თამთა ჩაჩანიძე
01.09.2019

 „მე ვთვლი, რომ ეს სამთავრობო ცვლილებები მიმართულია იმისკენ, რათა ქვეყანაში ვითარება გაუმჯობესდეს, მაგრამ, ეჭვი მეპარება, რომ არჩევნებამდე ამან შედეგი გამოიღოს", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშილი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებს.

„მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არაფერი არ შეიცვლება. ისინი ვერ შეცვლიან ვითარებას. რომ ყოფილიყო ახალი სახეები, კიდევ რაღაც შანსები იქნებოდა. შესაძლოა არ ჰქონოდათ დადებითი რეიტინგი, მაგრამ არც უარყოფითი ექნებოდათ.

გახარიასაც და ღარიბაშვილსაც დაუმსახურებლად აქვთ უარყოფითი რეიტინგები. ოპოზიცია ამ უარყოფით რეიტინგებს გამოიყენებს მათსავე, ანუ მთავრობის საწინააღმდეგოდ და მათ ეს გამოუვათ. შეეცდებიან ამ ხალხმა ვერ დაიბრუნონ პოპულარულობა", - ამბობს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილის თქმით, შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნა მხოლოდ ოპოზიციის გარკვეული წრეების მიერ ხელოვნურად აგორებული კამპანია იყო.

„გახარიას გადადგომის მოთხოვნა, ეს იყო „ნაციონალურ მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" მიერ აგორებული კამპანია. ჭიანჭველასგან სპილო შექმნეს და მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ უკან ახალგაზრდობის რაღაც ნაწილი იდგა, რომლებიც ცდილობდნენ დიდხანს ყოფილიყვნენ და ტემპერატურა აეწიათ, მაგრამ საზოგადოებაში ცალსახად ასეთი უარყოფითო განწყობა არ იყო. არც დადებითი არ ყოფილა, მაგრამ ასე აგრესიულად უარყოფითიც არ ყოფილა.

„ამ ფონზე, ოპოზიცია ხალხის გარეშე და მოსახლეობის გარეშე განაგრძობს გახარიას ჩაძირვას. ამას დაუმატებს ღარიბაშილის ჩაძირვასაც და მათ უფრო ენერგია შეემატებათ.

„მაგრამ საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი მოსაწყენი იქნება იმიტომ, რომ ანტიპატია უფრო გაიზრდება, ვიდრე ვინმეს მიმართ სიპატიები და არჩევნებამდე ისე მივალთ, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი ჩამოყალიბებული არ იქნება ვის აძლევენ ხმას და შესაძლოა საკმაოდ დაბალი აქტივობაც კი იყოს არჩევნებზე. ერთადერთი პლიუსი ამ არჩევნების კი ის იქნება, რომ პროპორციული სისიტემით იქნება და შესაძლოა ამომრჩევლის ხმები გადანაწილდეს სხვადასხვა მხარეს.

„არ მგონია, რომ ოპოზიციამ რაღაც პლიუსები მიიღოს გახარიასა და ღარიბაშვილის წინააღმდეგ ბრძოლით, თუმცა ვერც ისინი მიაღწევენ დიდ წარმატებას. ანუ, მივდივართ სტაგნაციისაკენ. არჩევნებამდე მივალთ ისე, როგორც მივიდოდით, რომ ყოფილიყო ბახტაძე ან კვირიკაშილი პრემიერ-მინისტრად.

„ერთადერთი რამაც შეიძლება სიტუაცია გადაარჩინოს, არის ის, თუ ბიძინა ივანიშილი ჩაუდგება მთავრობას სათავეში. ამით კი არაფერი არ შეიცვლება, მაგრამ საზოგადოებას მის მიმართ სიმპატიები გაიზრდება და შეიძლება საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას" უფრო მეტად დაუჭიროს მხარი", - ამბობს ზაქარეიშვილი.

იგი არ ეთანხმება შეფასებებს, რომ გახარიაც და ღარიბაშვილიც მოსკოვზე ორიენტირებული პოლიტიკოსები არიან.

„მე რუსეთთან ასეთ პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ. შეიძლება მოსკოვში შიგნითაც რაღაცას აკეთებდეს ივანიშვილი, მაგრამ პირდაპირ ბმას და კავშირებს არგუმანტების და მტკიცებულებების გარეშე ღარიბაშილთან მე ვერ ვხედავ, გახარიასთან არ მიმუშავია და ვერ გეტყვით, მაგრამ ღარიბაშვილთან მიმუშავია და არ მაქვს განცდა, რომ ის „მოსკოვის კაცია". მერე თუ რამე შეიცვალა, არ ვიცი, მაგრამ მე რომ მასთან ვმუშაობდი, ეს ასე არ იყო.

„მე არ გამოვრიცხავ, რომ, სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებაში" მოსკოვი ძლიერდება, ამის რაღაც ნიშნებს შესაძლოა ვხედავდე კიდევაც, მაგრამ ის, რომ პირდაპირი კავშირი იყოს გახარიას პრემიერ-მინისტრად დასმით და ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებით, ამას ვერ ვხედავ.

„მამუკა ბახტაძე წარმატებული პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყო ეკონომიკის და ფინანსების მიმართულებით და გამოეყვანა კრიზისიდან ლარის ვარდნა და ა.შ., მაშინ არ იქნებოდა აუცილებელი მისი შეცვლა. ბახტაძე ვერ გაუმკლავდა გამოწვევებს და ახლა საზოგადოებაში უნდა შექმნან მოლოდინი. ამიტომ ცვლიან ბახტაძეს.

„აქ ბახტაძის შეცვლაზეა ლაპარაკი და უნდა შეიცვალოს იმ ადამიანით, ვინც დღეს ყველაზე მეტად ეფექტურია. „ქართულ ოცნებაში" კი სხვა არავინ ჰყავდათ გიორგი გახარიაზე უფრო წარმატებული და გადაწყვეტილებების მიმღები (წარმატებებს ვგულისხმობ შიგნით „ოცნების" სიტუაციებში).

„მიუხედავად იმისა, რომ გახარიას მიუღებლობაა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ზოგადად საქართველოში ეს მიუღებლობა არ არის. მას ერჩიან მხოლოდ „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველო". სხვები ვერ ხედავენ მის მინუსებს, მაგრამ ვერც პლიუსებს ხედავენ", - აცხადებს ზაქარეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×