თამთა ჩაჩანიძე
04.09.2019

 „პარლამენტის თავმჯდომარე აკონტროლებს ამ ვითარებას, არსებული რეგლამენტით, გუშინ ძალიან სავალალო მაგალითი იყო იმისა თუ როგორ შეიძლება ოპოზიციამ გამოიყენოს საშვების სისტემა, რათა სხდომა ჩაშალოს, დესტრუქცია მოაწყოს და ყოვლად სამარცხვინო საქციელი ჩაიდინოს, ეს პარლამენტისთვის შესაფერისი ფორმატი არ არის,"-ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ოპოზიციის პროტესტს, რომლებიც დღეს პარლამენტში საშვებით შესვლას და თავიანთი აზრის დაფიქსირებას ცდილობენ.

პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს, აქციას არასაპარლამენტო ოპოზიცია მართავს, ისინი საკანონმდებლო ორგანოში საკომიტეტო მოსნემებზე დასწრებას ცდილობდნენ, თუმცა პარლამეტში სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებმა ისინი სხდომაზე არ შეუშვეს, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათი არ შეშვება კანონდარღვევაა, რადგან მათზე საშვია დაშვებული და ასევე მათ როგორც საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ საპარლამენტო საჯარო სხდომებს დაესწრონ.

„ოპოზიცია აპირებს ელაპარაკოს ხალხს, საზოგადოებას, დღეს ჩვენი მიზანი არის ის, რომ ბოლომდე ჩამოვხსნათ ფარდა ამ უკიდეგანო უკანონობაში გადასულ ხელისუფლებას, ყოველგვარ კანონს არღვევენ, ჩვენ მოვედით მშიდობიანად, ჩვენ ამ ყველაფერს ვაფიქსირებთ იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან გვაქვს ინტენსიური კავშირი, და მუდმივად ინფორმაციას ვაწვდით, მე, წინა მოწვევის პარლამენტის წევრს, არ მაძლევენ პარლამენტში შესვლის უფლებას," - აცხადებს პარტია „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

აქციის პარალელურად, პარლამენტში სამი გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს დავით ზალკალიანს უსმენენ, რის შემდეგაც ასევე სამ კომიტეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ბატიაშვილი და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკა ტიკარაძე მივლენ.

პარლამენტში დეპუტატები დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიასაც მოუსმენენ.

ოპოზიციამ მინისტრობის კანდიდატების მოსმენაზე უარი განაცხადა, მათი თქით, ისინი არ დაესწრებიან სხდომას და არ დასვამენ კითხვებს, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზალკანიანი სამთავრობო პროგრამას წარადგენეს.

3 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეეზღუდათ იმ პირებს, ვისაც არ ჰქონდა პარლამენტის სპეციალური აკრედიტაცია, მაგრამ ჰქონდათ საშვი. გუშინ აქციის მონაწილეთა ნაწილმა შეძლო, რომ შესულიყო საშვებით და დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი, თუმცა ნაწილს ამისი უფლება აღარ მიეცათ, რამაც ოპოზიციასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. დღეს შეზღუდვა ისევ ძალაშია, არც აქციის მონაწილეებს, არც ყოფილ დეპუტატებს და არც არასაპარლამენტო ოპოზიციას არ აქვთ უფლება, რომ საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ, ოპოზიციის თქმით, არშეშვების მიზეზად სმართალდამცავები ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის ბრძანებას ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პარლამენტის წინ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას აპროტესტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×