(რეზონანსი) ბატონო გიორგი, სალომე სამადაშვილთან და თინათინ ბოკუჩავასთან ბაქიბუქს სჯობდა, ჩვენ შეგვხვედროდით და რეალურ კითხვებზე პასუხი გაგეცათ. ეს კომფორტი აღარ გექნებათ, რა კომფორტსაც იქმნით „ნაციონალურ მოძრაობასთან", - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
„ვერ გექნებათ პოზიტიური დღის წესრიგი, გამორიცხულია, რადგან თქვენი დღის წესრიგი მიბმულია „ნაციონალურ მოძრაობაზე". როდესაც აღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობა", შესაბამისად, თქვენც შეთხელდებით ელექტრონული თვალსაზრისით. მინდა, დაგისვათ იმ ადამიანების კითხვები, რომლებიც აღარასდროს მისცემენ „ქართულ ოცნებას" ხმას. როგორ მოახერხეთ ბატონებო, რომ კაციჭამია მოსამართლეებს, თამარ ალანიას ნიშნავთ უვადო მოსამართლედ. ადამიანს, რომელმაც ყველა ის ადამიანი გააუბედურა, რომელიც იყო მასთან საქმე გავლილი. როგორ ახერხებთ, ადეიშვილის კოლბაში გამოყვანილი პროკურორებით გაავსოთ „ქართული ოცნების" ხელისუფლება.
როგორ გაბედეთ, წარგედგინათ ლონდა თოლორაია, რომელიც იყო ერთ-ერთი სასტიკი პროკურორი არასრულწლოვნების მართლმსაჯულების ზემოქმედებაში. რას საუბრობთ, ვის ეჭიმებით და ვისთან ყეყეჩობთ, სამადაშვილთან? თუ გინდათ, რეალურ კითხვებს პასუხი გასცეთ, რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ. პანკისი ბატონმა ვახტანგმა თქვა, რომ იყო შეცდომა, კიდევ აპირებთ ასეთი შეცდომების დაშვებას, რომ რეალურად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის სტაბილურობა?", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.