მმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის ცნობით, იუსტიციის საბჭოს მიერ პარლამენტში გადაგზავნილი მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი 20-კაციანი სია ახალი სკანდალის მიზეზი გახდება. მისი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრს გადაწყვეტილი აქვს ამ სიისადმი პროტესტის ნიშნად დატოვოს მმართველი პარტიის რიგები.
„ქართული ოცნების" დეპუტატების უმრავლესობა, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, თავად პარტიისთვის აღარ იქნება საჭირო და, აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია, რომ „ოცნების" დეპუტატებს პოლიტიკური მომავალი აქვთ.
„ის, რომ „ქართული ოცნება" დაპირებებს არ ასრულებს და ამომრჩეველს ატყუებს, ნიშნავს, რომ მას საკუთარი ინტერესების გარდა არაფერი ადარდებს და მისთვის მოსახლეობის მოთხოვნები მნიშვნელოვანი არ არის. ამიტომ იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარი ხალხის წინაშე ვერ გრძნობენ, არ მგონია, უღირსი მოსამართლეების დანიშვნა მათთვის მნიშვნელოვანი იყოს," - აცხადებს დავით ჭიჭინაძე „რეზონანასთან" საუბრისას.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებს, „ქართული ოცნების" დეპუტატების გარკვეული ნაწილი ხმას არ მისცემს, ამის შემდეგ კი მათი პარტიაში დარჩენა მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
„რამდენიმე ადამიანმა შესაძლოა ხმის მიცემას თავი აარიდოს, პარლამენტში არ მივიდეს, რაიმე მოიმიზეზოს, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ ის სული, რომელიც პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს, მმართველ გუნდში არავის გააჩნია", - ამბობს დავით ჭიჭინაძე.
დავით ჭიჭინაძის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოასამართლეობის კანდიდატთა სიის გაცნობის შემდეგ პარტიის დატოვებას აპირებენ, სურთ, რომ ეს მოულოდნელი ნაბიჯი იყოს და ამაზე წინასწარ საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მათზე ზეწოლის მოხდენას შეუწყობს ხელს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის ვინაობა.