ია აბულაშვილი
04.09.2019

 აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კოჰაბიტაციის ფარგლებიდან მაქსიმალურად გასვლას. "ნაციონალებთან" შეურიგებლობა გახარიას მეთაურობით უფრო გამოვა და მას ღარიბაშვილიც დაეხმარება - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციის განცხადებებს, რომ გახარიას გაპრემიერება, "ოცნების" დასასრული იქნება.

"როდესაც საუბარი დაიწყო სამთავრობო ცვლილებებზე, ვამბობდი, რომ "ოცნებას" გაუჭირდებოდა პრემიერ-მინისტრის პოვნა, რადგან ერთწლიან ვადაში არავინ ისურვებდა ამხელა პასუხისმგებლობის აღებას. ახალაც ვფიქრობ, რომ გახარია არ უნდა იყოს დიდად აღფრთოვანებული ამ ტვირთის აღებით, მაგრამ ალბათ 20 ივნისის მოვლენებიდან გამომდინარე დათანხმდა. მეორე მხრივ, აშკარად იკვეთება ტენდენცია, რომ "ქართული ოცნება" აპირებს კოჰაბიტაციის ფარგლებიდან მაქსიმალურად გასვლას. "ნაციონალებთან" შეურიგებლობა გახარიას მეთაურობით უფრო გამოვა და მას ღარიბაშვილიც დაეხმარება.

საინტერესო თანამდებობა იქნა შეთავაზებული იზორიასთვის, იგი კარგი ანალიტიკოსია და პოლიტიკური განცხადებებისა და შინაარსის მოძრაობის საშუალება ექნება, რაც თავდაცვის მინისტრობის პერიოდში არ შეეძლო. იმ ფონზე, რომ არჩევნებამდე ერთი წელი რჩება, დრო კი ძალიან ცოტა აქვთ, რამდენად შეძლებენ რაღაც მნიშვნელოვანის ჩვენებას და საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოხდენას არ ვიცი. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მარტო სისტემის გაცნობა საკმაოდ შრომატევადი საქმეა.

რაც შეეხება ოპოზიციას და მის პროტესტს, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ ამ განცხადებებს. ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა და რადგან "ოცნებამ" თავის დროზე არ წამოწია ის თემა, რომ "ნაციონალების" ნაბიჯები იყო გადაგმული რუსეთისკენ, ახლა "ნაცმოძრაობა" ამას "ოცნებას" აბრალებს. მაგრამ ერთი საინტერესო მომენტია, თუ ქვეყანაში იზრდება რუსეთის გავლენა, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებას აბრალებს, ამ ფონზე აშშ საქართველოში ელჩად ნიშნავს ისეთ ფიგურას, რომელიც სწორედ საზღვაო-სამხედრო მიმართულებით არის მრჩეველი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ანაკლიის პორტს უკავშირდება. ამიტომ ოპოზიციის ბრალდებები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და ცდილობენ მხოლოდ საზოგადოებაში შექმნან შთაბეჭდილება, რომ უცხოეთმა საქართველოს ზურგი აქცია.

სამწუხაროდ, ისევ "ნაციონალური მოძრაობა" და ამ ნიშნის პარტიები რჩებიან დღეს ოპოზიციურ ფრონტზე და არც ახალი რამ შეუქმნიათ თავის სტრატეგიაში. ოპოზიცია ავტომატური გამეორებების რეჟიმში რჩება, რომ ვიღაც არის რუსეთის აგენტი. ყველა არჩევნებს აგებს და დასკვნებს ვერ აკეთებს. ეს არის ოპოზიციის ინტელექტუალური პრობლემა. რაც შეეხება საპროტესტო ტალღას, რომელიც, ოპოზიცის მტკიცებით, რყევებს გამოიწვევს, ეს ასე არ იქნება, თუმცა რაც არ უნდა მოხდეს "ნაციონალები" ქართულ პოლიტიკაში თამადის ადგილს ვეღარ დაიკავებენ, პოლიტიკურ სუფრაზე კი ჭიჭყინა წევრები იქნებიან, რომლებიც საზოგადოებას მხოლოდ აღიზიანებენ," - განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×