საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოფო კილაძე ახალი ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, აფთიაქებში მედიკამენტების ფასები ძალიან მაღალია, საჭიროა ფასებზე რეგულაცია და ამ რეგულირებაში სახელმწიფოს ჩართულობა.
„სიმართლე გითხრათ, არცერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასები არის ძალიან მაღალი, რაც აისახება თითოეული მოქალაქის ჯიბეზე. მე მგონია, რომ ფასების რეგულირებისთვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ჩვენ რას ვგეგმავთ იმისთვის, რომ წამლის ფასები შემცირდეს?" - ამბობს კილაძე.
დეპუტატი, ბიზნესმენი, კომპანია „პეესპე ჯგუფის" დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ მსგავსი ჯანდაცვის ინიციატივით უნდა გამოვიდეს ის, ვინც საკითხთან მიმართებაში კომპეტენტურია.
„სოფო კილაძემ რა იცის ჯანდაცვის?.. ინიციატივით უნდა გამოვიდეს ის, ვისაც ეს საკითხი ესმის. მესმის, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ან ჯანდაცვის კომიტეტი გამოვიდეს, მაშინ მეცოდნებოდა რა ინიციატივით გამოდიან.
„სოფოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იურისტი რომ გამოდის, მან მიხედოს თავის საქმეს, რაშიც კომპეტენტურია. მაგ ამბავში კომპეტენტური არ მგონია იყოს.
„რა თქმა უნდა, მედიკამენტები ჩვენი მოსახლეობისთვის ძვირია. იმიტომაა ძვირი, რომ ჩვენს მოსახლეობას შემოსავალი არ აქვს და ღარიბი ქვეყანა ვართ. ევროპაში მედიკამენტები სამჯერ ძვირი ღირს, მაგრამ მათთვის ხელმისაწვდომია", - აცხადებს ოქრიაშვილი.