პაატა აროშიძე: "კვირიდან კვირამდე ოჯახების ცხოვრების დონე იკლებს"
მარი ჩიტაია
02.09.2019

 ლარის გაუფასურებისა და ცხოვრების მასშტაბურად გაძვირების ფონზე მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ყოველი 10%-ით გაძვირება ნიშნავს, რომ დაახლოებით 70 000-მდე ოჯახს სიღარიბესთან პირდაპირი შეჯახების საფრთხე ექმნება. ამ დინამიკას თუ მივყვებით, ბოლო პერიოდში გაკოტრებულია ათასობით ოჯახი, რომელიც ფასების მუდმივმა ზრდამ გააღარიბა.

რამდენიმე თვის წინ იმპორტიორები საუბრობდნენ, რომ ფასების გაძვირების ახალი ტალღა სექტემბრიდან დაიწყებოდა. ეს პროგნოზი გამართლდა. უკვე გაძვირდა როგორც სურსათი, ასევე მედიკამენტები, რომლის შეძენა ხალხს ფასდაკლების აქციის პირობებშიც კი უჭირს.

ლარის დაღმავალი კურსი, სამწუხაროდ, მოსახლეობის გაღარიბების წინაპირობად იქცა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით თითქმის ყოველდღიურად რამდენიმე პუნქტით უფასურდება. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც გაცვლითი კურსი 2,96-ის ფარგლებშია. უკვე საუბარია კომუნალური გადასახადების შესაძლო ზრდაზეც.

როგორია ინფლაციის სტატისტიკა აგვისტოში, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ივლისის მაჩვენებლებს თუ გადავხედავთ, სამომხმარებლო ფასების დეტალური ინდექსის ანალიზის შესაბამისად  გამოვლინილია 10 პროდუქტი (მომსახურება), რომელიც 2019 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაძვირდა.

"საქსტატის" მონაცემებით, მწვანე ლობიოს ფასი 70.1%-ით არის გაზრდილი; საქალაქთაშორისო ტელეფონის გადასახდელი 68.3%-ით გაძვირდა; ხახვი - 66.1%-ით;  ბადრიჯნის ფასმა 58.1%-ით მოიმატა; პომიდვრის - 38.6%-ით; მუზეუმის ბილეთი - 32.1%-ით გაძვირდა; ნიორი - 30.2%-ით; ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტის ფასი 30.0%-ით არის გაზრდილი; იმპორტული წარმოებისა - 29.6%-ით, ხოლო ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტის ღირებულებამ 26.2%-ით მოიმატა. 

სპეციალიალისტები ვარაუდობენ, რომ ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა აგვისტოში და ზრდის ტემპი მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება.

სოციოლოგი პაატა აროშიძე ამბობს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით ტურისტულ რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ზარალდება, რომელთაც სეზონის გამო ხელოვნურად გაძვირებული პროდუქტის შეძენა უწევს.

,,საქსტატმა გამოაქვეყნა ივლისის მაჩვენებელი და საკმაოდ დამაფიქრებელი სტატისტიკაა. თუმცა ეს არის ნაჯერი მაჩვენებელი, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილებიდან აღებული. ცხადია, არის გარკვეული უთანაბრობაც, მაგალითად, საკურორტო ადგილებში ფასები გაცილებით მაღალია, განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე და ამ მხრივ ტენდენცია მუდმივად მზარდია. ბიზნესი ამ დროს სწორებას აკეთებს ტურიზმზე და ზრდის ფასს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აზარალებს. ფასები ისედაც მატულობს და ზოგს სხვადასხვა ობიექტური მიზეზით რეალურად მეტის გადახდაც უწევს. 

ცხოვრების გაძვირებაზე დიდ გავლენას ახდენს ლარის კურსიც, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში გაუჩერებლად უფასურდება. როდესაც ქვეყანა იმპორტმომხმარებელია, სამომხმარებლო ფასების დონე ყოველთვის მაღალია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუკი საწვავის ღირებულებაა გაზრდილი, რადგან ეს ჯაჭვურად სხვა სფეროებს აძლევს გაძვირების სტიმულს, ამიტომ არის სავალუტო კრიზისის ასეთი საშიში ტენდენცია ქვეყნისთვის", - ამბობს აროშიძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან" და დასძენს, რომ მოსალოდნელია მოსახლეობის კიდევ უფრო გაღარიბება. 

,,ფასების ზრდა ყველაზე მეტად დაბალშემოსავლიან სეგმენტს ,,ურტყამს". მძიმდება საშუალოშემოსავლიანი ოჯახების მდგომარეობაც, რადგან მათი შემოსავლები არ მატულობს და კვირიდან კვირამდე ოჯახების ცხოვრების დონე იკლებს. ღარიბები კი, ფაქტობრივად, ღატაკდებიან. შემოსავლები ვერ მატულობს იმ დონეზე, რომ ეს პროცესი დააბალანსოს, სექტემბერში დანახარჯი სურსათის გარდა, სხვა მიმართულებითაც მოიმატებს და ხალხს ერთჯერადი გაზრდილი დანახარჯის გადანაწილება მომდევნო თვეებზე მოუწევს, რაც ოჯახებისთვის სერიოზული ტვირთია", - აცხადებს პაატა აროშიძე.

სპეციალისტების შეფასებით, ცხოვრება მუდმივად ძვირდება და საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის სერიოზული დრამატული ბრძოლა უხდება.

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა უკიდურეს სიდუხჭირეშია, რომელთა შემოსავლის დიდი ნაწილი კვლავ ვალების მომსახურებას ხმარდება და ფული ელემენტარული ყოფითი პრობლემოს მოსაგვარებლადაც არ ყოფნით. ,,ემპირიული დაკვირვებით, საქართველოში მდიდრები და შეძლებულები ერთად აღებული, დაახლოებით, 10%-ია. აქედან, 2-2,5% მდიდარია, დანარჩენი - შეძლებული. საშუალო ფენაც ასევე 8-10%-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო დანარჩენი 80%-ის ცხოვრების სტანდარტი არ აკმაყოფილებს განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების ნორმას. ამათგან კი დაახლოებით 25-30%-ს ფული ლუკმა-პურის შესაძენად არ ყოფნის. 

ვითარებას ისიც ამძიმებს, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად გვეზრდება იმ ოჯახების რაოდენობაც, სადაც არც ერთი წევრი არ იღებს სტაბილურ გასამრჯელოს. ეს კატეგორია შემოსავლების მიმღებთა დაახლოებით 40%-ია და დიდია რისკი, რომ ეს ადამიანები სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდნენ. როდესაც ფასები იზრდება 10%-ით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღარიბთა კონტიგენტის ზრდა დაახლოებით 7%-ით, რაც საქართველოსთვის საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, ყოველი 10%-ით გაძვირება ნიშნავს, რომ ჩვენთან 50-დან 70 ათასამდე ოჯახს ექმნება უკვე სიღარიბესთან პირდაპირი შეჯახების საფრთხე. კიდევ მეტი მობილიზაცია და ძალისხმევა გვინდა, რათა არა მარტო სტატისტიკურ ციფრებში გვქონდეს წინსვლა, არამედ თითოეული ოჯახი ვითარების გაუმჯობესებას საუკუთარ კეთილდღეობაზე გრძნობდეს", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" სტატისტიკოსი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×