მას შემდეგ, რაც რუსთავი 2 თანამშრომლებმა დატოვეს, საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, დაიწყებდა თუ არა ტელევიზია საშემოდგომო სეზონს და კონკრეტულად ვინ დარჩებოდა და ვინ წავიდოდა არხიდან.
არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საზოგადოების ინტერესს ნაწილობრივ უპასუხა, თქვა, რომ განახლებული სეზონიდან მაყურებელი რუსთავი 2-ზე ბევრ სიახლეს იხილავს.
„კომედის ჯგუფის ძალიან დიდი ნაწილი ჩვენთან არის. ჩვენთან არის მაია ასათიანი, ჩვენთან არის შუადღის და დილის გადაცემების ძალიან დიდ ნაწილი, შესაბამისად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ეთერში შევიდეთ იმ დაგეგმილი გრაფიკით, რაც იყო და ძალიან მალე დავბრუნდეთ "კურიერით". მე ვსაუბრობ რამდენიმე დღეზე, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე სრულყოფილად მივაწოდოთ მაყურებელს ინფორმაცია პირველებმა, რაც ხდება ქვეყანაში " - განაცხადა, არხის გენერალურმა დირექტორმა.
რუსთავი 2-ს დილის გადაცემა უახლოეს პერიოდში გავა ეთერში. „დილამ შვიდობისა საქართველოს" შემოქმედებითი გუნდის ნაწილმა არხი დატოვა, თუმცა ჯგუფის დარჩენილი ნაწილი მუშაობას განახლებულად გააგრძელებს.
დილის გადაცემის წამყვანმა ანი გიუნტერმა „ამბები.ჯის" დაუდასტურა, რომ არხზე რჩება.
„კონკრეტულად მე რაც მეხება, იმას გეტყვით, რომ რუსთავი 2-ზე მუშაობას ვაგრძელებ. ახალი სატელევიზიო სეზო¬ნის დაწყების თარიღი ჯერ დადასტურებული არ არის, მაგრამ გუნდი უკვე სამუშაო რეჟიმშია. სწორედ ახლა გვაქვს საცდელი სინჯის ჩაწერა თანაწამყვანებთან, რომელთა სახელებისა და გვარების გაგონება, დამერწმუნეთ, ყველას გააკვირვებს.
"სპორტულ ჟურნალისტებს საკუთარ საქმიანობაში საერთაშორისო გამოცდილებაც აქვთ და ძალიან ღრმა ცოდნაც. ამიტომ ასეთ ადამიანებთან მუშაობა კომფორტულია. ასე¬ვე შერჩეულები არიან ინტერნეტმიმომხილველები, თუმცა მათ გვარებს ჯერ¬ჯერობით ვერ დავასახელებ, ისინი საზოგადოებისთვის ნაცნობი სახეები არიან," - განაცხადა გიუნტერმა.
რუსთავი 2-დან კადრების წასვლის შემდეგ, ტელეკომპანიის გასართობი შოუების შემოქმედებითი ჯგუფი- „კომედი გჯუფიც" გაიყო, რუსთავი 2-დან წასული „კომედი ჯგუფის" მსახიობები ნიკა გვარამიას მიერ დაარსებულ „მთავარ არხზე" გადავიდნენ.
ახალი სატელევიზიო სეზონისთვის „მთავარი არხიც" ემზადება, რომელიც ეთერში 9 სექტემბერს გავა. რუსთავი 2-დან წასული „კომედი ჯგუფის" წევრები თამარ ლეკვეიშვილი, ნიკა გრიგოლია, ვასო ფხაკაძე, თათია სულიაშვილი და საზოგადოების სხვა ნაცნობი სახეები „მთავარ არხზე" სატელევიზიო სეზონისთვის ემზადებიან.
"ვემზადებით პირველი ეთერისთვის" - ამ სათაურით დაპოსტა ფეისბუქზე „ვანოს შოუმ", რომელიც ახალი სატელევიზიო ეთერიდან „მთავარ არხზე" დაბრუნდება. ამ დროისათვის შოუს მომავალი მოღვაწეობის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.
ალეკო მალხაზიშვილი „რუსთავი 2"-ზე კომედი შოუს გუნდის დიდ ნაწილთან ერთად რჩება. მალხაზიშვილი აგრძელებს იმ გადაცემების კეთებას, რომელთა ხილვასაც მიჩვეულია მაყურებელი ამ ტელეკომპანიის ეთერში, მათ შორისაა „გვიანი შოუ", „გააცინე და მოიგე", „ფარული კონვერტი".
მალხაზიშვილი ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში აბობს, რომ, „კომედი ჯგუფში" 50 წევრისგან მხოლოდ 13 წავიდა. მისივე თქმით, სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებენ და შემდგომში თუ მსახიობებს არხის მენეჯმენტისგან რაიმე სახის ზეწოლა ექნებათ, არხიდან წავლენ.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და არ ვაპირებთ პოლიტიკის შეცვლას. ხელმძღვანელობისგან რაიმე სახის ზეწოლა თუ იქნება, მერე ჩვენც ავდგებით და წავალთ. დღევანდელი სიტუაცია ასეთია - იმავენაირად აგრძელებენ მუშაობას, „რუსთავი 2"-ზე რჩება ყველა ის პროექტი, რომლებსაც ჩვენი გუნდი აკეთებდა," - ამბობს მალხაზიშვილი.
რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა ნინო შუბლაძის არხზე დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს და აცხადებს, რომ ყველაფერი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
„მოდით, დღეს აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ გავაკეთებ და ხვალ ჩვენი არხის მეშვეობით გაიგებთ სიახლის შესახებ", - განუცხადა სალიამ „ინტერპრესნიუსს".
შეგახსენებთ, რომ როგორც მანამდე გავრცელდა, "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურს ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ საინფორმაციო გადაცემა „კურიერს" თამარ ურუშაძე წაიყვანს და შესაძლოა ტელეკომპანია „იბერიას" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვახო ხუზმიაშვილიც ვიხილოთ, თუმცა კონკრეტულ ჟურნალისტებზე გავრცელებული ინფორმაცია რამდენად შეესაბამება რეალობას, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-დან პაატა სალიას მიერ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შემფეგ, არხი „კურიერის" თითქმის მთელმა გუნდმა დატოვა.