„ღარიბაშვილის სურვილი აქ, ბევრს არაფერს ნიშნავს, ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მთავრობამ. გარდა ამისა, ასეთი სურვილების ასრულებას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადების შესახებ საუბრისას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა.
საკომიტეტო ფორმატში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. 5 სექტემბერს მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში შს მინისტრობის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილსა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმინეს.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ უნდა დავიწყოთ ყველა სახის იარაღის წარმოება, გარდა ბირთვულისა. ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავარი ოცნება, საქართველოში სამხედრო მრეწველობის აღორძინებაა.
„ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის დასრულება, რომელიც ჩემმა კოლეგა ლევან იზორიამ დაიწყო და ჩვენ ამას დავასრულებთ, ასევე, მეორე საზრუნავი იქნება ჩვენი ჯარისკაცების ყოფა. მთავარ ყურადღებას გავამახვილებ წესრიგზე, დისციპლინაზე, მათ კვებაზე, მათ აღჭურვილობაზე, მათ შეიარაღებაზე, ვიზრუნებთ მათი საცხოვრებელი და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე, იქნება ეს ხელფასების ზრდა, იქნება ეს ღირსეული ჯანდაცვის პაკეტი, ღირსეული დაზღვევა.
„ჩვენ ასევე ვიზრუნებთ ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მუდმივად მექნება კომუნიკაცია და მუდმივად განვახორციელებ მონიტორინგს, რომ ჩვენს ბაზებზე იყოს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ჩვენ შევიტანთ მეტ სპორტს, ტრენინგსა და სწავლებას ჯარში. მესამე, მინდა, გამოვყო ჩემი მთავარი ოცნება. ჩემი ოცნებაა სამხედრო მრეწველობის აღორძინება," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს იარაღის წარმოებისთვის შესაბამისი რესურსები არ აქვს.
„თუ არსებობს ასეთი ფინანსები და სახელმწიფოს აქვს რესურსი, არ იქნება ცუდი, მაგრამ რაღაც ვერ ვხედავ, რომ საქართველოში რეალურად შეიძლებოდეს სამხედრო მრეწველობის შექმნა.
„ეს საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის კი არა, უფრო დიდი სახელმწიფოებისთვისაც ხელმიუწვდომელია და ისინიც იძულებული არიან, უკვე განვითარებული ქვეყნებიდან შეიძინონ შეიარაღება. ეს არის უფრო პიარი, ვიდრე რეალური ვითარების შექმნა," - განაცხადა ანალიტიკოსმა.
თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით კი, საქართველოს აქვს პოტენციალი, საქართველომ არამარტო ტყვია-წამლის, არამედ ყველანაირი იარაღის წარმოება შეძლოს.
ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი" სამხედრო სავალდებულო სამსახურის კუთხით სახელმწიფოს ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა. რასაც მოგვიანებით, „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე „ფეისბუქის" საშუალებით გამოეხმაურა:
„ცოტა ხნის წინ პარლამენტში თქვი, ბიბლიური თავისუფლება სექტაა, რომელიც ძირს უთხრის სახელმწიფოებრიობას და ქვეყნის უსაფრთხოებასო.
„რვა წელია გიყურებ და შენთვის უსაფრთხოების ან ეკონომიკის საკითხების ახსნას რომ აზრი არ აქვს, ვიცი. ამიტომ, იმედი მაქვს, ეს მხოლოდ სტანდარტული და უკვე ტრადიციად ქცეული ბაქიბუქია, რომელიც „ასავალ-დასავალის" მკითხველ ელექტორატზეა გათვლილი.
„მაგრამ, თუ მართლა რამე ნაბიჯების გადადგმას აპირებ, რომ ახალგაზრდები ისევ მონებად აქციო - „ასავალ-დასავალში" გახვეულს დაგტოვებთ თავდაცვის სამინისტროს სადარბაზოს შესასვლელთან," - წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ ღარიბაშვილის ეს განცხადება საზოგადოების იმ ნაწილის გულის მოგებისკენ არის მიმართულებით, ვინც ამა თუ იმ მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას არ ემხრობა:
„გირჩი" აქტიურად ცდილობს მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია მოახდინოს. აქ აქცენტი გაკეთებული იქნება მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომლისთვისაც დეკრიმინალიზაცია მიუღებელია. ეს პოლიტიკური განცხადებები იმის მცდელობაა, რომ მოსახლეობაში ამ ცვლილებებმა გარკვეული დადებითი რეზონანსი გამოიწვიოს. ვფიქრობ, უფრო შორს ეს პროცესები არ წავა," - განაცხადა ანალიტიკოსმა.