(რეზონანსი) ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარეს, ბიძინა გეგიძეს საპარლამენტო უმრავლესობა დაატოვებინეს. მმართველი პარტიის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიძინა გეგიძე აფასებს და აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მას ყოფილ პრემიერთან, გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობა არ აპატია.
„უმრავლესობის წევრებმა გააკეთეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის დატოვება ჩემს განსხვავებულ პოზიციებს უკავშირდება. მე ჯერ კიდევ წინა წილის დეკემბერში ვთქვი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია, ჩემსა და "ქართულ ოცნებას" შორის შესაძლოა, წყალგამყოფი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მქონდა და მაქვს ძალიან კრიტიკული პოზიცია", - ამბობს გეგიძე "2020NEWS"-სთან.
კითხვაზე: სხვა ფაქტორებთან ერთად, როგორ ფიქრობთ, "ქართულმა ოცნებამ" ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობა არ გაპატიათ? ბიძინა გეგიძე პასუხობს, რომ „ბევრი ფაქტორი არსებობს, მათ შორის, ის, რაც ახლა თქვენ თქვით. ეს ყველაფერი ლოგიკურია. მე "ქართულ ოცნებას" არ ვუპირისპირდები და არც მას მერე დავუპირიპირდი, რაც ჩემი საქმიანობის ქექვა დაიწყო. მე ვარ პოლიტიკოსი, ჩემს მოვალეობას ვასრულებ და ჩემი ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობით ვმოქმედებ. იმ პასუხისმგბელობით, რომელიც ამომრჩეველმა მომანიჭა".