თამარ შუკვანი
06.09.2019

 ოპოზიცია იმუქრება, რომ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ვერ შეძლებს. „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გიორგი გახარია ქართველი ხალხის პრემიერ-მინისტრი ვერ გახდება. თუმცა კონსტიტუციონალისტი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ გახარია ამ პოსტის დაკავებას შეძლებს და ამისათვის საკმარია 76 ხმის მიღება, რის მოპოვებასაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, პრაქტიკულად, უმრავლესობის ხმათა რაოდენობის მიღებით შეძლებს.

სიტუაციას ვერ ცვლის „პატრიოტთა ალიანსიც", რომელიც არ აპირებს გიორგი გახარიას გაპრემიერას მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ „რეზონანსს" პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მიუხედავად ოპოზიციის ერთგვარი პროტესტისა, მმართველი გუნდი ახალი მთავრობის დამტკიცებას მაინც შეძლებს.

„არც გახარიას გაპრემიერებას ავიღებთ ჩვენ თავზე და არც მთავრობის კაბინეტის დამტკიცებას. თუმცა ოპოზიცია პროცესის ჩაშლას ვერ შეძლებს. ამის აუცილებლობა არც არის. „ქართული ოცნება" ყველა კანონს თავის თავზე ირგებს და მთავრობის დამტკიცებას ვერ შეძლებს? - შეძლებს.

„საქმე იმაშია, რამდენად ღირებულს შექმნის ახალი კაბინეტი ქვეყნისთვის, რისი იმედი და მოლოდინი არ გვაქვს," - განაცხადა თევდორაძემ.

კენჭისყრის პროცესში გიორგი გახარიას მხარდაჭერას არ გამოუცხადებენ ოპოზიციური ფრაქციები: „ევროპული საქართველო," „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის," „ევროპული საქართველო - რეგიონები," „ნაციონალური მოძრაობა და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები".

თუმცა მხარდაჭერას გამოუცხადებენ მმართველ გუნდში შემავალი ფრაქციები: „ქართული ოცნება," „ქართული ოცნება - კონსერვატორები," „ქართული ოცნება - მრეწველები," „ქართული ოცნება - მწვანეები," „ქართული ოცნება - რეგიონების განვითარებისთვის," „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა," „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის."

როგორც კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, იმისათვის, რომ გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს, საკმრისია 76 ხმა. შესაბამისად, ოპოზიცია პროცესის ჩაშლას ვერ მოახერხებს.

„იმისათვის, რომ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადოს მთავრობის ხელმძღვანელს, საკმარისია აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა, ანუ 50%-ს დამატებული ერთი. 76 ხმა ამისათვის საკმარისი იქნება. ცხადია ოპოზიცია არ დაუჭერს მხარს, მაგრამ ეს სულაც არ შეუშლის ხელს, რომ ის იყო მთავრობის ლეგიტიმური ხელმძღვანელი.

„თუ პრემიერობის კანიდიდატს პირველი კენჭისყრისას პარლამეტის უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, ორი კვირის ვადაში პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და დანიშვნავს რიგგარეშე არჩევნებს.

„მეორე ტურში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს უკვე უმცირესობა აცხადებს, რომელსაც, ცხადია, მხარს არ დაუჭერს უმრავლესობა. თუმცა თუ ამ ვადაში პარლამენტის ერთმა მესამედმა დაასახალა იგივე ან სხვა კანდიდატურა და პარლამენტმა მაინც არ დაუჭირა მხარი, სწორედ ამ შემთხვევაში დაითხოვს პრეზინდეტი პარლამენტს," - განაცხადა დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×