თამარ შუკვანი
06.09.2019

 აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური კვირას, 8 სექტემბერს გაიმართება, სადაც ერთმანეთს მოქმედი ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტია „ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან. კავკასიოლოგი მამუკა არეშეძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ორივე კანდიდატი კრემლის მარიონეტია და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მოიპოვებს გამარჯვებას.

„პირველი შემთხვევაა, რომ მთელი აფხაზეთიდან მხოლოდ 20 ათასმა კაცმა მისცა ხმა მმართველ ძალას. ჩავთვალოთ, რომ ეს არის სახელისუფლებო რესურსი და მისი კლანი. ეს თავისთავად საგანგაშო უნდა იყოს ხაჯიმბასა და მისი კურატორებისთვის.

„ამომწურავი და მკაფიოა აფახაზეთის ერთ-ერთი ჟურნალისტის შეფასება, რომელმაც ჩემთან პირად საუბარში თქვა, რომ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს; სიტუაცია ისეა დალაგებული, რომ რუსი გენერლების ორი ჯგუფი ერთმანეთს ექიშპება. ხაჯიმა არის ერთის კანიდატი, კვიციანია კი მეორესი. ორი მარიონეტია, რომელსაც ეს ჯგუფები ათამაშებენ. ასეთი რამ ადრე არ ყოფილა," - განაცხადა მან.

თუმცა არეშიძე იმედოვნებს, რომ კვიცინიას გამარჯვების შემთხვევაში გალის რაიონში ადგილობრივი ქართველების ყოფა შედარებით შემსუბუქდება და გარკვეულწილად, საქართველოს მიმართ უფრო ლოალური პოლიტიკა იქნება გატარებული, რადგან ოპოზიციონერი ლიდერის მიდგომები ხაჯინბას მიდგომებისგან განსხვავებულია.

„მარიონეტის ხელში საქართველოსთან მიმართ არაფერი შეიცვლება. რაც შეეხება ადგილობრივ ქართველებს, უაღრესად საგანგაშო მდგომაროებაა. ვუყურებ ქართულ მედია-სივრცეს და გული მიკვდება, რომ მეასეხარისხოვან თემებზეა საუბარი, როდესაც ჩვენი თვალით ვხედავთ დექართველიზაციის პროცესს. მომავალი თაობები ამას არ გვაპატიებენ.

„ეს მიდგომები კვიცინიას შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს. ხაჯიმბას შემთხვევაში ვიცით რა მიდგომებიცაა; ქართული ენის აკრძალვა, გვარების გამოცვლა, თუ ეროვნების შეცვლა. ეს ყველაფერი ხაჯიმბას ხელში ხდებოდა და თავის დროზე, სათავეში სწორედ ამ დაპირებით მოვიდა.

„კვიცინია ასეთი ტიპის განცხადებებს არ აკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარეა და ჩვენ წინააღმდეგ ომში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ქართველების მიმართ აგრესიას არ ამჟღავნებს. ეფემერულ იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მიმართულებით რაიმე შეიცვლება," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში, ე.წ. ექს-პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი მხარს ოპოზიციონერ კანდიდატს ალხას კვიციანს დაუჭერს. ეს გადაწყვეტილება მათ შეხვედრაზე მიიღეს. კვიცინიას თქმით, ისინი ურთიერთმხარდაჭერაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „აფხაზია ინფორმი" წერს.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ალექსანდრ ანქვაბი, მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობიდან სწორედ მოსახლეობის პროტესტის ფონზე გადადგა, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კვლავ მისაღები პოლიტიკური ფიგურაა. ამიტომაც, მეორე ტურის შედეგები გარკვეულწილად შესაძლოა დამოკიდებული იყოს იმაზე, თუ ვის უჭერს მხარს ყოფილი „პრეზიდენტი" ალექსანდრ ანქვაბი, რომელმაც ამ „არჩევნებზე" ოლეგ არშბა წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ მხარდაჭერა კვიცინიას მესამე ადგილზე გასულმა კანდიდატმა, ოლეგ არშბამაც გამოუცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×