ერთი თვის წინ გახსნილ გლდანისკენ პარკში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, პარკი "დაზიანებული და გაუბედურებულია". კალაძემ მერიის შესაბამის სტრუქტურებს უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით ზომების გამკაცრება მოსთხოვა.
"სამწუხაროდ უნდა ვთქვა, ძალიან არ მსიამოვნებს ამაზე რომ მიწევს დღეს საუბარი, გვაქვს ვანდალიზმის ფაქტები. დღეს, შემიძლია გითხრათ, რომ პარკი არის დაზიანებული, გაუბედურებული. ერთი თვის წინ გავხსენით, ყველა ბედნიერი და გახარებული იყო ჩატარებული სამუშაოებით და დღეს, ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ ადგილებს, რომელიც არის დალეწილი, დარბეული, რაც ძალიან მძიმეა.
ის, რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი კეთდება თქვენი ფულით, როდესაც ჩვენ ხელფასს ვიღებთ, გარკვეული გადასახადი მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში, შესაბამისად ეს თანხები იხარჯება იმისთვის, რომ ქალაქში, ქვეყანაში, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. მე მინდა მოვუწოდო ყველას, ჩვენ ნამდვილად არ შევეგუებით ვანდალიზმს და თავს არ დავუხრით. მინდა დავავალო ჩვენს სამსახურებს, რომ მაქსიმალურად გავამკაცროთ ზომები, ეს იქნება როგორც უსაფრთხოების სამსახური, ასევე მუნიციპალური ინსპექცია. თუ საჭიროა, დაამატეთ კამერები და დავაყენოთ ადამიანები, ვინც დროებით მაინც პატრულირებას გაუწევს, თუმცა მგონია, რომ ასევე ადგილობრივი მოსახლეობაც უნდა დაგვეხმაროს, ეს მათი საკუთრებაა, მათი თხოვნით გაკეთდა ეს პროექტი", - განაცხადა კალაძემ.
გლდანის განახლებული პარკი 2 აგვისტოს გაიხსნა. ახლადრეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარეობს.

წყარო: იმედი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე