თამთა ჩაჩანიძე
06.09.2019

 „ფულის გათეთრება სავარაუდოდ დამატებულია იმიტომ, რომ გამიჭირდეს კომუნიკაცია ინვესტორებთან. მოგეხსენებათ, მძიმე მუხლია, ამას უკვე ყველგან აკვეტებენ, საჭიროა თუ არა, არანაირი პრობლემა არ არის, ბოლო-ბოლო მე არ ვიქნები ტელევიზიის დირექტორი და სხვა იქნება და ის იკომუნიციებს, თუ ეს ჩვენს ტელეკომპანიას ხელს შეუშლის," - ასეთი კომენტარი გააკეთა მედიასთან პროკურატურიდან გამოსულმა „მთავარი არხის" დამფუძვნებელმა ნიკა გვარამიამ, სადაც ბრალი ოფიციალურად გააცნეს.

გვარამია ამბობს, რომ ეს პროცესები „მთავარ არხს" უკავშირდება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მის ეთერში გასვლას ხელს ვერ შეუშლის.

„უკრაინაში მჭირდებოდა ინვესტორებთან წასვლა, ეს არ გამიხმოვანებია და სხვათაშორის არ გამიშვეს. ინტერნეტთათბირით მაინც შევძელი მათთან კომუნიკაცია და გადაწყვეტილებებიც გამოვიტანე, ყველაფერი წესრიგშია, „მთავარ არხს" დაელოდეთ და თქვენ ისევ გამოხვალთ იმ ინფორმაციული ვაკუუმიდან, რომელშიც ახლა ხართ," - ამბობს გვარამია.

პროკურატურასთან შეკრებლები იყვნენ ყოფილი რუსთავი 2-ელები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც პროკურატურის მიერ გვარამიას ბრალდებას აპროტესტებდნენ.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია ჩვენი ტელევიზიის გახსნასთან, რომელმაც მაუწყებლობა უნდა დაიწყოს ორ დღეში და ეს მცდელობაა იმისა, რომ ჩვენ მუდმივ დაძაბულობაში ვიყოთ, მოხდეს ჩვენი დემორალიზება, ჩვენი შეშინება ასე მარტივი არ არის. ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ, ჩვენ ვიცით როდის რა უნდა გავაკეთოთ," - აცხადებს ეკა კვესიტაძე „ტვ-პირველთან".

ნიკა გვარამიას 40-ათასლარიანი გირაოს გადახდის ვადა 10 სექტემბერს ეწურება, რომელიც მას თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკისრა, თუმცა იგი ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.

გენერალურმა პროკურატურამ გვარამიას ახალი ბრალი წაუყენა. ახალი ბრალის ერთ-ერთი ეპიზოდის თანახმად რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორს დიდი ოდენობით უძრავი ქონების უკანონოდ დაუფლებას ედავება.

გამოძიების მტკიცებით, „რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა „ინტერ მედია პლიუსისგან" მიღებული ორი ბინა 2017 წელს გაასხვისა, რითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 600 ათასი ლარის - შემოსავალი მიიღო.

ამ ბრალს გვარამია სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ 2011 წლიდან თვეში 20 000 დოლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა და გარდა ამისა, თანხა ბინის გაყიდვის შედეგადაც მიიღო.

„ბინა გაყიდა და ფული არ ჰქონდაო? - უკაცრავად, მართლა ხო არ გაკლიათ? 2011 წლიდან თვეში საშუალოდ 20 ათას დოლარზე მეტი მქონდა შემოსავალი და ბინის გაყიდვითაც მივიღე. რას ქვია, ფული არ მქონდა? იმიტომ გავყიდე, რომ უფრო დიდი მეყიდა (რაც საბოლოოდ ვერ შევძელი, სამწუხაროდ).

ფული არ შეუტანია „ინტერმედიაშიო"? - უკაცრავად, კიდევ ერთხელ ხომ არ გაკლიათ. მართლა ბოლო სტადიაში გახვედით და რაღაზე გელაპარაკოთ, რა აზრი აქვს? მე როგორც მითხრეს, ისე მოვიქეცი და საბუთიც არსებობს (აქ შემოიტანე, ბანკში ჩვენ წავიღებთ, შენ რომ არ იაროო). დანარჩენი სხვებს ჰკითხეთ, ვინც გააფორმა ეგ დეტალები. მაგის ზედამხედველობა არც ჩემი კომპეტენცია ყოფილა და არც მაგის დრო მქონდა.

მოკლედ, ბინის ეპიზოდს გადაგალეწავთ თავზე. დანარჩენი რომ ბოდვაა, კი დავასაბუთე უკვე", - წერს გვარამია ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×