„ამ საკადრო ცვლილებებით ივანიშვილმა მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი და გასაგებად უთხრა საზოგადოებას, რომ ის და „ქართული ოცნება" არის პრორუსული მთავრობა. როდესაც ღარიბაშვილი და გახარია ამ პოსტებს დაიკავებენ, არ გამოვრიცხავ განცხადებები გაკეთდეს რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის დათბობის შესახებ," - ასე აფასებს „რეზონანსთან" „ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი წევრი ანა მიროტაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრ გიორგი გახარიას კანდიდატურის წარდგენას.
მიროტაძის განცხადებით, მიუხედავად საკადრო ცვლილებებისა, მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ვერ მოიგებს.
„ქართულმა საზოგადოებამ თავი უნდა დაანებოს მითებით ცხოვრებას ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების" შესახებ. უნდა დაინახოს ის რეალობა, რა რეალობაშიც უშუალოდ ივანიშვილმა ქვეყანა ჩააყენა. რუსეთი საქართველოსთვის განვითარება არ არის, პირიქით, ეს წარსულია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას რუსეთში დაბრუნება არ სურს. „ქართული ოცნების" და ბიძინა ივანიშვილის სურვილები რადიკალურად აცდენილია იმ მისწრაფებებთან, რომელიც მოსახლეობას აქვს.
„ეს ხელისუფლება, რომელიც საკადრო ცვლილებებზე საუბრობს, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეები უარს ეტყვიან და ხელისუფლებიდან ჩამოაშორებენ. რამაც ამ წლების განმავლობაში იმუშავა, „თუ „ქართული ოცნება" არ მოგწონთ, „ნაციონალური მოძრაობა" მოვა," - ეს ახლა აღარ იმუშავებს, რადგან ეს გამოწვევა მოსახლეობისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
„ახლა არჩევანი არ არის ივანიშვილისა და სააკაშვილს შორის, ან „ქართულ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობას" შორის, ახლა არჩევანი არის წარსულსა და მომავალს შორის, რუსეთსა და დასავლეთს შორის, რეგრესსა და პროგრესს შორის. ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ აიღო კურსი ჩრდილოეთისკენ. რას იზამს პუტინი არ ვიცი, მაგრამ ვიცი რა უნდა ქნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ. ჩვენ გამოგვიწვია ბიძინა ივანიშვილმა.
„20-21 ივნისის ამბავს რაც შეეხება, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იყო და რჩება გახარიაზე. არ აქვს მნიშვნელობა ის პრემიერ-მინისტრი გახდება თუ არა. გვახსოვს ვანო მერაბიშვილი, რომელიც 26 მაისის მოვლენების შემდეგ შს მინისტრი გახდა, თუმცა ახლა ვიცით სადაც არის მერაბიშვილი. შესაძლოა ისინი იმ მძიმე შედეგებზე არც ფირქობენ, რაც ასეთ უტიფრობას მოყვება-ხოლმე," - აღნიშნა მიროტაძემ.
მისი თქმით, პარლამენტი იმ მთავრობას დაამტკიცებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს სურს.
„არ მაქვს იმის ილუზია, რომ ეს პარლამენტი, რომელიც მონების პარლამენტია, ვინმეს წინააღმდეგობას გაუწევს, პირიქით, იქნება ტაში. თუ საპარლამენტო ორგანომ ეს ტაში ვერ გაიგონა, განმეორებით იქნება. ტაშის ფონზე დაამტკიცებენ იმ მინისტრთა კაბინეტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს აწყობს. დარწმუნებული ვარ წინააღმდეგობის გარეშე მოხდება ახალი მთავრობის დამტკიცება.
„ივანიშვილი იმ კრიტერიუმებით აფასებს კანდიდატებს, თუ რამდენადაც მაღალია მონობის საწყისში. ასევე თუ ფლობს მასზე ზეგავლენის ბერკეტებს, მაგალითად კომპრომატებს. თუ აქვს მიღებული მონაწილეობა იმ ადამიანის ბიოგრაფიის შექმნაში ან რაღაცით არის ვალდებული. დაწინაურების მთავარი და ძირითადი განმსაზღვრელი კი მონობაა," - განაცხადა ანა მიროტაძემ.
ცნობისათვის, 3 სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრის გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა. გახარიას შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლებს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. საკადრო ცვლილებები ძირითადად ძალოვან უწყებებს შეეხო; თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა. ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.