლებელია „ქართულ ოცნებაში" გარკვეული თვისებებით გამორჩეული იყოს, მაგრამ მას რამდენად ექნება შესაძლებლობა, რომ ამ ერთი წლის მანძილზე გააკეთოს ის ყველაფერი, რასაც საჭიროდ მიიჩნევს, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუ მას არ ექნება ესეთი მანდატი და თუ ის იგივე ტექნიკურ ფუნქციებს შეასრულებს, რასაც ასრულებდა ყველა დანარჩენი პრემიერ-მინისტრი, მე ვფიქრობ, რომ მისი დისკრედიტაციაც გარდაუვალი იქნება", - განუცხადა კუკავამ „რეზონანსს".

კუკავა ამბობს, რომ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნამ ვერ მოიპოვა ფართო საზოგადოების მხარდაჭერა. ამიტომაც მისი მთავარი გამოწვევა ის ხალხი იქნება, ვინც ქუჩაში არ დგას, მაგრამ მთავრობისგან მაინც უკმაყოფილოა.

„უნდა ვთქვათ, რომ გახარიას გადადგომამ ვერ მოიპოვა ფართო საზოგადოების მხარდაჭერა. პირიქით, ჩვენ ვნახეთ, რომ მას შემდეგ, რაც აქციაზე მთავარი მოთხოვნა გახდა გახარიას გადადგომა, საბოლოო ჯამში ადამიანების რიცხვი 30 კაცამდე შემცირდა - რამდენიმე ორგანიზაცია და „ნაციონალური მოძრაობის" მცირე პარტაქტივიღა დარჩა რუსთაველის გამზირზე.

„არ ვფიქრობ, რომ გახარიასთვის მთავარი გამოწვევაა ის, რომ მაქარაშვილი და დიღმელაშვილი მოითხოვენ თუ არა მის გადადგომას. მთავარი პრობლემა არ არის რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ექსტრემისტული ჯგუფები. მთავარი პრობლემა არის ის მილიონობით ამომრჩეველი, რომლებიც ქუჩაში არსად არ გამოდიან, ჩუმად ზიან სახლში და მთავრობას აგინებენ. ამ ხალხის უკმაყოფილება უნდა დაძლიოს გახარიამ.

„შეძლებს თუ არა გახარია უპასუხოს ამომრჩევლის ფართო მასების პროტესტს, რომელიც დღეს საზოგადოებაში დაგროვილია, ამას სჭირდება საგანგებო უფლებამოსილებები, რომელიც მე არ ვიცი დღეს მას აქვს თუ არა.

„ერთ მაგალითს გეტყვით - აუცილებელია, რომ იუსტიციის საბჭოდან მურუსიძე-ჩინჩალაძე პირდაპირ პანღუტის ამორტყმით გაირეკოს, რაც არის საზოგადოების 99%-ის მოთხოვნა, აქვს თუ არა ამის უფლებამოსილებები გახარიას, მე არ ვიცი, ეს იქნება მისთვის პირველი ტესტი. სექტემბერში თუ ოქტომბერში გამოდის პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართთლეობის კანდიდატების 20-კაციანი სია", - აცხადებს კუკავა.

მან „რეზონანსთან" ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შს მინისტრობაზეც გააკეთა კომენტარი.

„ჩემი აზრით, ღარიბაშვილი როგორც პოლიტიკური ლიდერი, ვერ შედგა. ის აშკარად ბიძინა ივანიშვილის ერთგული კადრია, რომელსაც ის საჭირო მომენტებში იყენებს. ღარიბაშვილს ამ შემთხვევაში ტექნიკური ფუნქცია აქვს და თუ ეს ფუნქცია დადებითი იქნება, დადებით დირექტივებს მიიღებს, თუ უარყოფითი იქნება - უარყოფით დირექტივებს.

„ის დავალება, რაც ღარიბაშვილმა თავისი პრემიერობის დროს მიიღო, იყო არასწორი, რამაც გამოიწვია კიდეც მისი კარიერის იმ ფორმით დასასრული, რა ფორმითაც დამთავრდა. თუ ის დღეს ჩაიწერება სწორ კონტექსტში, შეიძლება მან სწორი ფუნქციაც ითამაშოს.

„მე „ქართულ ოცნებას" გავახსენებდი, რაც მოხდა 2012 წელს, როცა ვანო მერაბიშვილი დააწინაურეს პრემიერ-მინისტრად და ახალაიას დაავალეს მერაბიშვილის კადრების წმენდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამან საბოლოოდ 1-ლ ოქტომბერს გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დამხობა, ეს გაკვეთილი ვფიქრობ, რომ „ქართულ ოცნებას" უნდა ახსოვდეს.

„ოპოზიციურ ძალებში გააპროტესტებენ ყველაფერს. საქართველოს პრემიერმინისტრად, რომ მოხდეს სასწაული და ილია ჭავწავაძე დანიშნონ და ერეკლე მეორე თავდაცვის მინისტრად, „ნაციონალური მოძრაობა" მაინც გამოვა და იტყვის, რომ ეს არის ქვეყნის დაღუპვა და დაქცევა. ეს წინასწარი მოცემულობა ვიცით, მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კარგი დაინიშნება, ცუდი, კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური, ისინი აპრიორში ყველაფერს აპროტესტებენ.

„მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური ღრმა ლიდერი,რომელსაც შეუძლია სტრატეგიების დაგეგმვა, ის არის ძალიან კარგი ტაქტიკოსი, რომელსაც შეუძლია, რომ ტალღას მოაჯდეს, როგორც 2003 წელს შევარდნაძის საპროტესტო ტალღას მოაჯდა, დღეს არის ანტისამტავრობო ძლიერი საპროტესტო ტალღა და ძალიან მაღალი არის იმისი შანსი, რომ სააკაშვილი ამ ტალღას „მოაჯდეს" და თეთრი ცხენით დაბრუნდეს თბილისში, მაგრამ სააკაშვილს არანაირი შანსი არ აქვს, რომ ეს ტალღა თვითონ შექმნას.

„მთავრობამ დღეს სააკაშვილს კი არ უნდა ებრძოლოს, უნდა ებრძოლოს ამ საპროტესტო ტალღას. თუ საპროტესტო ტალღა ჩაცხრა, სააკაშვილი იქნება ერთი ჩვეულებრივი ქართველი ემიგრანტთაგანი, მაგრამ თუ მთავრობამ ეს საპროტესტო ტალღა ვერ ჩააცხრო, ის გახდება რევოლუციის ლიდერი", - განაცხადა კუკავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×