(რეზონანსი)გიორგი გახარიასგან ჩვენ ვერ მივიღეთ ის პასუხები, რომლებიც საზოგადოებას აინტერსებს, მაგრამ მას 20 ივნისთან დაკავშირებით, კი და არა-ზე მეტი პასუხი გავაცემინეთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ „ევროპული საქართველოს" ფრაქციის ფორმატში მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ევროპული საქართველოს" წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კითხვებს თითქმის 2 საათის განმავლობაში უსვამდნენ.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, გახარია ყოველთვის ზოგადი პასუხებით გამოირჩევა ხოლმე, თუმცა ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა.
„ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს, იმიტომ რომ ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. გამოჩნდა, რომ ეს კითხვები არის პასუხგაუცემელი და მიუხედავად იმისა, რომ ეს კითხვები არის პასუხგაუცემელი, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობა კი არ დააყენოს, არამედ ის დააწინაუროს. ეს გამოჩნდა დღევანდელ ჩვენს შეხვედრაზე.
ჩვენი დღევანდელი მიზანი ის იყო, რომ გვესაუბრა 20 ივნისთან დაკავშირებით. ოღონდ დაგვესვა ის კითხვები, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. ჩვენ, კი და არა-ზე მეტი პასუხი გავაცემინეთ გახარიას, მაგრამ არ მივეცით საშუალება, რომ როგორც მას სჩვევია და როგორც ჩვენ ვნახეთ, ბევრჯერ ბოლო თვის განმავლობაში, ესაუბრა ზოგადად და არა კონკრეტულ თემებზე", - განაცხადა კაპანაძემ.