“თუ შემოდგომაზე დაინიშნება არჩევნები, კიდევ 4 წელი მართვის სადავეები ისევ ივანიშვილის ხელში იქნება”
ია აბულაშვილი
02.09.2019

 "ვინც არ უნდა დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად, მართვა იმავე სტილში მოუწევს, თანაც, ამ კრიზისულ სიტუაციაში მოაგვაროს ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები და კარგი განწყობა შეინარჩუნო ივანიშვილის კარზე, წარმოუდგენელია, მაშინ ჯადოქარი უნდა იყო; ამიტომ ახალი პრემიერიც ისევე წავა, როგორც წავიდა ბახტაძე."

აცხადებს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია, ვისაც "რეზონანსი" სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გაესაუბრა.

"რეზონანსი": პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაგომის შესახებ მამუკა ბახტაძის მიერ "ფეისბუკით" გაკეთებულმა განცხადებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც პოლიტიკურ წრეებში ასევე საზოგადოებაში. ჯერ-ჯერობით გასაიდუმლოებულია ვინ იქნება ქვეყნის პრემიერი, თუმცა, დიდი ალბათობით ამ თანამდებობას გიორგი გახარია დაიკავებს.

ლია მუხაშავრია: მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებული განცხადება "ფეისბუკის" მეშვეობით ადასტურებს იმას, რომ იგი ბედნიერი არ წასულა და შეიძლება მოვლენებს დაასწრო.

რაც შეეხება ახალ კანდიდატურას, ვინც არ უნდა დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად, მასაც მოუწევს იმავე სტილში მართვა, როგორი მმართველობაც დღეს გვაქვს, თანაც სკამი რომ შეინარჩუნოს, კარგი განწყობა უნდა მოიპოვოს ივანიშვილის კარზე.

ამ კრიზისულ სტუაციაში და ერთი წლის ვადაში შეძლოს ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების მოგვარება, წარმოუდგენელია, მაშინ ჯადოქარი უნდა იყოს. ამიტომ ახალი პრემიერიც ისევე წავა, როგორც წავიდა ბახტაძე.

"რ": ოპოზიციაში აცხადებენ, რომ თუ ივანიშვილი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშნავს, ეს მისი მმართველობის დასასრული იქნება. ასევე ვრცელდება ხმები, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით "ოცნების" გუნდშიც არ არის ერთობა.

ლ. მ: როცა ასე "უპრაკუნოდ" უშვებ პრემიერ-მინიტრებს და მთავრობას, რა თქმა უნდა შიდა განხეთქილებაც იქნება. რაც შეეხება სიტუაციის გამწვავებას, ამ ცვლილებით ცეცხლზე ნავთის დასხმა იქნება, მაგრამ შეიძლება ივანიშვილს ხელს აძლევს გახარიას გაპრემიერება, უფრო მეტი კრიზისი წავა და კრიზისის მენეჯმენტის სათავეში თვითონ იქნება.

შეიძლება საერთოდ გაყაროს პარლამენტი და მთავრობა და დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ასეთი პოლიტიკური ატმოსფერო წყობს მხოლოდ სამ პოლიტიკურ ძალას "ოცნებას", "ნაციონელებს" და "ევროპულ საქართველოს.

არ არის გამორიცხული მათთან გარიგებით არჩევნები ისევ ძველი სისტემით ჩატარდეს. თუ შემოდგომაზე დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, მაშინ ეს სცენარი ყოფილა ჩაფიქრებული და კიდევ 4 წელი მართვის სადავეები ისევ ივანიშვილის ხელში იქნება.

ანუ, ეს ყველაფერი ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს, პარტიის შიგნით განხეთქილებაც აწყობს და ოპოზიციის პროტესტიც, რომელსაც ადვილად ჩააქრობს და არჩევნებსაც ძალიან მარტივად მოიგებს.

თუ ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორც ანაკლიის პროექტი იყო, მოაგვარა, ასეთ პატარა პროექტებს უფრო ადვილად მოახრჩობს. ეს იქნება მინიშნება ქვეყნის გარეთაც, რომ ასე იოლი ხელწამოსაკრავი არ ვარ და თავი დამანებეთო.

"რ": ანკალიის პროექტი ახსენეთ, ხაზარაძე- ჯაფარიძე აცხადებენ, რომ პროკურატურა ცდილობს პოლიტიზირებულ საქმეზე გადაწყვტილების პასუხისმგებლობა გადაიტანოს დიპლომატიურ კორპუსზე და ამის მანიშნებელი არის, ის რომ პროკურატურა დახურულ შეხვედრაზე იწვევს დიპლომატიურ კორპუსს.

ლ.მ: რეზონანსულ საქმეებზე დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრები ყოფილა, მაგრამ აქვს თუ არა მყარი არგუმენტები პროკურატურას წარსდეს ამ შეხვედრაზე, არა ვიცი, რადგან საქმეს რომელსაც ხაზარაძეს ედავებიან თეთრი ძაფით არის ნაკერი.

არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილის ლოგიკით, ეს იყოს მინიშნება იმ ბიზნესმენებსთვის, ვინც პოლიტიკურ აქტიურობას შეეცდება, "რაც ამათ მოუვიდათ იგივე მოგივათო".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×