თამთა ჩაჩანიძე
08.09.2019

 „უაღრესაც დესტრუქციული არჩევნები იქნება და თუ არ გაჩნდა რაღაც მესამე ძალა, ამ დესტრუქციამ გარკვეულწილად შესაძლოა მიგვიყვანოს სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი", - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს „რეზონანსთან" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

„რეზონანსი": თქენი აზრით, რითი იქნება განსხვავებული გიორგი გახარია პრემიერის რანგში თავისი წინამორბედებისაგან?

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ქვეყანაში ვითარება კარდინალურად შეიცვლება პოლიტიკური, სოციალური ან ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს ასე არ არის. ჩემი აზრით, გახარიას პრემიერ-მინისტრობა ამ ეტაპზე განპირობებულია ხისტი პოლიტიკის გატარების სურვილით. „ქართული ოცნება" ცდილობს ასეთი პოლიტიკოსები წინა პლანზე გადმოსწიოს და ეს უბრალოდ განაცხადია საზოგადოებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება მკაცრი პოლიტიკის ქვეშ.

პროგრამაში, რაც ახალმა მინისტრთა კაბინეტმა წარმოადგინა, იქ არაფერი სიახლე არ ყოფილა, ეს ძველი პროგრამაა. ცვილებები სახელისუფლებო სტრუქტურაში არის სწორედ იმის განაცხადი, რომ ამ ქვეყანას მართავს „მტკიცე ხელი".

„რ": მთავრობის დამტკიცების პროცესი ემოციური განცხადებებისა და მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ხმაურიანი ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა...

ვ.ძ.: „ ნაციონალური მოძრაობაც" და „ქართული ოცნებაც" თამაშობენ ძველ თამაშს, ცდილობენ ერთმანეთს რადიკალურად დაუპირისპირდნენ და პოლიტიკური ველი მთლიანად ამ ორმა ძალამ შეავსოს. ორივე მიდის დესტრუქციისკენ. ეს მიმართულია იქითკენ, რომ რაღაც ახალი ძალა არ გაჩნდეს. დღემდე „ქართული ოცნება" მთავარ არგუმენტად იყენებს იმას რომ „თუ ჩვენ არ დაგვიჭერთ მხარს, გავა „ნაცმოძრაობა".

„ნაციონალურმა მოძრაობამ" კი ვერ გააცნობიერა, რომ სწორედ ეს არის მისი ყველაზე სუსტი წერტილი და იგივე აგრესიით პასუხობს „ქართულ ოცნებას". აქედან გამომდინარე, ეს პროცესი გაგრძელდება, თუ საშუალება მიეცემა უფრო მეტი რადიკალიზაციისკენ წავა და ამომრჩევლის უფრო მეტად პოლარიზება დაიწყება. მათ სწორედ ეს უნდათ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობას" უნდა, რომ 3%-იანი ბარიერი იყოს და ბლოკები დაუშვან იმიტომ, რომ თავად არ უნდათ, რომ ბიულეტენში ფიგურირებდნენ და ფიგურირებდეს გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც უფრო მოცულობითია ამომრჩევლისთვის. თუ 3%-იანი ბარიერი იქნება, დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი გაიწმინდება. ამიტომ მათ ურჩევნიათ იყოს პროპორციული და ამ პროცენტებით.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას" თუ პროპორციულზე წავა, პირიქით, უნდა, რომ ბარიერი არ არსებობდეს, იყოს წვრილი პარტიები, რომ მოახდინონ ხმების კონსოლიდაცია.

„რ": გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას" მიმართა და დაემუქრა „მე თქვენ დაგამთავრებთო". როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?

ვ.ძ.: ქართული პოლიტიკური სპექტრი გადავიდა საარჩევნო კამპანიაზე და ეს განცხადებაც დიდი დოზით შეიცავს საარჩევნო პიარს. ანალოგიურს აკეთებს „ნაციონალური მოძრაობაც", იგივე სააკაშვილიც, იგივე სხვებიც. უაღრესაც დესტრუქციული არჩევნები იქნება და თუ არ გაჩნდა რაღაც მესამე ძალა, ამ დესტრუქციამ შესაძლოა მიგვიყვანოს გარკვეულწილად სამოქალაქო დაპირისპირებამდეც კი.

ამიტომ, გახარიას განცხადება სხვა შინაარსის მატარებელი არ არის, ეს საარჩევნო პიარისთვის გაკეთებული განცხადებაა.

„რ": სოფელ ჩორჩანასთან ბლოკპოსტების აშენებას როგორ შეაფასებთ?

ვ.ძ.: ჩორჩანასთან ეს ბლოკპოსტები ზოგადი კონტექსტიდან ამოვარდნილია, რაც მაშფოთებს კიდეც იმიტომ, რომ, რამდენადაც ვიცი, ეს ადმინისტრეციული საზღვარი ჩორჩანადან არ იწყება, იქ მთავრდება. ბორდერიზაციის პროცესი ახლა არ დაწყებულა. თუ აქამდე „ქართულ ოცნებას" არ ჰქონდა არანაირი სურვილი ეს ბლოკპოსტები გაეკეთებინა, რამ გამოიწვია მაინცდამაინც ჩორჩანასთან ამის გაკეთება და მაინცდამაინც ახლა? ეს არის კითხვა, რომელზედაც ხელისუფლება პასუხს არ იძლევა.

მე ბლოკპოსტების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ, როდესაც მთელი ეს წლები პირიქით იყო საუბარი, რომ ბლოკპოსტები არ უნდა აშენებულიყო, რომ ეს ხიფათის შემცველია და შესაძლოა პროვოცირება მოხდესო და უცებ ჩნდება ბლოკპოსტი, რა ხდება?

რაღაცნაირად გააქტიურდა წლების წინ დაწყებული მოუგვარებელი პრობლემა დავით გარეჯთან დაკავშირებით; პანკისის ხეობაში რაღაც პროცესები მიდის; გავრილოვის ჩამოსვლას აჟიოტაჟი მოჰყვა - ძალიან ბევრი რაღაცა ხდება საქართველოში ისეთი, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს და ამაზე პასუხი არ არის.

„რ":ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთის დუმას მიმართა დახმარებითვის. ამ მიმართვაზე რას იტყვით?

ვ.ძ.: ჩემი აზრით, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ რაღაცა ახალი თემის აგორებასთან გვექნება საქმე რუსებსა და ცხინვალს შორის, რომელიც პირდაპირ მიმართული იქნება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. რა თემა იქნება და რატომ ხდება ამ ყველაფრის კულტივირება, ეს ძალიან საინტერესოა.

იმ დროს, როდესაც ტეროტორიაზე სიტუაცია შედარებით დაწყნადრა და ჩნდება რაღაც მიმართვა, ეს შესაძლოა გამოყენებული იქნას ახალი თემის ასაგორებლად და ახალი კითხვების წამოყენებისთვის და ჩვენთან პასუხების მოსათხოვად. ჩვენი ხელისუფლება ამ დროს უნდა იყოს ზომიერი, მშვიდი და პრინციპული, სხვა გამოსავალი აქ არ არის.

„რ": ერთწლიანი პაუზის შემდეგ, აშშ საქართველოში ელჩს ნიშნავს. თქვენი აზრით, რატომ არ ჰყავდა ამ ხნის განმავლობაში აშშ-ს ელჩი საქართველოში და ახალი ელჩის დანიშვნის შემდგომ როგორ გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა? თავად ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამხელა პაუზა იმან გამოიწვია, რომ საქართველოში ელჩობის კანდიდატი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან ახლო კონტაქტების გამო, თავად საქართველოს ხელისუფლებისათვის აღმოჩნდა მიუღებელი და თეთრი სახლი ახალ კანდიდატს არჩევდა.

ვ.ძ.: ვერ გეტყვით რატომ განაცხადა ქართველმა მხარემ ამერიკის მიერ წარდგენილ ელჩზე უარი და მართლა იყო თუ არა ეს სააკაშვილის მხარდამჭერი. არ მგონია, რომ აშშ-ის ელჩი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი იყოს და არა ამერიკის პოლიტიკის გამტარებელი. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ დღემდე ელჩი არ გვყავდა, ახლა დაინიშნა ელჩი, რომელიც მისი ბიოგრაფიით მგონია, რომ უფრო წამოსულია ნატოს ეგით, ვიდრე პოლიტიკური თვალსაზრისით.

არ ვთვლი, რომ კარდინალური ცვლილებები იქნება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. აშშ-ის მხრიდან არ იქნება რაღაც ახალი პრეტენზიები ან მოთხოვნები. ის გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რაც აქამდე იყო, მხარდაჭერით და შეეცდება გეოსტრატეგიული მიმართულებით უფრო მეტი პარტნიორობა იყოს, რაც ანაკლიის პორტსაც უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×