(რეზონანსი) აქცია "სირცხვილიას" ერთ-ერთი ორგანიზატორი ზუკა ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრ ემზარ კვიციანს საკადრისს პასუხს გასცემენ.
"გვაქვს ყველაფერი იმის უფლება, რასაც ვაკეთებს, განსხვავებით იმ დეგენერატისგან, რომელიც მოტრიალდა და ამათ რატო არ იჭერთო. იმას გონია, რომ შუა საუკუნეებში ვცხოვრობთ. შეუძლია ხელი მირტყას და მერე რაღაცა შელაპარაკება მოგვივიდა - პარლამენტის დეპუტატია და მე აქტივისტი ვარ. რა საშუალებაც იქნება ოპტიმალური, აუცილებლად ემზარ კვიციანს ჩავდებთ მიწაში. სამოქმედო გეგმა არ გვაქვს ჯერ, გავივლით კონსულტაციებს და საკადრისს პასუხს გავცემთ პოლიციის ნაცვლად. დაპირისპირება მოყვა სტვენასა და სკანდირებას. რამდენჯერმე გაგვისწორდა ფიზიკურად, რატომ ვერ დამიცვა პოლიციამ?", - განაცხადა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დღეს დილით პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება დეპუტატ ემზარ კვიციანსა და აქცია „სირცხვილიას" მონაწილეებს შორის პარლამენტის შენობის წინ მას შემდეგ მოხდა, რაც კვიციანი აქციის მონაწილეებთან მივიდა.
მომიტინგეებმა მას „რუსეთის მონა" და მოღალატე ეძახეს. მათ შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.
მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.