„არ მჯერა, რომ „ევროპულ საქართველოში“ განხეთქილებაა. მგონია, რომ თამაშია. მაგრამ თუ გიგის (უგულავას) მხრიდან მართლაც იქნება რადიკალური სვლები, მაშინ ჩავთლი, რომ ეს თამაში არ არის“, - ასე ეხმაურება პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი გავრცელებულ ინფორმაციას „ევროპულ საქართველოში“ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მწავედ დაუპირისპირდნენ გიგი უგულავა და გიგა ბოკერია და შეიძლება გიგი უგულავამ პარტია დატოვოს. მეორე ინფორმაციით, პარტიის დატოვებას აპირებს ელენე ხოშტარიაც, რომელიც, სავარაუდოდ, კამპანია "სირცხვილიას" წარმომადგენლებთან ერთად ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებს.
ლიდერებს შორის არსებულ კონფლიქტს არ ადასტურებენ პარტიაში და აცხადებენ, რომ მათ შორის მხოლოდ ჯანსაღი დისკუსიაა.
„პირადად მე არ მჯერა ამ შიდაპარტიული დაპირისპირების და უფრო თამაში მგონია. მაშინ გიგი უგულავამ უნდა თქვას, იგი მხოლოდ ჩორგოლეიშვილს ემიჯნება, თუ ოთო კახიძეს და დავით ბაქარძესაც, რადგან მათი განცხადებები ერთი-ერთში ჯდება ჩორგოლეიშვილის განცხადებებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ არის ჭორაობა, მეგობრის ცოლზე ჭორაობა კი კარგი არ არის.
„იცით რა არ მომეწონა - „ევროპული საქართველო“ აცხადებდა, რომ დასავლური ორიენტაციის პარტიებს მის გარშემო შემოიკრებდა, მაგრამ ასე ხომ არ მოხდა? ჩემს მოსაზრებას კი არ ვამბობ, პროცენტებში ვლაპარაკობ და ყველამ კარგად დაინახა, რამდენი ხმა აიღო საპრეზიდენტო არჩევნებში „გაერთიანებულმა ოპოზიციამ“. ასე რომ, „ევროპული საქართველო“ ვერ გახდება პირველი ოპოზიციური ძალა.
„დღეს ქვეყანაში ერთი ოპოზიციური ძალა არის „გაერთიანეული ოპოზიცია“, რომლის დაშლაც უნდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. რატომღაც ძალიან საეჭვოდ ემთხვევა „ევროპული საქართველოს“ სურვილი დაიშალოს „გაერთიანებული ოპოზიცია“ ივანიშვილის სურვილს.
„არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. გიგისგან ველი რაღაც მოძრაობებს და თუ მოხდა, მაშინა დავიჯერებ მის გულწრფელობას, თუ არა და ისევ ჩავთლი, რომ ეს არის თამაში შეიძლება პარტიის გადასარჩენადაც.
„რაც შეეხება ელენე ხოშტარია, მე მას პატივს ვცემ და გამიხარდება, თუ კარგ საქმეებს გააკეთებს, გინდა „კმარა“ შეუქმნია და გინდა სხვა ორგანიზაცია. მთავარია საერთი საქმეს გამოადგეს. დღეს ჩანს, რომ პროცესი დაღმა მიდის და ყველაფერი ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. გათიშვის დრო არ არის, პირიქით, უნდა გავერთიანდეთ და ერთად ვიბრძოლოთ ქვეყნის გადასარჩენად", - განაცხადა „რეზონანსთან“ თაკო ჩარკვიანმა.