
სასურველი ფორმის სხეულის მისაღწევად ადამიანები თვითნებურ დიეტებს ხშირად მიმართავენ, ექიმის კონსულტაციისა და ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დამოუკიდებლად ადგენენ საკუთარი კვების რაციონს და გასახდომ საშუალებებსაც თავად ირჩევენ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკებს შეიცავს. ალბათ, არაერთი გავრცელებული მადის დამთრგუნველი საშუალება გახსენდებათ, რომელსაც მოქალაქეები სოციალურ ქსელებში თუ პირად საუბრებში ხშირად უზიარებენ ერთმანეთს. მაგ. ყავის ხშირად დალევა, ლიმონიანი წყალი, ვაშლის ძმარი, ღებინების ხელოვნურად გამოწვევა და ა.შ.
ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაული ამჯერად ხსნადი ყავისგან გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს:
"ხსნადი ყავა ჯანმრთელობისთვის მაინც და მაინც სასარგებლო არ არის, რადგან მასში სხვადასხვა ფხვნილებია კომბინირებული. მე ვთხოვ პაციენტებს, რომ არ მიირთვან ხსნადი - კომბინირებულად დაფასოებული ფხვნილის ყავა. სასურველია, ავიღოთ ცალკე რძე და ცალკე ყავა, ნაღები და ყავა და ამ ფორმით შერეული მიირთვათ. და სულაც უმჯობესია ყავის მეორე ვარიანტი - დაფქვილი ყავის მარცვლებისგან მომზადებული. ზოგადი რეკომენდაციის სახით გეტყვით, რომ ორი ჭიქა ყავის დალევა დღეში საკმარისია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, დავუშვათ, თუ გვაქვს თირკმლის კენჭოვანი დაავადება, მაშინ არ იქნება ყავის დიდი რაოდენობით დალევა სასურველი. რადგან შარდმდენი ეფექტით გამოირჩევა, ყავის მოყვარული ადამიანები წყალს ივიწყებენ ხოლმე და ფიქრობენ, რომ მათ მიიღეს წყალი ყავის სახით, რაც არ არის სწორი. რაც შეეხება კოფეინს, მასზე ჯერჯერობით ერთმნიშვნელოვანი დასკვნა არ არსებობს. მეცნიერების აზრი ყოველთვის ორად იყოფა. ზუსტად ცნობილი არ არის, რამდენად მოქმედებს ის ჩვენს ნახშირწყლოვან ცვლაზე და რამდენად გვიქვეითებს მადას", - განუცხადა "ამბები.ჯის" ენდოკრინოლოგმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე