საგუშაგოებით „ომი" გრძელდება; ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურმა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სოფელ წნელისთან ქართული მხარის საპასუხოდ, ბლოკპოსტის მშენებლობა დაიწყო. თანაც დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგნელებმა წნელისში ქართული მხარის საგუშაგოს თავზე საოკუპაციო ბანერი დადგეს და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს. მათი განცხადებით, ეს „ჰუმანიტარული ოპერაციაა" ქართული მხარის „აგრესიული" ქმედებების პასუხად.
რა ტაქტიკურ-სტრატეგიულ ცვლილებასთან გვაქვს საქმე? ბოლო პერიოდში რატომ მოხდა ბლოკპოსტების თემის გააქტიურება?
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ეს არის პასუხი ოპოზიციისთვის და საზოგადოების იმ გარკვეული ნაწილისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
„საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მანამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვართან" ერიდებოდა რაიმე ტიპის სამხედრო აქტივობას, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ასეთი თავშეკავებულობა იწვევს იმ შედეგს, რომელიც ადამიანების გატაცებების გახშირებასა და სხვა ძალადობრივი ქმედებებს, - ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის, ფიზიკური უსაფრთხოების და გაადგილების დარღვევას გულისხმობს.
„გარდა ამისა, ოპოზიციის მხრიდან იყო მუდმივი კრიტიკა, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ადრინდელი ბლოკპოსტები გააუქმა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში იყო და ამით გარკვეულწილად, უსაფრთხოების სისტემა შესუსტდა," - განაცხადა ანჯაფარიძემ.
როგორც ოსური მხარის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, დროშა სპეციალურად აღიმართა ზღვის დონიდან 944,8 მეტრზე, ქართულ საგუშაგოზე მაღლა, რადგან ასე „დომინანტად იქცა საზღვრის იმ მონაკვეთში". საოკუპაციო რეჟიმის თქმით, ეს ქმედება მშვიდობიანი ნაბიჯია და მიზნად ისახავს „ოსეთის მოსახლეობის" დაცვას და არა საქართველოს მოსახლეობის შეშინებას.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან თადთაევი ჯავის რაიონის სოფელ სინაგურში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე გაეცნო სოფლის მახლობლად ქართული პოლიციის პოსტის მოწყობის სამუშაოებს.
სააგენტო „რესის" ცნობით, სინაგურის მცხოვრებლებმა იჩივლეს, რომ 25 აგვისტოდან ამ სოფლის შემოგარენში საქართველოს პოლიციის პოსტის მოსაწყობად სამუშაოები განახლდა. ოსი „დეპუტატები" აპირებენ ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად ადგილზე გაეცნონ სიტუაციას და დაადგინონ სად გადის „საზღვარი".
ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსება გარკვეულ რისკფაქტორებს შეიცავს:
„ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება შესაძლოა განპირობებული იყოს ამა და სხვა თამდევი სიტუაციით, რომ იქ გაძლიერებულიყო ჩვენი კონტროლი და უსაფრთხოების კუთხით, სამხედრო ყოფნა უფრო გამოხატული ყოფილიყო, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის საკმაოდ სარისკო ნაბიჯი და ჩვენ ხელისუფლებას ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწვეს იმისათვის, რომ მორიგ პროვოკაციაზე არ წამოეგოს.
„2008 წლის მოვლენების დროს, სწორედ დამატებითი და მეორე მხარესთან შეუთანხმებელი ბლოკპოსტების გახსნამ გამოიწვია დაძაბულობის ესკალაცია. ოსური მხარის მტკიცებით, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ დაიწყო ქართული მხარის ინტენსიური დაბომბვა.
"ოსური მხარე ასევე ამტკიცებდა, რომ სწორედ ამ ბლოკპოსტებიდან ხორციელდებოდა შემდეგ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩვენი სპეცდანიშნულების ნაწილების შეღწევა და იქ სცეცოპერაციების ჩატარება.
„არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება ამაზე წამსვლელია, მაგრამ ბლოკპოსტების გახსნას ორმაგი ეფექტი აქვს; ერთი მხრივ, გარკვეულწილად იქ ვზრდით ჩვენი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების კომპონენტს, თუმცა მეორე მხრივ, ასევე ვზრდით იმის ალბათობას, რომ შეიძლება მოხდეს პროვოკაციები და შეტაკება. ამიტომაც, მეტი სიფრთხილე არის საჭირო, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს. იმედია, ეს რისკები ხელისუფლებას გააზრებული აქვს," - აცხადებს ანალიტიკოსი.
ოსურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული პოლიციის კიდევ ერთი ბლოკ-პოსტი სოფელ სინაგურთან გაიხსნა, თუმცა რეალურად მხოლოდ მისი გადაწევა მოხდა, რაზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გააკეთა.
სუს-ის ინფორმაციით, საუბარია პოლიციის უკვე არსებული საგუშაგოს რამდენიმე ასეული მეტრით გადატანაზე.
„საგუშაგოს გადატანა განპირობებულია იმით, რომ ამ მონაკვეთზე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოქალაქეებისთვის ხდება მხოლოდ ქვეითად და რამდენიმე ასეული მეტრით საფეხმავლო მანძილის შემცირება მათთვის იქნება არსებითი შეღავათი," - განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში.
აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება გეგმავს გზის მონაკვეთის კაპიტალურ რემონტს, რომელიც პოლიციის პოსტს დააკავშირებს სოფელ პერევთან.
„სამხრეთ ოსეთის" კაგებე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების მსგავსი მოქმედებები „პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და ხელს არ უწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საზღვართან".
რამდენად მაღალია ალბათობა იმისა, რომ 2008 წლის მოვლენები განმეორდეს?
ანჯაფარიძე ამბობს, რომ 2008 წლის მოვლენების განმეორების ალბათობა ძალიან მცირეა, თუმცა ყველაფრის გამორიცხვა შეუძლებელია. კრემლმა 11 წლის წინ საქართველო ნატო-სკენ მისწრაფების გამო დასაჯა.
„ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ამის მაღალ ალბათობას, რადგან 2008 წელს განსხვავებული რეალობა გვქონდა, დღეს კი სხვა რეალობა გვაქვს. ეს იყო ის წელიწადი, როდესაც ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა პირველად განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებოდნენ, რამაც რუსეთი ძალიან გააღიზიანა.
"რუსეთის ხელმძღვანელობა არც მალავდა; რუსეთის მაშინდელმა პრეზიდეტმა განაცხადა, რომ 2008 წლის სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი ისიც იყო, რომ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის ხელი შეეშალათ და დიდი ხნით დაემუხრუჭებინათ, სხვა მიზნებთან ერთად.
„გარდა ამისა ეს იყო კოსოვოს აღიარების პერიოდი და რუსეთს სურდა საპასუხოდ, რაიმე სამაგიერო გადაეხადა დასავლეთისთვის. მაშინ ასევე მოქმედებდა სხვა ბევრი ფაქტორი; მოგვეხსენება მაშინდელი ხელისუფლება რა პოლიტიკას აწარმოებდა რუსეთთან მიმართებაში და რუსეთს მისი დასჯაც ჰქონდა განზრახული.
„დღეს ასეთი ვითარება არ გვაქვს; რუსეთმა სხვა პრობლემებზე უნდა იფიქროს და იზრუნოს. თუ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არ იქნება პროვოკაციული ნაბიჯები გადადგმული, არ მგონია, რუსებმა იქ ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტისთვის რაღაც წინაპირობები შექმნან. ამის ალბათობა ძალიან მცირეა.
„ქართული ოცნების" მხრიდან ქართული საგუშაგოს განთავსება იყო თუ არა წინასაარჩევნო პიარ სვლა?
ანჯაფარიძე გამორიცხავს, რომ ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ ყოფილიყო გადადგმული. ეს იყო იმ ბრალდებების საპასუხოდ გაკეთებული, რომელიც ოპოზიციის მხრიდან მოდიოდა. ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველ გუნდს პასიურობაში სდებენ ბრალს.
„არჩევნდემადე ჯერ კიდევ წელიწადზე მეტია დარჩენილი, წინასაარჩევნო პიარსვლა რომ ყოფილიყო, ეს გაკეთდებოდა ისეთ პერიოდში, რომ მოსახლეობას მეხსიერებაში უფრო მეტად ყოფილიყო ჩარჩენილი. ეს ერთგვარი პასუხი იყო იმ ბრალდებებზე, რაც მოდიოდა, რომ ხელისუფლება პასიურობს, არაფერს აკეთებს ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. მათ გადაწყვეტეს ეჩვენებინათ, რომ „ჩვენც შეგვიძლია გადავდგათ ხისტი ნაბიჯები და არ ვართ პასიურ პოზიციაში მყოფი ხელისუფლება, რაშიც ჩვენ გვადანაშაულებენ," - ალბათ, ეს მოტივი იყო.
„ადამიანი უსაფრთხოება ნამდვილად ქმნიდა იმის აუცილებლობას, რომ დამატებითი საპოლიციო ზომები ყოფილიყო გატარებული, მაგრამ ამ ბლოკპოსტის ეფექტურობას უსაფრთხოების კუთხით, ალბათ შევაფასებთ მისი განთავსებიდან ნახევარი წლის შემდეგ, თუკი პოლიციის ბლოკპოსტის განთავსების შედეგად ადამიანთა გატაცების ფაქტებმა იკლო, მოიმატა ან იგივე დონეზე დარჩა.
„ასეთი ქმედებები ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ მოხდეს პროვოკაცია, რომელიც შეიძლება გახდეს დასაბამი ახალი კონფლიქტისა. როდესაც მხარეები ავტომატის სამიზნეში უყურებენ ერთმანეთს, ყოველთვის არის ალბათობა, რომ გარკვეული გარმოების შექმნის შედეგად, რომელიმე მხარეს ნერვებმა უმტყუნოს, ან შეიქმნას ისეთი პირობები, რომ მოხდეს დაძაბულობის ესკალაცია, რომლის შეჩერება ძალიან რთული იქნება, მითუმეტეს ახლა იქ შეიარაღებული ხალხი დგას," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.