თამარ შუკვანი
02.09.2019

 მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობდნენ, უკვე დაიწყო. მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება 2 სექტემბერს „ფეისბუქში" გამოაქვეყნა. 3 სექტემბერს „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემდეგ, ოფიციალურად ცნობილი გახდება ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა. საუბარია, რომ მამუკა ბახტაძე შესაძლოა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შეცვალოს. გახარიას კი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაანაცვლებს.

მმართველმა გუნდმა რატომ მიიღო პრემიერ-მინისტრის შეცვლის გადაწყვეტილება და ეს ცვლილება წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას" რას მოუტანს?

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გიორგი გახარია ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა და მმართველი გუნდისთვის წარმატების მომტანი იქნება.

„როგორც ბახტაძემ თავის ვრცელ „ფეისბუქპოსტში" აღნიშნა შექმნა ის, რისთვისაც პრემიერ-მინისტრად მოიწვიეს. გარკვეულწილად დაიწყო იმ პრობლემებთან ბრძოლა, რა პრობლემებიც საზოგადოებას აწუხებს, იგივე ჭარბვალიანობის პრობლემა. ეს შეიძლება ბახტაძის აქტივში ჩავთვალოთ იმ მოკლე პერიოდის განმავლობაში, რაც ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

„ბახტაძემ, როგორც ჩანს, მთელი რიგი პოლიტიკური თუ სხვა გარემოებების გამო, არ ისურვა პროაქტიულ პოლიტიკური ლიდერად ჩამოყალიბება და ამჯობინა ტექნიკურ პრემიერ-მინისტრად დარჩენილიყო. ის ზრუნავდა ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტაზე და ნაკლებად ერეოდა წმინდა პოლიტიკურ საკითხებში.

„2020 წელი საარჩევნო წელიწადია და მათ პრემიერ-მინისტრად სჭირდებათ ისეთი ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, როგორიც გახარიაა. ის ბევრ რამეს შეცვლის, რადგან საზოგადოებაში აღიქმება, როგორც ძლიერი ფიგურა და არჩევნების წინ ბევრი წინასამზადისი არის ჩასატარებელი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მმართელი პარტიის სერიოზული პოზიციები," - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრობა რეალურ პოლიტიკურ სურათს ვერ შეცვლის და „ქართული ოცნება" უბრალოდ ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, რომ „უნიათო" არ არის.

„გარდა ივანიშვილისა, ვინმეს შეუძლია თქმა იმისა თუ რატომ მოხდა ამ ადამიანის გათავისუფლება? ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩათვლის საჭიროდ, ისე ხდება დანიშვნაც და გათავისუფლებაც. გახტაძის მოსვლით არაფერი შეცვლილა. ცხოვრება და პოლიტიკური პროცესი ისევე მიდის, როგორც მიდიოდა. ჩემთვის სრულიად გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით ხდება პრემიერ-მინისტრების შერჩევა. ბახტაძის გათავისუფლება, ისევე როგორც დანიშვნაც, სრულიად გაურკვეველია.

„გახარიას გაპრემიერება რეალურ პოლიტიკურ სიტუაციას, ალბათ, ვერ შეცვლის. ეს პროცესი გაგრძელდება ისევე, როგორც მიმდინარეობდა. ეს არის განაცხადი, რომ ხელისუფლება, რომელსაც შვიდი წლის განმავლობაში უნიათოს უწოდებდნენ, სურს საზოგადოებას უთხრას, რომ „უნიათი კი არ ვართ, შეგვიძლია არა მარტო გადაწყვეტილების მიღება, არამედ აღსრულებაც.

„ეს რა შედეგს მოიტანს დამოკიდებული იქნება იმაზე, გახარიასთან ერთად, იქნება თუ არა რაიმე პოზიტიური და განხორციელებადი პროგრამა არჩევნებამდე. ისეთი პროგრამის განხორციელება, რომელიც რაიმე შედეგებს გამოიღებს და საზოგადოებაში „ქართული ოცნებისადმი" რწმენას განაახლებს, არამგონია ასეთის შეთავაზება დღეს „ოცნებას" შეეძლოს.

"როგორც ჩანს, საკმაოდ მწირი არის ის გუნდი, რომელიც იდეების გენერირებას უნდა ახდენდეს, თუ საერთოდ არსებობს ასეთი გუნდი. გახარიას გაპრემიერებაც სწორედ ამის დასტური იქნება," - განაცხადა ძაბირაძემ.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნასა და ღარიბაშვილის შს მინისტრად ხილვას, გუნდის გარკვეულ ნაწილი არ ეთანხმება. კულუარული ინფორმაციით, გახარიას მოწინააღმდეგეები მთავრობაშიც ჰყავს და არსებობს მოლოდინი, რომ მთავრობაში ადგილს ყველა მინისტრი ვერ შეინარჩუნებს.

პირველ სექტემბერს „ქართული ოცნება" უმრავლესობის ფორმატში შეიკრიბა, რომელიც საშემოდგომო სესიის გახსნამდე ორი დღით ადრე გაიმართა. არსებული ინფორმაციით, კვირას „ქართული ოცნების" ოფისში გამართულ სხდომაზე, სადაც სწორედ სამთავრობო ცვლილებების საკითხი იხილებოდა, ღარიბაშვილის დანიშვნის წინააღმდეგი თბილისის მერი კახა კალაძე იყო.

თავის დროზე ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნებამ გუნდის შიგნით უკმაყოფილება გამოიწვია და ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებამ სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით, შესაძლოა მმართველი პარტიის რიგებში მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვიოს.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, გუნდის შიგნით გარკვეული ნაწილი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგი წავა. პირველ წინააღმდეგობას შს მინისტრი 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შეხვდა.

„არ გამოვრიცხავ, რომ იყვნენ ადამიანები, ვისაც გახარიას კანდიდატურა ეპიტნავებოდეს. მაგალითად, „ოცნებაში" არიან დეპუტატები, რომლებიც ჯერ კიდევ 20 ივნისის ამბების შემდეგ, ღიად აცხადებდნენ, რომ გახარია უნდა გადამდგარიყო.

„ასე რომ, არ გამოვრიცხავ შიდა დინებებიც იყოს, მაგრამ ალბათ მაინც მოხერხდება პოზიციების შეჯერება და გახარიას მიმართ მათი შინაგანი განწყობები, თუკი ასეთი არსებობს, უკან გადაიწევს საერთო ამოცანის წინაშე, რომელიც რეალურად „ქართული ოცნების" წინაშეა დღეს," - აღნიშნა ანჯაფარიძემ.

უმრავლესობის წევრი შოთა ხაბარელი „რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მამუკა ბახტაძემ თავისი მისია, ფაქტობრივად, შეასრულა. რაც შეეხება გახარიას კანდიდატურას, მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუკი შს მინისტრი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ამ ფაქტს მიესალმება. ხოლო „ოცნებაში" გახარიას მოწინააღმდეგე რეალურად არც გამოუჩნდება.

„ბახტაძემ თავისი ხუთპუნქტიანი პროგრამა, რომელიც დანიშვნის დროს წარმოადგინა, ზედმიწევნით კარგად შეასრულა და ახლა ალბათ თვითონ თვლის საჭიროდ წავიდეს და სხვამ ჩაიბაროს ეს პოსტი.

„გახარია არის ის ადამიანი, რომელიც წარმატებული იყო ყველგან, სადაც უმუშავია. შინაგან საქმეთა მინისტრია და ვფიქრობ უპრეცენდენტო შს მინისტრი გვყავდა. შესაბამისად, მას შეუძლია, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტიც ღირსეულად დაიკავოს. ბევრი რამ კეთდება და ვფიქრობ, ბევრი უკეთესი გაკეთდება გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს.

„საზოგადოების უდიდესი ნაწილი ძალიან კარგად არის განწყობილი „ოცნების" მიმართ. ბევრი რამ კეთდება, ხალხი ხედავს ამას და კმაყოფილია. დამოკიდებულება მეგონა შესუსტებული იქნებოდა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გაორმაგებულია. თუ გახარიას გაპრემიერების საკითხი დადგება, მოწინააღმდეგე არამგონია ვინმე გამოუჩნდეს," - განაცხადა შოთა ხაბარელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×