თამარ შუკვანი
06.09.2019

 პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქციაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში დღესაც მიმდინარეობდა, რის შემდეგაც შეხვედრები პოლიტიკურ ჯგუფებთან, ფრაქციების ფორმატში გაგრძელდა. პირველი შეხვედრა 12:00 საათზე „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაიწყო, რომელსაც მთავრობის სრული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ხელმძღვანელობით დაესწრო.

თუმცა შეხვედრა ფრაქციის ფორმატში ჩაიშალა. როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია კითხვებზე პასუხების გაცემას იწყებდა, სალომე სამადაშვილი სხდომის შეწყვეტის ინიციატივით გამოვიდა და დამსწრეებს მოუწოდა, სხდომა შეეწყვიტათ, რადგან „პარლამენტში არ უშვებენ გახარიას მიერ თვალდათხრილ მოქალაქეებს".

ამის შემდეგ შეხვედრა 16:00 საათზე „ევროპული საქართველოსთან" დაიწყო. პარტიის წევრები გახარიას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებს თითქმის 2 საათის განმავლობაში უსვამდნენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომაზე კითხვები არც სხვა საკითხთან დაკავშირებით და არც სხვა მინისტრობის კანდიდატებისთვის არ დაუსვამთ.

როგორც სერგი კაპანაძემ სხდომის დასრულების წინ განაცხადა, გიორგი გახარიამ გამოაჩინა, რომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსია.

„ეს შეხვედრა დასრულებულია. მე მგონია, რომ თქვენი პასუხები ნათელია მთელი საზოგადოებისთვის," - მიმართა კაპანაძემ გახარიას.

„ევროპული საქართველოს" დეპუტატები გახარიამ და მინისტრობის კანდიდატებმა ტაშით გააცილეს.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მსგავს ფორმატში შეხვედრა მიუღებელია, რადგან თუკი ოპონენტს კითხვას უსვამ, პასუხის გაცემის საშუალებაც უნდა მისცე. მისი თქმით, როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ" ასევე „ევროპულმა საქართველომ" გაუშვეს შანსი უმრავლესობისთვის უპირატესობა ეჩვენებინათ.

„რას ნიშნავს პროტესტი? მაშინ საერთოდ არ უნდა მისულიყვნენ. 20 ივნისის ტრაგიკულ ღამესთან დაკავშირებით თუ რამე სათქმელი ჰქონდათ, იტყოდნენ. პოლიტიკური ბრძოლა ნიშნავს, რომ ტრიბუნაზე დადგე და იქ მოიგო დიალოგი. გაბუტვით და საპროტესტო აქციებით მოგებული პოლიტიკური პარტიები არ მასხოვს. გამარჯვებისუნარიანობა იკარგება მსგავსი სტილით მოქმედების დროს. შემდეგ გახარია გამოვა და ეტყვის დაგასრულებთო. მათი (ოპოზიციის) მიდგომები უფრო ზრდილობიანია? ასეთ შეხვედრას რა აზრი აქვს? როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ," ისე „ევროპულმა საქართველომაც" არ იცის, სად როგორ მოიქცეს. საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად შეუძლიათ ტელევიზიებში მივიდნენ და იქ ჩამოაყალიბონ თავიანთი სათქმელი.

„რაშიც უნდა გამოიყენო იმ ადამიანის მოსვლა, იმისთვის არ იყენებენ. ისეთი კითხვა უნდა დაუსვა, რომელიც გამოავლენს, რომ ის დამნაშავეა, ან ჩიხშია მოქცეული. სწორედ იმისთვის მოგყავს ის ადამიანი, რომ მისი ნათქვამით წამოიკიდო, თორემ თუკი გააჩუმე და მხოლოდ შენ ილაპარაკე, დიალოგს რა აზრი აქვს? ერთი მხარე რომ ლაპარაკობს, ამას მონოლოგი ჰქია და არა დიალოგი.

„ეს უმცირესობის მხრიდან გაშვებული შანსია. „ევროპულ საქართველოს" და „ნაცმოძრაობას" იმის შანსს, რომ მომგებიანი რაუნდი ჰქონოდათ და საკუთარი უპირატესობა ეჩვენებინათ, ერთმა ბოიკოტით, მეორემ გახარიასთვის მიკროფონის გამორთვით გაუშვა. გამოდის, რომ მათი ადგილი პარლამენტში საერთოდ არ არის," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

თავად გიორგი გახარიამ კი „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებს ასე მიმართა:

„თქვენ ადამიანებს აბრმავებდით. აბრმავებდით ტყუილებით და თქვენ ამომრჩეველი არჩევნებზე შეგაფასებთ. აქედან „ნაციონალები" გაიქცნენ, თქვენ მიკროფონს არ მირთავთ. ეს არის თქვენი შიში," - მიმართა ოპოზიციონერ დეპუტატებს გახარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×