„ამ წლების განმავლობაში „ოცნებამ" საზოგადოების ყველა ფსიქოტიპი მოისინჯა და ამან დადებითი შედეგი არ მოუტანა, ამიტომ აქცენტს ისევ ნაცად მეთოდზე აკეთებს, რომ ისევ წინა მთავრობაზე რიტორიკამ მოუტანოს შედეგი და ამიტომაც ისევ ამ კონკრეტულ სახეებზე შეაჩერა არჩევანი, გახარიას და ღარიბაშვილის რიტორიკა „ქართული ოცნების"ამომრჩეველს მოსწონს და ზუსტად ამაზეა გაკეთებული აქცენტი," - ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სამთავრობო ცვლილებებს და მის მოსალოდნელ შედეგებს.
არჩილ გამზარდია: მე პირადად დიდი სერიოზულობით არც აღვიქვამ-ხოლმე „ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებს. იმიტომ, რომ მათ საეთო ჯამში აქვთ არა საკუთარ თავზე აღებული მმართველობითი უფლებამოსილება, არამედ მხოლოდ ადმინისტრაციული ფუნქციები გააჩნიათ. ანუ ისინი „ზემოდან" იღებენ დავალებებს და მის ადმინისტრირებას ახდენენ, ვინც მმართველი პარტიის ხელმძღვანელისათვის ადმინისტრატორის ფუნქციით უფრო მნიშვნელოვანია, იმის მიხედვით ახდენს ცვლილებებს.
„რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, რითი იქნება განსხვავებული გახარიას პრემიერობა მისი წინამორბედებისაგან?
ა.გ.: ალბათ იქნება უფრო ხისტი. კვირიკაშვილიც პრემიერობის ბოლო პერიოდამდე მაქსიმალურად სოლიდური იყო, მამუკა ბახტაძეც. გახარია ხისტი იქნება ალბათ იმიტომ, რომ ამ შემთხვევაშიც წინასაარჩევნო ინტერესებია ჩადებული. სხვა მხრივ გახარიას პრემიერობა არაფრის მოცემი არაა. შს მინისტრადაც წარმატებული არ ყოფილა. ის მხოლოდ საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის იყო აღიარებული თავისი რიტორიკით. სხვა მხრივ ჩვენ ვნახეთ, რომ კრიმინოგენული ვითარება ბევრად უფრო დამძიმებული იყო, მოქალაქეები და თავად პოლიციელებიც უფრო დაუცველები იყვნენ.
გახარიას შს მინისტრობის დროს ვერცერთი საკვანძო მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენ ვერ ვნახეთ და შესაბამისად როგორი მინისტრიც იყო, შესაძლოა ისეთივე პრემიერი იყოს, ან კიდევ უფრო ნაკლებად ეფექტური. საერთო ჯამში მე გახარიას ხანგრძლივ პრემიერობას ვერ ვუწინასწარმეტყველებ, შესაძლოა ხისტი პოლიტიკური პროცესები წარმართოს და შემდგომ შეიცვალოს.
„რ": რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს სამთავრობო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს?
ა.გ.: ცვლილებები თავად „ქართული ოცნებისათვის" პოლიტიკური კუთხით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული უწყებების და სახელმწიფოს განვითარებისთვის, უბრალოდ ეს იქნება მთელი პლიტიკური კამპანია საიმისოდ, რომ საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოხდეს, ეს არის ისევ დროებითი მთავრობა იმისათვის, რომ წინასაარჩევნო ეფექტები შეიქმნას,
„რ": როგორ ფიქრობთ რა იყო ლევან იზორიას თანამდებობიდან გადაყენების და ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების მიზეზი?
ა.გ.: იზორიას გაშვების და გადაყვანის მოტივაცია რაღაც მომენტში ნაკლებად საინტერესოცაა იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისთვის ადგილი უნდა გათავისუფლებულიყო და ამ ადგილს უნდა ჰქონოდა ძალოვანი ფუნქცია. როგორც ჩანს, ღარიბაშვილი რადგან შს მინისტრი უკვე იყო, ისევ ამ უწყებაში არ დააბრუნა და თავდაცვაში დააბრუნა, იზორიაც ამ განლაგებაში უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი სუბიექტი აღმოჩნდა და გადაიყვანეს.
„რ": თქვნი აზრით, როგორ შეაფასა საზოგადოებამ სამთავრობო ცვლილებები?
ა.გ.: რაღაც ეტაპზე საზოგადოებისთვის ეს ცვლილებები შესაძლოა რაიმეს მომცემი იყოს იმიტომ, რომ ხალხი ამდენი იმედგაცრუების ფონზე იმედების შექმნისთვის ცდილობს რაღაცას ჩაებღაუჭოს. გავა დრო და ვნახავთ, რომ ამ ცვლილებებს არ მოჰყვება არც უსაფრთხოების, არც მოქალაქეობრივი და არც სოცილაური უფლებების გამტკიცება, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მხოლოდ გაცვეთილი სახეები ტრიალებენ.
საზოგადოება ამ ყველაფერს ცოტა გვიან უფრო მძიმედ შეაფასებს, როგორც ჩანს ეს ყველაფერი დროში მოგებაზეა ორიენტირებული.
„რ": როგორ ფიქრობთ, საზოგადოება სამთავრობო ცვლილებებს როგორ შეაფასებდა თუ ბიძინა ივანიშვილი მინისტრობის კანდიდატებად მათთვის უცნობ სახეებს წარადგენდა?
ა.გ.: მაგალითად, მამუკა ბახტაძე არ იყო წმინდა „ქართულ ოცნებისებური" სახე, თუმცა მნიშვნელოვანი პოსტი ჰქონდა. ამ წლების განმავლობაში „ოცნებამ" საზოგადოების ყველა ფსიქოტიპი მოისინჯა და ამან დადებითი შედეგი არ მოუტანა, ამიტომ აქცენტს ისევ ნაცად მეთოდზე აკეთებს, რომ ისევ წინა მთავრობაზე რიტორიკამ მოუტანოს შედეგი და ამიტომაც ისევ ამ კონკრეტულ სახეებზე შეაჩერა არჩევანი, გახარიას და ღარიბაშვილის რიტორიკა „ქართული ოცნების"ამომრჩეველს მოსწონს და ზუსტად ამაზეა გაკეთებული აქცენტი.