ფინანსისტების აზრით, მისი გამყარება ამ ეტაპზე შეუძლებელია
თამარ მუკბანიანი
03.09.2019

 ლარმა კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამყარა და `ბლუმბერგის~ სისტემაში, 2 სექტემბერს, 2.97 ნიშნულსაც გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ინტერვენცია განახორციელა და მთავრობაც ამის შემდეგ დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებდა, ლარი ისევ უფასურდება და 3.0-ის ნიშნულს უფრო და უფრო უახლოვდება. 

ლარმა ახალი რეკორდი, 2 სექტემბერს გადალახა, არადა არც პოლიტიკური ვითარება, არც ეკონომიკის მდგომარეობა და არც ფუნდმენტური ფაქტორები ამის წინაპირობას არ ქმნის. მიუხედავად ამისა, ეროვნული ვალუტა უფრო და უფრო უფასურდება და შემოდგომის პირზე, უკეთესის მოლოდინიც არ ჩანს, რადგან წინა წლების გამოცდილებით, როგორც წესი, ყველაზე დიდი სავალუტო რყევები სწორედ შემოდგომის ბოლოს იწყება.

ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ბაზარზე გამოტანის შემდეგ მთავრობა იმედოვნებდა, რომ ლარი გამყარებას დაიწყებდა და ხალხსაც ამისაკენ მოუწოდებდა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავამ ცოტა ხნის წინ საკმაოდ დამაიმედებელ პროგნოზსს აკეთებდა. 

„ლარის კურსი მყარდება. ეს არის სტაბილური ტენდენცია, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი ანალიზი იყო სწორი - ლარი ხელოვნურად იყო გაუფასურებული. ეკონომიკა იზრდება, საგადასახდელო ბალანსი უმჯობესდება. შესაბამისად, არანაირი ორგანული მიზეზი ეკონომიკაში არ არსებობს იმისა, რომ ლარი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურებული. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. ლარის გამყარების ტენდენცია ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ადეკვატურია.

რეალურად, კურსის რყევა მოჰყვა 20 ივნისის მოვლენებს, დესტაბილიზაციის მცდელობას და პარლამენტზე შტურმს. შემდეგ ეს აისახა ნეგატიურ საინფორმაციო ფონში, ძალიან ბევრი სპეკულაციური განცხადება გაკეთდა, რომელიც აღრმავებდა ნეგატიურ მოლოდინს. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნეგატიურ მოლოდინებს შეუძლია, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის კურსის რყევა გამოიწვიოს", - აცხადებდა თურნავა.

რისი ადეკვატურია დრევანდელი კურსი და რითია განპირობებული მისი მუდმივად დაღმავალი კურსი, მთავრობა აღარ საუბრობს, ანალისტიკოსებს კი დადებითი მოლოდინი საერთდ არ აქვთ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე კი, სულ რაღაც 1 კვირის წინ, როცა ლარი დოლართან მიმართებით 2.94 ღირდა, ამბობდა, რომ რთულია ამ პროგნოზის გაკეთება, თუმცა ყველაფერი იმაზე კარგად იქნება, ვიდრე  პროგნოზირებდნენ.

„მცურავი კურსის ფარგლებში შეუძლებელია კურსზე პროგნოზების გაკეთება. ლარის კურსზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენების გამო შეიქმნა მოლოდინი, რომ სავალუტო შემოსავლები უფრო ცუდი იქნებოდა, ვიდრე სხვა შემთხვეაში, რამაც მოახდინა გავლენა კურსზე. მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ის ანგარიში, რომელიც არის დღეს, იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩვენ ვპროგნოზირებდით. 

რაც შეეხება ზომებს, ჩვენ ლარის კურსისთვის განსაზღვრული ნიშნული არ გვაქვს. 4 სექტემბერს შეიკრიბება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ და ჩვენს მოსაზრებებს შეგატყობინებთ ყველას", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. აქედან გამომდინარე, სწორედ  დღეს გაირკვევა, როგორ იმოქმედებს ეროვნული ბანკი გაცვლით კურსზე. 

ანალიტიკოსი ნიკა შენგელია კი "რეზონანსთან" ამბობს, რომ შემოდგომის განმავლობაში ლარი ვერ დასტაბილურდება და 3.0-ის ფარგლებში იმერყევებს. იგი მიზეზად ინვესტიციების ნაკლებობას და ეროვნული ბანკის არასწორ ფულად საკრედიტო პოლიტიკას ასახელებს. 

,,ლარის ასეთი მერყეობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია და მიზეზებიც იგივე, - ინვესტიციების ნაკლებობა და ეროვნული ბანკის არასწორი ფულად საკრედიტო პოლიტიკა. ნაცვლად იმისა, რომ სებ-ი ახორციელებდეს სხვაგვარ პოლიტიკას, ისევ ჩვეული რეჟიმით აგრძელებს მუშაობას. სავალუტო აუქციონზე გამოტანილი 32 მლნ დოლარი, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი დადებითი მოლოდინის შესაქმნელად. გარდა ამისა, როდესაც სებ-ი რეზერვებს ავსებს სხვა თანხებით (იგულისხმება გრანტები და სახელმწიფო სესხები), ის რეგულაციის მიზნით წესით სახაზინო რეზერვებს უნდა აძლევდეს კომერციულ ბანკებს, რათა ზედმეტი ლარი ამოიღონ ბრუნვიდან. ორი წლის წინ, ეს იყო დაახლეობით ნახევარ მილიარდ ლარამდე და შემდეგ დაიყვანეს 80 მლნ-მდე. ახლა, სებ-ი, ფაქტობრივად, ზედმეტ ფულს აწვდის ქართულ ბაზარს, რაც იწვევს სავალუტო რყევებს.  

ჯერჯერობით, არ ველოდებით ლარის გამყარებას, მაგრამ ჩვენი გათვლებით ნავარაუდევ მაქსიმუმს - 3.10-იან ნიშნულსაც არ მიუახლოვდება. მომავალი საარჩევნო წლის ფონზე, მთავრობა და ეროვნული  ბანკი ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ შემოდგომის პერიოდში, ლარი მაინც 3,0 ნიშნულის ირგვლივ იტრიალებს და ამის შემობრუნება ამ ეტაპზე შეუძლებლად ჩანს”, - ამბობს ანალიტიკოსი.

თუ ძირეული ცვლილებები არ მოხდა ეკონომიკაში, ლარის გაუფასურება გაგრძელდება. ფინანსისტ მიხეილ თოქმაზიშვილს მიაჩნია, რომ ამჟამინდელი სავალუტო რყევების მთავარი მიზეზი, პოლიტიკური არასტაბილურობაა.

,,ბოლო პერიოდში ლარზე პოლიტიკური ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს. ამ კუთხით პრემიერის წარდგენა, ნამდვიალდ იყო გარდამტეხი მომენტი. ბუნებრივია, როცა ამ მასშტაბის ცვლილებები ხდება პოლიტიკაში და ამდენი პასუხგაუცემელი კითხვაა, ეს მოსახლეობის მხრიდან ვალუტის ნდობის კუთხითაც აშკარად აისახება. ამასთან, ინვესტორებიც პაუზას იღებენ. 

მთლიანობაში ის, რომ ყველგან უნდობლობაა, აისახება ყველაფერზე. პროგნოზი დღევანდელი მდგომარეობით უნდა გაკეთდეს, რაც აშკარად კარგად ასახავს უახლოეს პერიოდსაც. რეალურად არავითარ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ, თუკი ეკონომიკაში ძირეული ფატორები არ შეიცვალა. ვერავითარი ხელოვნური ჩარევა და ინვესტიციები, ვერ გადაფარავს იმ წნეხს, რაც დღეს ლარზე მოდის”, - განუცხადა ,,რეზონანსს” თოქმაზიშვილმა. 

4 სექტემბრის ოფიციალური გაცვლითი კურსი, 2.96-ია და სავალუტო ბაზარი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×