(რეზონანსი) ნაძალადევის რაიონში მცხოვრებმა შ.ს-მ რამდენიმე დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იმშობიარა. 35 წლის ქალმა მშობიარობის შემდეგ ახალშობილი, სავარაუდოდ, ნაგავში გადააგდო.
დღეს გამთენიისას კი ქალი ძლიერი სისხლდენით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
კლინიკა „ღია გულის" კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ჯაფარიძე აცხადებს, რომ მათთან შეიყვანეს პაციენტი, რომელსაც პოსტოპერაციული ჩივილები აქვს.
„ქალი აფიქსირებს, რომ იყო ორსულად და ამბობს, რომ მოხდა ორსულობის შეწყვეტა. ამის შემდეგ განვითარდა სისხლდენა. მან კლინიკას თავის დროზე არ მიმართა. ორსულობის შეწყვეტა 26 აგვისტოს მოხდა. კლინიკაში სასწრაფომ გუშინ მოიყვანა. ამჟამად არის რეანიმაციულ განყოფილებაში. პოსტოპერაციულ პერიოდი მიმდინარეობს სტაბილურად, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა გაუარესება არ აღენიშნება. პაციენტი ვერ ამბობს, ზუსტად რომელ ხანას შეესაბამებოდა ორსულობა, როცა ის შეწყდა", - განაცხადა ექიმმა „პირველ არხთან".
ქალს ჰყავს კიდევ ერთი არასრულწლოვანი ბავშვი, რომელიც დღეს დილით სოციალურმა სამსახურმა სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაიყვანა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.