სახელმწიფოს მიერ მედიკამენტებისათვის გამოყოფილ თანხას ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ითვისებს. ამ დროს კი, მოსახელობას წამლების შესაძენი ფული არ აქვს და ოჯახების შემოსავლის დიდი ნაწილი აფთიაქში იხარჯება.
ე.წ. იაფი წამლების პროგრამას სხვადასხვა სახით, უკვე სამი წელია საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. წინა წლებში პროგრამა წარუმატებული აღმოჩნდა და მისით ბენეფიციართა მინიმალურმა რაოდენობამ ისარგებლა, რაც სამინისტრომ არასათანადო საინფორმაციო კამპანიით ახსნა.
2018 წლის სექტემბერში ახალი ტალღა დაიწყო, პენსიონერებს და შშმ პირებს აგვისტოს დასაწყისში ფიქსირებული ღირებულების ნახევარ ფასად შეუძლიათ მიიღონ წამლები. აღმოჩნდა, რომ ისევე როგორც შარშან პრობლემები კვლავ რჩება და 2017 წლის მსგავსად, მომხმარებელმა ვერც წლეულს ისარგებლა სრულფასოვნად სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხით ნაყიდი მედიკამენტებით.
სამინისტროს გათვლით, უფასო მედიკამენტების პროგრამა დაახლოებით 150 000-დან 200 000-მდე ადამიანზე უნდა გავრცელებულიყო. თუმცა, სერგეენკოს უწყების მიერ "რეზონანსისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, "ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით" 2017 წელს მხოლოდ 13 010 ადამიანმა ისარგებლა. 2018 წელს პროგრამაზე 22 651 ახალი ბენეფიციარი დარეგისტრირდა და შარშან მედიკამენტების პროგრამით ჯამში 29 483 ადამიანმა ისარგებლა (ანუ აფთიაქს მიმართა და წამლები გაიტანა). აქედან, გარკვეული ნაწილი ის ადამიანები არიან ვინც პროგრამაში 2017 წელს ჩაერთვნენ.
შარშან პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ათვისების პრობლემა ნამდვილად იყო. მისი უდიდესი წილი 2018 წლის ბოლოს, დეკემბერში გაიხარჯა. 2018 წელს „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ხაზინის დაზუსტებული მონაცემებით, ფაქტობრივი შესრულების მაჩვენებელი 7.6 მლნ ლარია. 11 თვის მონაცემებით, პროგრამის შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 590 ათასი ლარი იყო. ამდენად, მხოლოდ 2018 წლის დეკემბერში სოციალური მომსახურების სააგენტომ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მედიკამენტების შესყიდვაზე, დაახლოებით 6.5 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.
ჯანდაცვის პროგრამის პრობელემებზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი აზრით, მედიკამენტებზე გაძვირებული ფასების პირობებში, მთავრობა, ნაცვლად ადამიანების დახმარებისა, ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხებსაც ვერ ითვისებს:
"საზოგადოება დაიღალა `ქართული ოცნების~ ცრუ დაპირებებით. ჩვენ უკვე შვიდი წელიწადია ვუყურებთ, რომ მათ ვერც ერთი პრობლემა ვერ მოაგვარეს, რაც ეხება ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ისედაც მწირი თანხა არის გამოყოფილი ბიუჯეტში, იგივე, მედიკამენტების პროგრამაზე, რომ გაძვირებული მედიკამენტების პირობებში ადამიანებს სახელმწიფო დაეხმაროს და სამინისტრო იმასაც ვერ ითვისებს," - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
გასული წლის დეკემბერში, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდა და მას პარკინსონის და ეპილეფსიის მედიკამენტები დაემატა. აღნიშნული ცვლილება, სავარაუდოდ, პროგრამის ბიუჯეტის აუთვისებლობას უკავშირდება.
სამოქალაქო პლატფორმა "ახალი საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში მართვის ძირეული პრობლემა არსებობს, რის გამოც იაფი მედიკამენტებისა და ბევრი სხვა პროგრამაც სათანადოდ ვერ ხორციელდება.
"ფაქტია, ეს ე.წ. იაფი წამლების პროგრამა ყოველწლიურად კრახით სრულდება მას შემდეგ, რაც კი დაიწყო. არაერთხელ მითქვამს და დამიწერია, ისევ ვიმეორებ, ეს არის შედეგი ჯანდაცვის სამინისტროს არასწორი მენეჯმენტისა. როცა პროგრამას იწყებ, არ შეიძლება, ეს მხოლოდ ერთი სარეკლამო კლიპით და ერთი პრესკონფერენციით შემოიფარგლებოდეს. ვნახეთ, რომ შარშან ეს პროგრმა ვერ შედგა. ვერც შარშანწინ. ბენეფიციართა 5-6 პროცენტიც კი ვერ მოიცვეს, იგივე მდგომარეობაა წელსაც.
სამინისტრო თანხას ვერ ითვისებს, ხოლო მოსახლეობამდე ვერ მიდის ეს სიკეთე. ყველა ბენეფიციარს რომ ესარგებლა, გადახარჯვა იქნებოდა ბიუჯეტში. შარშან თავად სამინისტრომ აღიარა, რომ საინფორმაციო კამპანიის პრობლემა იყო, სამწუხაროდ, წელს ვერ გამოიტანეს დასკვნები შეცდომებიდან. უცნაურია, იწყებ პროგრამას და ამის შესახებ არ იციან მოქალაქეებმა, სამედიცინო პერსონალმა და სააფთიაქო ქსელებმა, ანუ პროგრამა ისევ არ მუშაობს", - განუცხადა ჩიხლაძემ
მედიკამენტების პროგრამას რომ უამრავი ხარვეზი აქვს, ,,რეზონანსთან” ხათუნა ჯღარკავაც ჰყვება, რომელმაც ორი თვის წინ გაიკეთა მძიმე ოპერაცია და ნუსხაში მოხვედრილი მედიკამენტის 50%-იანი ფასდაკლებით შეძენა ვერ შეძლო.
,,სამედიცინო მომსახურება ხომ ისედაც ძალიან ძვირი ღირს ყველგან და მით უფრო საქართველოში, სადაც ნორმალური დაზღვევა არავის გვაქვს და ხალხი ძალიან გაჭირვებულია. ორი თვის წინ მარცხენა ფეხზე სახსარი შევიცვალე. ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ოპერაციაც და შემდგომი მკურნალობაც. გამოწერამდე ორი დღით ადრე გავიგე, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მედიკამენტი, რომელიც დამენიშნა და 6 კვირის განმავლობაში უნდა დამელია, თურმე იაფი წამლების პროგრამაშია და 50%-იანი ფასდაკლებით შემეძლო შეძენა. გამიხარდა, მაგრამ როგორც გაირკვა, პროცედურები და უაზრო ბიუროკრატია ისე აქვთ აწყობილი, რომ წამალს მხოლოდ 4 კვირის შემდეგ მივიღებდი. ამ დროს ეს იყო წამალი, რომელიც ოპერაციის მერე, თრომბმა რომ არ მომკლას, 6 კვირა უნდა მესვა. შესაბამისად, ამ პროგრამით ვერ ვისარგებლე და მედიკამენტის შეძენა ისევ ძვირად მომიწია”, - აღნიშნა ხათუნა ჯღარკავამ ,,რეზონანსთან” საუბრისას.