„ჩვენ კი ვამბობთ, რომ პრემიერები იცვლება, მაგრამ ძალაუფლება ვისაც აქვს და რეალური პრემიერი ვინც არის, უცვლელია 2012 წლიდან დღემდე. რომ გითხრათ, რომ გახარიას თავისუფალი მოქმედების უფლება ექნება, არ მგონია, იმიტომ, რომ ძირითად საკითხები მაინც ბიძინა ივანიშვილთან უნდა შეათანხმოს," - ასე აფასებს „რეზონასთან" საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე სამთავრობო ცვლილებას.
ვახტანგ ძაბირაძე: მოულოდნელი არაფერი ყოფილა. მთავრობაში რომ ცვლილებები მოიაზრებოდა, დიდი ხანია მსჯელობის საგანი იყო. არც ის ყოფილა მოულოდნელი, რომ გიორგი გახარია პრემიერი გახდებოდა, მის პრემიერობაზე ლაპარაკი იყო არა გუშინ და გუშინწინ, არამედ ეს მოსაზრება 20 ივნის მოვლენებამდე იყო და ასევე ისიც,რომ შს მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებდა.
ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა. უბრალოდ, იმ პროცესებმა, რაც 20-21 ივნისს მოხდა, ეს გადაწყვეტილება გარკვეული პერიოდით გადაავადა. როგორც ჩანს, „ქართული ოცნების" გუნდმა ჩათვალა, რომ ამ ნაბიჯის გადასადგმელად უკვე დროა და გადადგა კიდეც.
ამ გადაწყვეტილებაზე პროტესტი რა თქმა უნდა არის. გარკვეულწილად ეს პროტესტი შეიძლება იყოს საზოგადოების ფართო მასების მხრიდანაც, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას რომ მნიშვნელოვანი აქციები მოჰყვეს, ეს გამორიცხულია. იმდენჯერ იყო ნათქვამი გახარიას გაპრემიერებაზე, რომ საზოგადოება ამას ემოციურად შეეგუა. საქართველოში კი საპროტესტო ტალღა ძირითადად ემოციის ფონზე მიმდინარეობს ხოლმე. არ ველოდები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი პროტესტები დაიწყება.
გიორგი გახარიამ უნდა წარადგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და ამასთანავე, სამოქმედო პროგრამა. სამოქმედო პროგრამა შესაძლოა იყოს ტრაფარეტული, ან შესაძლოა არსებობდეს რაიმე სერიოზული პროექტი, რომლის განხორციელებასაც ხელისუფლება შეძლებს.
რა იქნება ეს, გამოჩდება - აქვს თუ არა ხელისუფლებას რეალური პროგრამა, რომელიც ამ ერთი წლის გამნავლობაში რეალურ შედეგებს მოიტანს, თუ ეს არის უბრალოდ ძალის დემონსტრირება, რადგან ხელისუფლება ამომრჩეველს კარგავს და ის იძულებულია მხარდაჭერა ძალოვან სტრუქტურებში ეძებოს.
„რ": როგორ განიხილავთ ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნას და თქვენი აზრით, რა გახდა ლევან იზორიას თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი?
ვ.ძ.: ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობას „ქართულ ოცნებაში" მაინც და მაინც დადებითად არ შეხვდნენ. თუ ხელისუფლებას უნდა შეიქმნას იმიჯი, რომ ის არის ხისტი და მკაცრი პოლიტიკის გამტარებელი, ღარიბაშვილი სწორედ ასეთი პოლიტიკოსია და მას უნდა დაეკავებინა რაღაც თანამდებობა. ეკონომიკის მინისტრი რომ გამხდარიყო, ამ სიმკაცრის განცდას საზოგადოებაში ვერ შექმნიდა. ამიტომ რეალურად ორი ადგილი იყო - ერთი შს მინისტრობა და მეორე თავდაცვის მინისტრობა.
როგორც ჩანს, შს მინისტრად ღარიბაშვილის გამწესება „ქართული ოცნების" შიგნით გამოიწვევდა გარკვეულ დისონანსს. მოიძებნა ყველაზე „უმტკივნეულო" გადაწყვეტილება და იგი დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. იმ ფუნქციას, რასაც ჰქვია საზოგადოებაში აღქმა იმისა, რომ ხელისუფლება ხისტი და მკაცრი პოლიტიკის გატარებას აპირებს, ღარიბაშვილი ძალოვან სტრუქტურაში მაინც ასრულებს. ეს გახდა მიზეზი იზორიას გადაყენებისა და არა რაიმე სხვა.
„რ": რით იქნება განსხვავებული გიორგი გახარიას მოღვაწეობა, როგორც პრემიერ-მინისტრის, მათ წინამორბედებისგან, თუნდაც გიორგი კვირიკაშვილისგან ან მამუკა ბახტაძისგან?
ვ.ძ.: ბევრით არაფრით. ჩვენ კი ვამბობთ, რომ პრემიერები იცვლება, მაგრამ ძალაუფლება ვისაც აქვს და რეალური პრემიერი ვინც არის, უცვლელია 2012 წლიდან დღემდე. რომ გითხრათ, რომ გახარიას თავისუფალი მოქმედების უფლება ექნება, არ მგონია იმიტომ, რომ ძირითად საკითხები მაინც ბიძინა ივანიშვილთან უნდა შეათანხმოს. ამით უფრო, ასე ვთქვათ, ხისტი პოლიტიკა გატარდება. გახარია კატეგორიული იქნება ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის მიმართ. სხვა რაიმე მნიშნელოვანს არ ველოდები. კარგია, რომ ვცდებოდე და სხვაგვარად წავიდეს საქმე, მაგრამ სხვა მოლოდინები არ მაქვს.
„რ": თქვენი აზრით, რამდენად უკავშირდება ეს ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს?
ვ.ძ.: ეს ცვლილებები უკავშირდება სწორედ იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები თუ ვინმეს არ მოეწონება, ვერ გაბედოს ქუჩაში გამოსვლა, ან არასტაბილური გარემოს შექმნა და თუ ვინმე გაბედავს, მაშინ 20-21 ივნისის პროტესტი გაიხსენოს. დაახლოებით ასეთი შინაარსი აქვს.
როდესაც საარჩევნო წელი დგება, ხელისუფლებამ რაღაც ნაბიჯები უნდა გადადგას. გახარია ერთ-ერთი გამორცეული ფიგურა იყო და არის „ქართულ ოცნებაში". როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის სჯობია, რომ ის პრემიერი იყოს.
ამასთანავე, თავის გადაწყვეტილებით „ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ ის იწყებს „მკაცრი ხელის" პოლიტიკის გატარებას. ამასვე უკავშირდება ღარიბაშვილის გადასვლა ძალოვან სტრუქტურებში.
„რ": გიორგი გახარიას გაპრემიერებას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ „გახარიას ეყოფა სიმამაცე და რუსეთთან ღია მოლაპარაკებაზე წავა". როგორ განიხილავთ რუსი დეპუტატის ამ განცხადებას?
ვ.ძ.: ასეთი შეფასებები რუსების მხრიდან მომისმენია ყველა ხელისუფლების მიმართ. ძალიან ჩვეულებრივი ტრაფარეტული, დიპლომატიური განცხადებაა და მეტი არაფერი. მიხეილ სააკაშვილი როცა მოვიდა სათავეში, მაშინ პუტინმა თქვა, რომ მასთან ვითანამშრომლებთო.
მთავარი იქნება ის, თუ ამიერიდან ახალი მინისტრთა კაბინეტი და ივანიშვილი რა პოლიტიკას გაატარებენ. გახარია აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირი არ არის, ამიტომ მის მიმართ რა განცხადებებს გააკეთებენ, მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს.