თამარ შუკვანი
04.09.2019

 პარლამენტმა მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობა დღეს დაიწყო. სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს უსმენენ, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს. „ევროპული საქართველო" საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას არ ესწრება.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ოპოზიციის პროტესტს სამწუხაროს უწოდებს და აცხადებს, რომ სხდომაზე ყველა კითხვას ღიად გაეცემა პასუხი.

„ის განხილვა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლებლობა იქნება ყველა არსებულ კითხვაზე დეტალურად ვისაუბროთ. ვწუხვარ, რომ ოპოზიცია არ ესწრება ამ განხილვებს, რადგან ხშირად გვესმის სხვადასხვა სახის დაუსაბუთებელი პრეტენზიები სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის, საგარეო კურსის სიმყარეზე თუ ოკუპაციაზე. მაშინ როცა რეალურად არსებობს შესაძლებლობა ძალიან ღიად ყველა კითხვას ვუპასუხოთ, ჩვენ ვხედავთ იმას რაც ხდება დარბაზში," - განაცხადა ხულორდავამ.

„ევროპული საქართველოს" მსგავსად სხდომას არ ესწრება „ნაციონალური მოძრაობა". პარტიის ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო პროტესტი, რომელიც დღემდე გრძელდება, უფლებას უზღუდავთ ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენები.

„კომიტეტის სხდომები დაიწყო რეგლამენტის დარღვევით. არიან ადამიანები, ვისაც სურთ დაესწრონ სხდომებს, რადგან ეს საჯარო მოვლენაა. დღეს პარლამენტის შენობა ჩაიკეტა მოქალაქეთათვის. ეს არის შეშინებული ხალხი. ამიტომ ჩვენ რუტინულ რეჟიმში არ ვაპირებთ განხილვების წარმოებას.

„რა სინდისით მოდის ზალკალიანი აქ, ჩემთვის გაუგებარია. დღეს, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მოქალაქეების პროტესტი გრძელდება პარლამენტის შენობასთან, არ გვაქვს უფლება რუტინულ რეჟიმში გაგრძელდეს მოსმენები," - აღნიშნა სამადაშვილმა.

სამადაშვილის აზრს იზიარებს თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი არ გახდეს.

„კრიმინალი გახარიას მთავრობის დამტკიცების ფარსში მონაწილეობას საკომიტეტო განხილვების ფორმატში არ ვაპირებთ, მაშინ, როდესაც 2 თვეზე მეტია ჩვენი თანამოქალაქეები ითხოვდნენ გახარიას გადადგომას შს მინისტრის თანამდებობიდან. ვუერთდებით პროტესტს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, როგორც გავრილოვი ვერ მოკალათდა კომფორტულად პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ისე ვერ მოკალათდეს ჯალათი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის სავარძელში," - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისათვის, 3 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა. გახარიას შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლებს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. საკადრო ცვლილებები ძირითადად ძალოვან უწყებებს შეეხო; თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა. ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×