ია აბულაშვილი
08.09.2019

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თანამდებობა დატოვა და იგი მუშაობას რუსეთის ფედერაციის საბჭოში გააგრძელებს. მის შემცვლელად კი უკვე სახელდება რამლენიმე კანდიდატი, მათ შორის ივან ვოლინკინი, რომელიც ამჟამად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკოსნულო დეპარტამენტის დირექტორია, 2005-2008 წლებში კი თბილისში არსებულ რუსეთის საელჩოში მრჩეველ-დესპანად მუშაობდა. ვინ შეცვლის გრიგორი კარასინს „აბაშიძე-კარასინის ფორმატში“ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისთვის უცნობია. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღია.

„უკვე დადასტურებულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა თანამდებობა დატოვა და იგი სხვა პოზიციაზე გადადის სამუშაოდ. ვინ შეცვლის მას ამ ფორმატში, ჯერ-ჯერობით უცნობია. თუ არა ვცდები, მხოლოდ ორი გვარი გაჟღერდა მედიაში. საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიუღია, ამიტომ გამიჭირდება რაიმეს თქმა. 

„როდის და ვისთან გაიმართება მორიგი შეხვედრა პრაღაში, ჯერ უცნობია. ვფიქრობ, რომ სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში გაირკვევა.

„რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს შორის 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას საბაჟო ადმინისტრირების შესახებ, პროცესი წინ მიდის, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, მიდის დეტალების დაზუსტება. თუმცა, იმდენად ბევრი საკითხია განსახილველი, რომ ალბათ პროცესი ხანგრძლივი იქნება.

„როდის გაიმართება მორიგი სამუშაო შეხვედრა შევიცარიაში, თარიღი არ ვიცი. სავარაუდოდ, ეს საკითხიც სექტემბერ-ოქტომბერში გაირკვევა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ზურაბ აბაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×