თამარ შუკვანი
07.09.2019

 ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებასთან ერთად, ქართულ მედიაბაზარზე ახალი ტელეარხები ჩნდება, რაც შესაძლოა ახალი მედიაგარემოს შექმნის საფუძვნელი გახდეს. მოქმედი „იმედის," „პირველი არხის, „ტვ პირველისა" თუ სხვა არხების პარალელურად, მაუწყებლობას კიდევ რამდენიმე არხი იწყებს. ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი არხების გამოჩენა უფრო თავისუფალი მედიაპლატფორმას შექმნის და ხელისუფლებას შეიძლება გარკვეული პრობლემებიც კი გაუჩინოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. თუმცა ნაწილი აცხადებს, რომ წმინდა პოლიტიკურ გავლენის თვალსაზრისით, ახალი ტელევიზიების შექმნა მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის.

ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული „მთავარი არხი" 9 სექტემბრიდან უკვე ეთერში გავა. მას შემდეგ, რაც „რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა, ტელეკომპანიის ჟურნალისტების ნაწილმა არხი დატოვა. მათი უმრავლესობა კი „მთავარ არხზე" გადავიდა. არხი მაუწყებლობას პირველ ეტაპზე ტელეკომპანია „იბერიას" შენობიდან დაიწყებს და საინფორმაციო გამოშვებას „კურიერის" ყოფილი წამყვანები დიანა ჯოჯუა და მიშა სესიაშვილი წაიყვანენ.

ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება „რუსთავი 2". ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ საინფორმაციო გამოშვება „კურიერი" პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება, თუმცა ზუსტ თარიღსა და დეტალებზე არ საუბრობს. „რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურს კი ირაკლი იმნაიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც სალიამ რამდენიმე კვირის წინ წარადგინა.

უნდა აღნიშნოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის თანადაფინანსებით შექმნილი არხი „ფორმულა", რომლის საკონტროლო პაკეტის, 51%-ის მფლობელი სწორედ კეზერაშვილი გახდა. არხზე იქნება სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები", რომელიც აქამდე „რუსთავი 2"-ზე გადიოდა და კიდევ ერთი სერიალი, რომლის შესახებ ახალი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

„ფორმულა კრეატივის" დაფუძნებული ტელევიზია ეთერში პირველი ოქტომბრიდან გავა. ამის შესახებ ინფორმაცია „ონ.ჯის" არხის მომავალმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ მიაწოდა. მისი თქმით, არხი სრულყოფილ მაუწყებლობაზე ეტაპობრივად გადავა.

„ფორმულამ" მაუწყებლობის უფლება 29 აგვისტოს მიიღო და ძირითადად საზოგადოებრივ-პოლიტიკური ტოქ-შოუები და გასართობი პროგრამები გავა.

„რუსთავი 2"-ის ყოფილი ჟურნალისტი, დავით ქაშიაშვილი „ფორმულა კრეატივის" ტელევიზიაში იმუშავებს. მისი თქმით, შემოთავაზება „მთავარი არხიდანაც" ჰქონდა, თუმცა, არჩევანი „ფორმულაზე" შეაჩერა.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 25 ივლისს „ევრონიუსმა" და „სილქნეტმა" ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოში „ევრონიუს საქართველოს" დაფუძნების თაობაზე. „სილქნეტის" ინფორმაციით, „ევრონიუს საქართველო" იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა. მათივე ცნობით, „ევრონიუსი" უზრუნველყოფს სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობას, თავად დანიშნავს ახლადშექმნილი არხის მთავარ რედაქტორს, ასევე, დააკომპლექტებს და გააკონტროლებს სარედაქციო საბჭოს.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე იმედოვნებს, რომ ახალი არხების გამოჩენა უზრუნველყოფს უფრო დემოკრატიული მედიაგარემოს შექმნას.

„ქართულ საინფორმაციო სივრცეში ხელისუფლებისადმი კრიტიკული არხების გაჩენა ალბათ დადებითად აისახება დემოკრატიულ პროცესებზე. ბოლო პერიოდში ვიცი, რომ ვითარება მეტად გართულდა მასმედიის მიმართულებით. არ მაუწყებლობს „იბერია", მენეჯმენტი შეიცვალა „რუსთავი 2"-ში და საზოგადოებრივ ტელევიზიას, რომელიც რეალურად არ გახლავთ საზოგადოებრივი, არ უკავია ნეიტრალური და შესაბამისად, ობიექტური პოზიცია, რადგან მისი გენერალური დირექტორი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ადამიანია," - აცხადებს ჩიტაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელი მიიჩნევს, რომ „ევრონიუსის" საქართველოში გამოჩენამ შესაძლოა ის სტანდარტები შეცვალოს, რაც დღეს ქართულ ტელევიზიებს აქვთ, რაც დადებითი ფაქტი იქნება.

„იმედი მაქვს, რომ „ევრონიუსისა" და ანალოგიური დასავლური სტანდარტებით მომუშავე ტელევიზიების სტილი შეცვლის ქართული ტელევიზიების სტილს. ხარისხის მხრივ, განსხვავებული სატელივიზიო კულტურის მქონე ტელევიზიის შემოსვლამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა დანარჩენზე.

„ახალი არხების გამოჩენამ პრინციპში არაფერი არ უნდა შეცვალოს. იმავე ტონალობითა და სტილით იქნება წარმოდგენილი, რაც „რუსთავი 2" იყო. აქამდე თუ ერთი „რუსთავი 2" იყო, ახლა ორი გაჩნდება. პოლიტიკურად იგივე ტელევიზიები იქნება. სატელივიზიო ხარისხის მხრივ კი სავარაუდოა, რომ თუ უარესი არა, უკეთესი ვერ იქნება, რადგან „რუსთავი 2"-ს თავისი ტრადიციული ხარისხი მოსდევს," - განაცხადა საყვარელიძემ.

ჩიტაძის თქით, ახალი ტელეარხების გამოჩენამ მედიაბაზარზე 2020 წლისთვის ხელისუფლებას შესაძლოა გარკვეული პრობლემებიც კი შეუქმნას.

„ინფორმაციის თავისუფლების კუთხით დიდი პრობლემები შეიქმნა. ეს ცვლილებები ალბათ დადებითად აისახება ქართულ საინფორმაციო სივრცეზე და შეიძლება ხელისუფლებას გარკვეული პრობლემები შეექმნას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. კრიტიკული და შესაბამისად ობიექტური მედიის გამოჩენა მისასალმებელია," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

თუმცა საყვარელიძეს რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვს; მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის" ინტერესების გამტარებელი კიდევ რამდენიმე ტელევიზიაც რომ გაჩნდეს, ოპოზიციური პარტიისთვის მაინც არაფერი შეიცლება.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ მგონია რაიმე გავლენა იქონიოს ახალი ტელევიზიების გამოჩენამ, ვგულისხმობ წმინდა პოლიტიკურ გავლენას. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი რეიტინგის მქონე „რუსთავი 2"-ს და მის პოლიტიკას „ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებდა, ვერცერთ არჩევნებში ვერ მოიგო.

„თუკი პოლიტიკური თვალსაზრისით არ შეიცლება ეს პარტია, თუ მას სხვა სათქმელი არ გაუჩნდება, „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება არ შეიცვალა, ამ პარტიის ინტერესების გამტარებელი კიდევ ცხრა ტელევიზია რომ დაემატოს, ისინიც კი არაფერს შეცვლიან," - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×