ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილ გენერალურ დირექტორსა და ამჟამად, „მთავარი არხის" დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წაუყენეს. გვარამია საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა, სადაც მას ბრალი ოფიციალურად გააცნეს. „მთავარი არხის" დამფუძნებელი ამბობს, რომ მისი დაკავების შემთხვევში არხს მისი ადვოკატი, დიტო საძაგლიშვილი უხელმძღვანელებს.
უფლებადამცველი და იურისტი ლია მუხაშავრია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ ბრალდების საფუძველზე, გვარამიას დაპატიმრების ალბათობა არსებობს და მას შესაძლოა სულ მცირე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
„ვფიქრობ, თანხები დიდი ოდენობისაა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში ხუთი, ან მეტი წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს," - აცხადებს მუხაშავრია.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გვარამიას ბრალი ედება „რუსთავი 2"-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, აგრეთვე კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თავად გვარამია ახალი ბრალის წარდგენას მის მიერ დაფუძნებულ ტელეკომპანია „მთავარ არხს" უკავშირებს. დღეს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მას კიდევ სხვა მუხლითაც დაუმძიმეს ბრალდება, რომელიც პროკურატურას ბრიფინგზე არ უთქვამს.
„პირდაპირ საოცრებაა ხდება დღევანდელ პროკურატურაში. 194-ე მუხლი - ფულის გათეთრებაა ახალი ბრალდება. ოღონდ ვეღარ დავადგინე, ფული თუ იყო და გათეთრდა, ე.ი. ყოფილა ფული და თუ არ იყო, მაშინ რა გათეთრდა.
„ცოტა უნდა გაარკვიოს პროკურატურა. მართლა სასაცილოდ იხდის საქმეს და თან ახლა ჩემთან არ შეიძლება ეგეთი თამაშები. მიზანი არის „მთავარი არხი", ეს მიზანი ვერ იქნება დაზიანებული. ფულის გათეთრება დამატებულია სავარაუდოდ იმიტომ, რომ მე გამიჭირდეს კომუნიკაცია ინვესტორებთან. უკრაინაში მჭირდებოდა ინვესტორებთან წასვლა და არ გამიშვეს რამდენიმე დღის წინ, თუმცა მაინც შევძელი მათთან ინტერნეტთათბირი," - განაცხადა გვარამიამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 10 სექტემბერს იწურება ვადა 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდის, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ გვარამიას დააკისრა, თუმცა გვარამია კვლავ აცხადებს, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.