„დეპუტატი თუ სჩადის ისეთ ქმედებას, რომელმაც გამოიწვია სხდომის შეფერხება, პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ უნდა გააფრთხილოს და უნდა უთხრას, რომ „ამის შესახებ გაფრთხილებ", და შემდგომ, თუ ისევ აგრძელებენ დეპუტატები წესრიგის დარღვევას და სხდომას უშლიან ხელს, ამ შემთხვევაში თავმჯდომარეს შეუძლია დარბაზიდან გააძევოს დეპუტატები", - ასე ეხმიანება „რეზონანსთან" იურისტი კახა წიქარიშვილი დღეს გამართულ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე ოპოზიციის პროტესტს მინისტრთა კაბინეტის ცვლილების შესახებ და ამ პროტესტზე პარლამენტის თავმჯდომარის რეაგირებას.
„თუ პარლამენტში შევიდა სტუმარი, რომელიც მშვიდობიანი ფორმით გამოხატავს პროტესტს და ხელს არ უშლის პარლამენტის შიდა პროცედურებს და შიდა საქმიანობას, მაშინ მისი პარლამენტიდან გაძევება არ იქნება ლეგიტიმური, მაგრამ იმისათვის, რომ პარლამეტშ მოხვდე, საშვია საჭირო. თუ სტუმარს არ უშვებენ, ეს სხვა საკითხია, რატომ არ უშვებენ და რით ასაბუთებენ, რომ არ უშვებენ - ეს მეორე საკითხია", - აცხადებს წიქარიშვილი
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს" წევრებმა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს, მპარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პროტესტის მონაწილე დეპუტატები სასესიო დარვბაზიდან გააძევა. მან გაძევების მიზეზად პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლი დაასახელა.
„პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის თანახმად, ვაფრთხილებ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხელს უშლიან სხდომის წარმართვას. ვინაიდან ამ გაფრთხიელბას არ დაემორჩილნენ ჩვენი კოლეგები, ამავე მუხლის თანახმად, ვთხოვ მანდატურის სამსახურს, რომ მათ დაატოვებინოს დარბაზი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროპული საქართველოს" წევრების გარდა, საბოლოოდ დარბაზიდან გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატებიც.